LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაერში დაკიდებული რკინიგზის მუშები – რა პირობებში მუშაობენ მემონტაჟეები [ვიდეო]

რკინიგზელთა პროფესიული კავშირი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს რომ მუშები, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობენ.

კადრებშიც კარგად ჩანს, მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ, სიცოცხლისთვის რამდენად უსაფრთხო გარემოში უწევთ ლიანდაგის ამწყობ-მემონტაჟეებს მუშაობა.

პროფკავშირის ცნობით, რკინიგზაში იმფრასტრუქტურას ვასილ ხორავა ხელმძღვანელობს. მისი გადადგომის მოთხოვნით, რკინიგზელები 18 დღე უშედეგოდ შიმშილობდნენ.

 

ამ ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, რკინიგზის ადმინისტრაციამ საშუალო რგოლის მენეჯერების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

,,პროფესიული და სამსახურებრივი პასუხისმგებლობის გრძნობის გათვალისწინებით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს ხელოვნურ ნაგებობათა ცენტრის უფროსმა, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა აღნიშნულ სამუშაოებს.

ამასთან, რკინიგზაზე მოქმედი შრომის შინაგანაწესის შესაბამისად გაფრთხილება გამოეცხადათ აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს უფროსს, მის მოადგილეს ხელოვნურ ნაგებობათა დარგში და ამავე სამმართველოს მთავარ ინჟინერს.” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

“ყველამ კარგად ვიცით, რა ელის ბრიგადირს, რომელიც მუშისთვის ხელთათმანს მოითხოვს!”

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ამბობს, რომ ეს გამოხმაურება არაადეკვატურია.

მათი განცხადებით, ტოპ მენეჯმენტი ცდილობს, ჯოხი გადატეხოს ადამიანებზე, ვისი ბრალეულობაც  მხოლოდ ის გახლავთ, რომ უსიტყვოდ და მონური მორჩილებით ასრულებენ ბრძანებებს. უწევთ გარისკონ არა მარტო საკუთარი, არამედ თავიანთი კოლეგების სიცოცხლე.

“გავრცელებული ვიდეოკადრების შემდგომ, უკვე საზოგადოებისთვისაც გახდა თვალსაჩინო, საქართველოს რკინიგზაში არსებული ის მძიმე რეალობა, რაზედაც რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი წლებია ამახვილებს ყურადღებას.

რკინიგზაზე დასაქმებულ ადამიანებს, მინიმალური სახელფასო ანაზღაურების სანაცვლოდ, ხშირად უწევთ ისეთი მძიმე სამუშაოს შესრულება, რომელიც საფრთხის ქვეშ აგდებს მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირისთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოს რკინიგზას ფიზიკურად არ გააჩნია უსაფრთხოების ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები, რომელიც აუცილებელია მსგავსი ტიპის სამუშაოების შესასრულებლად. მეტიც, ამ აღჭურვილობის შეძენისთვის რკინიგზის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, სწორედ ქვედა რგოლის ხელმძღვანელებისა და პროფესიონალი რკინიგზელების დამსახურებით, რიგითი ზეინკლების, ლიანდაგის მონტიორებისა და სავაგონო მეურნეობის მუშათა თანამონაწილეობით ხდებოდა, ისედაც მიზერული ხელფასიდან, ერთობლივი ძალისხმევით სამუშაო იარაღების, სპეც ხელთათმანების თუ სხვა დამცავი საშუალებების შეძენა.

მივმართავთ დასაქმებულებს და მათ უშუალო ხელმძღვანელებს:

ნუ გახდებით მსხვერპლნი მანკიერი გარიგებების, ჩვენც რკინიგზელები ვართ და წლების წინ, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სწორედ იმ მიზნით ჩამოვაყალიბეთ ყველამ ერთხმად, რომ რკინიგზელებს ღირსება აღვედგინა. ღირსება, რომელიც ყოველთვის გვქონდა და ყოველთვის იმაზე მეტად გვიღირდა, ვიდრე ჯამაგირი!

ჩვენ, რკინიგზელებმა, ყველამ კარგად ვიცით, რა ელის სამმართველოს უფროსს თუ უშუალო ბრიგადირს, რომელიც დირექტორთა საბჭოს, მუშისთვის ხელთათმანს მოსთხოვს!“, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი, შესაბამისი უწყებებისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს! 

***

  • საქართველოს რკინიგზა” სახელმწიფოს 100%_ი წილის მქონე კომპანიაა, სადაც 13 000 ადამიანია დასაქმებული;
  • 2017 წლის შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, კომპანია ხშირ შემთხვევაში უხეშად არღვევს შრომითი უსაფრთხოების სტანდარტებს;
  • 2016-17 წლებში გარდაიცვალა 9 და მძიმედ დაშავდა 10_ზე მეტი რკინიგზელი;
  • რკინიგზაში იმფრასტრუქტურას ვასილ ხორავა ხელმძღვანელობს,
    მისი გადადგომის მოთხოვნით კი, რკინიგზელები 18 დღე უშედეგოდ შიმშილობდნენ! 

პოპულალურები