LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯიაში ქართულ ბიოწვენს ელოდებიან

126

ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია BPC ექსპორტზე გასასვლელად ემზადება. BPC-ის პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდება. საწყის ეტაპზე აშშ-ში ასკილის ბიოწვენი ერთი კონტეინერით გაიგზავნება, შემდეგ კი საექსპორტო ბოთლების რაოდენობა გაიზრდება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა, ნინო აბაშიძემ განუცხადა, BPC-იმ ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები და ამ ბაზრის შესწავლა დიდი ხნის წინ დაიწყო. ”ჩვენი წვენების პირველი პარტია აპრილის თვეში გაიგზავნება, ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში, სადაც მათი რეალიზაცია განხორციელდება”, – განმარტა აბაშიძემ. რაც შეეხება, პროდუქციის სახელწოდებას, კომპანიამ შექმნა ახალი ბრენდი ”ნადი” და სწორედ ამ სახელით შევა ასკილის წვენი ამერიკის ბაზარზე.

ამასთან, როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, დაინტერესება სხვა ქვეყნების მხრიდანაც არსებობს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ინგლისთან მიმდინარეობს. ”აშშ ჩვენი კომპანიისთვის პირველი საექსპორტო ქვეყანა არ არის. წლების წინ, როცა კომპანია ახალი დაარსებული იყო, იაპონიაში გვქონდა რამდენიმე გასვლა, თუმცა მაშინ წვენს ჯერ კიდევ პლასტმასის ბოთლებში ვასხამდით. დღეს ჰონგკონგში გვყავს პარტნიორი, სხვათაშორის, ისიც ქართველია და მართალია, სისტემატიურად არა, მაგრამ პერიოდულად მასაც გააქვს ჩვენი პროდუქცია საზღვარგარეთ. უახლოეს პერიოდში კი ჩვენს პროდუქციას ამერიკელი მომხმარებელიც დააგემოვნებს”, – განმარტა კომპანიის დირექტორმა.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, BPC-ის წვენების რეალიზება დიდ სავაჭრო ქსელებში, სრულიად საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

ცნობისთვის, შპს BPC 2010 წელს დაარსდა. საწარმო თბილისში მდებარეობს და მასში 10 ადამიანია დასაქმებული. BPC-ის ასკილის წვენი არის პირველი ქართული წვენი, რომელმაც 2015 წელს ბიო-ს სერთიფიკატი მოიპოვა. 2016 წელს კი კომპანიამ “თიბისი ბანკისა“ და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის ”ბიზნესდაჯილდოება 2016” -ის ფარგლებში ”წლის აგრობიზნესის” ნომინაციაში გაიმარჯვა.

ამ ეტაპზე BPC აწარმოებს ასკილის წვენის 3 სახეობას და ალუბლის წვენს. წვენები 300 მილილიტრიან და 1 ლიტრიან შეფუთვებში გამოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები