LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიასთან ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ვთანამშრომლობთ

28

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე იაპონიის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, სადაც საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას თანამშრომლობისა და ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროგრამების მხარდაჭერისთვის, მათ შორისაა, ინფრასტრუქტურა, არასაპროექტო გრანტებისა და შეღავათიანი ფინანსური რესურსების მეშვეობით ეკონომიკის ისეთი სექტორების დაფინანსება როგორიცაა: ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა.

როგორც აღინიშნა, მხარეები ასევე თანამშრომლობენ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის მიმართულებით.

იაპონიის მთავრობის დახმარების პროგრამის Official Development Assistance (ODA) ფარგლებში, საქართველოში განხორციელდა მრავალი საგრანტო დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავდა ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების რეაბილიტაციასა და განვითარებას.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ოფისის გახსნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა ორ სახელწმიფოს შორის წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია.  „იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი ოფისი ხელს შეუწყობს მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებას და გაზრდის თანამშრომლობის პერსპექტივას,“ – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ინფრასტრუქტურის სექტორში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს.  ამ დროისთვის, JICA ახორციელებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს, საუბარია აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის, ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის გზის რეაბილიტაციაზე. მიმდინარეობს, ასევე, მუშაობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის (შორაპანი-არვეთა) დაფინანსების საკითხებზე. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული პროექტისთვის გამოყენებული იქნება იაპონური ტექნოლოგიები.

შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში კვლავ დინამიურად განვითარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები