LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელთან სავაჭრო ბრუნვა 31 პროცენტით გაიზარდა

43

ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ორმხრივი კავშირების განვითარების ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები ნათელი მაგალითია ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების დიდი ინტერესისა, რომლებიც საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებობს. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს “მაშავის” საქმიანობა საქართველოში. მისი ძირითადი მიმართულებაა ისრაელის თანამედროვე გამოცდილებისა და ტექნოლოგიების გაზიარება ისეთ დარგებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, მაღალი ტექნოლოგიები და სხვა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა სახელმწიფოებთან. დიმიტრი ქუმსიშვილმა ისრაელის მხარის წარმომადგენლებს გააცნო მოგების განაწილების რეფორმა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს და კერძო სექტორს განვითარების და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროგრესი, რომელიც საქართველოში მიმდინარე რეფორმებმა მოიტანა, აისახა საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში. მათ შორის, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ავტორიტეტულ რეიტინგში, სადაც საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-9 პოზიციაზეა.

ორმხრივ სავაჭრო სტატისტიკაზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ პროგრესი სახეზეა, თუმცა პოტენციალი მნიშვნელოვანია. კერძოდ, 2017 წელს სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის, წინა წელთან შედარებით, 31 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის, ექსპორტი – 28 პროცენტით. საქართველოს ისრაელში, ძირითადად, გააქვს ხილ-ბოსტნეულის წვენები, ლუდი, ღვინო და მინარალური წყლები და თხილი და კაკალი.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ ისრაელი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები განახორციელა. ამჟამად ამ ქვეყნის 271 კომპანია მოქმედებს, რომელთა ჯამური ინვესტიციაც 124 მლნ აშშ დოლარია.

„ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საზღვაო ტრანსპორტი, ლოგისტიკა, მაღალი ტექნოლოგიები, მათ შორის, სტარტაპების მხარდაჭერა, ტურიზმი და სხვა. ოფიციალური სტატისტიკით, ისრაელი მე-7 ადგილს იკავებს საქართველოში ჩასული ვიზიტორების რაოდენობით. 2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 26 პროცენტი შეადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები