LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hiking მარტივად: რჩევები თუ როგორ და სად წავიდეთ ლაშქრობაში

953
ბუნება ღვთაებრივი ჰარმონიის გამოვლინებაა, ადამიანი კი – ამ ჰარმონიის ნაწილი და როგორც არ უნდა იყოს მისი საამწუთიერო ინტერესები, იგი საბოლოოდ განწირული იქნება, თუ ბუნების გრძნეულ ენას არ მიუგდებს ყურს, მის უხილავ სულიერებას არ ირწმენს და მის ტკივილს არ გაიზიარებს.

 

ვაჟა-ფშაველა

 

ჩემი პირველი გალაშქრება ალბათ დამღლელი რუტინისგან თავდასაღწევად დაიწყო და შემდგომ გადაიზარდა საშუალებაში, რომელიც გაურბოდა ბეტონის ჯუნგლებს, პლასტიკატებს, დაბინძურებულ ჰაერსა და პრობლემებს. შეიძლება კომფორტის ზონაც ვიპოვე, რომელიც უბრალო კომუნიკაციით, ბუნებასთან შერწყმითა და მენტალური სიჯანსაღით შემოიფარგლება, ყოველი წასვლისას სიცოცხლის უნარს რომ მმატებს. თითქოს ცივილიზაციის ერთ მხარეს სოციუმი დგას, მეორე მხარეს ბუნება და მე ვხდები ჯაჭვი, რომელიც აერთიანებს მათ.

ყველაფერი დაიწყო არაფრობისგან. უბრალოდ ჩავალაგე ჩანთა და წავედი აბასთუმანში მეგობრებთან ერთად. თუმცა სულაც არ ყოფილა ისეთი მარტივი, როგორიც მეგონა. სამოცს + 10 ლიტრიანი ჩანთის ნაცვლაც ჩემი პატარა ზურგჩანთა წავიღე, შიგნით ისეთი ნივთები ჩავყარე, საერთოდ არაფერში რომ არ გამომადგა და უაზროდ მამძიმებდა. მივიღე საოცრად დიდი გამოცდილება და ასევე პირველი საოცარი პანორამული ხედი, მარტო სურათებში რომ მქონდა ნანახი.

 

ავტოსტოპი

ერთადერთი შეიძლება ითქვას, რომ ავტოსტოპზე გამიმართლა, ზედმეტად მარტივად ვიმგზავრე და გზაშიც საოცარი ხალხი გავიცანი. შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც სტერეოტიპებს არღვევს, მოგზაურობს მცირე ბიუჯეტით და ითვისებს სრულიად უცხო გარემოს. ავტოსტოპის პირველი და ალბათ მთავარი ფუნქცია ის არის, რომ შენი მცირე ბიუჯეტი კიდევ უფრო დაზოგო და ისე მიაღწიო დანიშნულების წერტილამდე. თუმცა ეს არასდროს არ ყოფილა პრიორიტეტული. ავტოსტოპი ჩემთვის არის საშუალება, რომელიც უცხო ხალხთან მაახლოვებს, მაყვარებს საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია ხელი გაუმართოს გზაზე მდგარ სრულიად უცხო  ჩანთამოკიდებულ ადამიანს. თუმცა ავტოსტოპს თავისი მექანიზმი აქვს, დროის დაზოგვის პრინციპი, მაგალითად, არასდროს არ უნდა ჩამოხვიდე ქალაქში, როცა გზა გასაგრძელებელი გაქვს, ქალაქის შესასვლელიდან ან გასასვლელიდან ბევრად მარტივია წასვლა. ასევე უნდა გქონდეს მგზავრობის მიახლოებითი მარშრუტი, უფრო კომფორტულიცაა და მარტივიც. მცირე ბიუჯეტით მგზავრობის შედეგია ისიც, რომ ადგილობრივებთან ბევრად უფრო დიდ კომუნიკაციას ამყარებ, იცნობ მათ კულტურასა და ტრადიციებს, ეცნობი მათ ყოველდღიურობას და რამდენიმე დღით მისი ნაწილი ხდები.

 

 

როგორ მოვემზადოთ ლაშქრობისთვის

 

აუცილებელია:

1. ჩანთა, რომელიც აუცილებლად ზურგზე კარგად მორგებულია;
2. ფეხსაცმელი, სასურველია წყალგაუმტარი და სქელძირიანი. ასევე სასურველია სათადარიგო ფეხსაცმლის წაღებაც, რადგან შეიძლება ფეხი დაგისველდეთ და გამოსაცვლელი გაგიხდეთ;
3. კარავი, სასურველია ორტენტიანი, წყალგაუმტარი, გამძლე;
4. საწვიმარი;
5. პირადი ჰიგიენის ნივთები;
6. პირადი აფთიაქი;
7. პარალონი;
8. საძილე ტომარა;
9. ფანარი;
10. დანა;
11. საჭირო ტანსაცმელი და რამდენიმე წყვილი წინდა.

 

პირადი აფთიაქი:

1. სტერილური ბინტი;
2. ბამბა;
3. ანტიბიოტიკი;
4. ლეიკოპლასტი;
5. სველი და მშრალი ხელსახოცი;
6. სპირტი.

 

კვება:

          აუცილებელია მაღალკალორიული საკვები, რადგან ლაშქრობაში ენერგია სწრაფად იხარჯება. პური, ტკბილეულობა, მიწის თხილი, ქიშმიში აუცილებლად წასაღები ატრიბუტებია. არასდროს არ უნდა წაიღო საჭმელი იმ ადგილიდან, საიდანაც მიდიხარ, რადგან არაკომფორტული და მოუხერხებელია.

 

 

აღჭურვილობა აუცილებლად უნდა იყოს მსუბუქი და კომპაქტური, რადგან ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ განსაზღვრულ კილომეტრზე მინიმუმ 5 კილომეტრით მეტი, რადგან არასდროს არ იცი რა შეიძლება მოხდეს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სადაც გეგმავთ წასვლას ახლომახლო იპოვოთ პატარა კოტეჯი, საოჯახო სასტუმრო ან ჰოსტელი, გაუსაძლის პირობებში გარეთ რომ არ მოგიწიოთ ღამის გათენება.

 

რამდენიმე რჩევა თუ სად შეიძლება წავიდეთ ლაშქრობაში

 

გურია, გომის მთა


თუ ოდესმე ვინმემ გითხრათ, რომ შეუძლებელია ღრუბლების ზევიდან ყურება არ დაუჯეროთ, რადგან გომის მთა ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საქართველოში. საკმაოდ მარტივად მისასვლელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან, სოფელი შემოქმედიდან 33 კილომეტრში. შემოქმედამდე საკმაოდ ნორმალური გზაა, თუმცა ერთადერთი, რაც გაგიჭირდებათ ის 33 კილომეტრია, რომელიც საკმაოდ ცუდი გზაა, თუმცა ტრანსპორტის ნაკლებობას არ უჩივის. შუა გზაში აუცილებლად დაინახავთ ქვებისგან აშენებულ პატარა ნახებობებს, აუცილებლად გაჩერდით წამოსვლისას და თქვენც შეამატეთ ასეთივე პატარა შენობა, რადგან გავრცელებული ხმების თანახმად, თუ თქვენ ასეთივე ნაგებობას დატოვებთ ამ ადგილას აუცილებლად დაბრუნდებით. ზაფხულში აქ საკმაოდ ბევრი ხალხია, ზამთარში კი ზედა სოფლებიდან ჩამოდის ხალხი დიდთოვლობის გამო.

 

მაღაზიას შეგიძლიათ მიაგნოთ თვითონ სოფელ გომის მთაზეც, თუმცა არც ფართო არჩევანს ელოდოთ და არც პურს. ერთადერთი თონეს, რომელსაც დასაწყისშივე შეხვდებით, არ მგონია მეორედ გადაეყაროთ.

არ ელოდოთ ტურისტებისთვის განკუთვნილ კოტეჯებს, ჰოსტელებს, საოჯახო სასტუმროებს. თუმცა აუცილებლად გადაეყრებით მიტოვებულ კოტეჯებს, სადაც გაუსაძლის პირობებში შეგიძლიათ თავი შეაფაროთ.


გომის მთიდან შეგიძლიათ ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარე ჭინჭაოს ტბაც მოინახულოთ, რომელიც სულ რაღაც 7 კილომეტრშია სოფლიდან. თუმცა არ ენდოთ ადგილობრივებს და არ გადაუხვიოთ მარშრუტს. მიჰყევით მხოლოდ გზას, რადგან სხვა შემთხვევაში ცხოველური ინსტიქტების ჩართვა მოგიწევთ და მთებზე ცოცვა. რაც შეეხება მობილურ კავშირს დასაწყისში იჭერს, ტბისკენ კი საერთოდ აღარ იჭერს. ღამე, კარგ ამინდში, საოცრად განათებული და ვარსკვლავებით მოჭედილია, ესეც ერთ-ერთი მიზეზი გომის მთის მოსანახულებლად.

 

ხევსურეთი, აბუდელაურის ტბები

მყინვარული წარმოშობის ეს ტბები აღმოსავლეთ საქართველოში დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2812 მეტრზე მდებარეობს. ზამთარში მათი დონე მკვეთრად იკლებს ამიტომაც, მათი მონახულება გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში ყველაზე კარგია. ტბებამდე ორი გზით შეგიძლიათ მიხვიდეთ, სოფელ ჯუთადან ან სოფელ როშკადან. თუმცა ჯუთადან გზა არც ისეთი მარტივია, მით უმეტეს, რომ სოფელ სნოდან ჯუთამდე რთულია ავტოსტოპი, ტბებამდე მიმავალი ჭაუხები კი ფეხით სიარულს კიდევ უფრო ართულებს. ამიტომაც როშკა მშვენიერი არჩევანია თუ დამწყები ხართ და გიჭირთ სიარული. ავტოსტოპით კორშამდე საკმაოდ ადვილია მიღწევა, როშკამდე შეიძლება ცოტა ლოდინი მოგიწიოთ, თუმცა თუ სიარული გიყვართ როშკამდე სულ რაღაც 8 კილომეტრია და შეგიძლიათ ფეხით აიაროთ. როშკის დასაწყისში კი შეგხვდებათ ბილიკი, რომელიც პირდაპირ ტბებთან მიგიყვანთ. პირველი ტბა, მწვანე ტბა ბილიკიდან სულ რაღაც 7 კილომეტრშია, მარშრუტი კი საკმაოდ იოლი. აქვეა ლურჯი ტბა, სადაც შეგიძლიათ მარტივად გადახვიდეთ.

მესამე, თეთრი ტბა კი ლურჯი ტბიდან მიახლოებით 2 კილომეტრშია, თუმცა მარტივი სულაც არაა, რადგან გზა ქვებზე გადის, რაც სწრაფად სიარულს ართულებს, თუმცა სანახავად ნამდვილად ღირს.


მინიმალური ბიუჯეტით შესაძლებელია მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ამავდროულად ოცნების ახდენაც საერთოდ არ არის რთული. დამერწმუნეთ, სუფთა ჰაერი და ადგილობრივი ბუნების ხედები სრულიად შეგიცვლით ამ სამყაროზე წარმოდგენას.

 

ნინი შავლაყაძე
ფოტო: მიხეილ გოგიჩაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები