LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი ქართველი მოდელი, რომელიც მსოფლიო პოდიუმზე იკვალავს გზას

340

17 წლის ქართველი მოდელი ანა შელია გზას წარმატებით იკვალავს მსოფლიო პოდიუმზე. ახლახან მან თეთრეულის ცნობილი ბრენდის „ეტამის“ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა ტოპმოდელებთან ერთად. ამ ჩვენებაზე გადაღებულ მის ფოტოებს ქართულ სოცქსელში რამდენიმე დღის განმავლობაში სიამაყით აზიარებდნენ.

ანა ამჟამად თბილისშია. ის საკუთარი კარიერის შესახებ ფიქრობს, თუმცა სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას პიარის სფეროში აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ მოდელობა დროებითი საქმიანობაა.

ანა შეყვარებულია. მისი რჩეული მორაგბე ლაშა ლომიძეა. ისინი ერთმანეთს ძირითადად, უცხოეთში ხვდებიან.

ქართველ ლამაზმანს „ფორტუნა“ ინტერვიუსთვის შეხვდა.

ანა შელია:

ყველას ვახსოვარ ძალიან პატარა, 13 წლის. უკვე გავიზარდე, 17 წლის ვარ. უკვე არავის აქვს რეაქცია, ვაიმე, რა პატარააო, მაგრამ ისე, მაინც პატარა ვარ (იცინის). პირველად თბილისის მოდის კვირეულზე გამოვედი, ახალბედა დიზაინერების ჩვენებებში, 12 წლის ვიყავი. აქედან დაიწყო ყველაფერი.

dsc_3771აქტიურად ვმონაწილეობდი ქართველი ცნობილი დიზაინერების ჩვენებებში, 14 წლის კი პირველად გავემგზავრე საზღვაგარეთ, სტამბოლში. ამის მერე ერთ-ერთ პრესტიჟულ სააგენტო IMG-სთან ვითანამშრომლე, მილანში, გავაკეთე ზუჰაირ მურადის ლუქ-ბუქი, ალექსანდრე მაქქუინის პრეზენტაციაში მივიღე მონაწილეობა. ორი თვის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში, შემდეგ ისევ გავემგზავრე მილანში, ოღონდ სხვა სააგენტოსთან მოვაწერე ხელი კონტრაქტს. მაშინ პორტფოლიოზე მუშაობდნენ, კამერასთან მუშაობას მასწავლიდნენ…

მოდელი მსახიობიც უნდა იყოს და შეეძლოს ყველანაირი იმიჯის მორგება. ეს მასწავლეს მილანში ყოფნისას. შემდეგ გახლდით ლონდონსა და პარიზში. ლონდონში რამდენიმე გადაღებაში მივიღე მონაწილეობა, კარგად ვიმუშავე და პორტფოლიო დავხვეწე. პარიზის მოდის კვირეული რომ ახლოვდებოდა, იქ გახლდით, ჩემმა სააგენტომ, როგორც ახალბედა, შოუებში არ ჩამსვა.

„ეტამის“ ჩვენებაზე როგორ მოხვდი?

სააგენტოდან დამირეკეს, 4 საათზე „ეტამის“ ოფისში უნდა იყოო. იქ კასტინგი ტარდებოდა, მაგრამ მე დამიბარეს არა კასტინგზე, არამედ მაკიაჟისა და ვარცხნილობის შემოწმებაზე. სამი მოდელი ვიყავით, რომლებზეც ამოწმებდნენ, რამდენად კარგი იქნებოდა მაკიაჟი და ვარცხნილობა „ეტამის“ ჩვენებისთვის. თმასა და მაკიაჟს რომ მოვრჩით, კასტინგის დირექტორმა გვნახა. ამ ამბავმა რომ ჩაიარა, ის მოვიდა ჩემთან და მითხრა, მოზომებაზე დამელოდეო. როცა დავხედე იმ ტოპმოდელების სიას, რომლებიც „ეტამის“ ჩვენებისთვის შეარჩიეს, ვერ დავიჯერე, რომ მათთან ერთად უნდა გამოვსულიყავი. ღამის 12 საათამდე იქ ვიყავი, ჩემთან ერთად „ვიქტორიას სიკრეტის“ მოდელები იცვლიდნენ და თვალებს ვერ ვუჯერებდი. იმ დღეს გვიან წამოვედი და ჯერ კიდევ არ ვიცოდი, დამამტკიცეს თუ არა. დიდხანს ველოდე მათგან გამოხმაურებას, არაფერი რომ არ მომწერეს, გაბრაზებულ გულზე „მაკდონალდსში“ გავეშურე და კარგად ვჭამე (იცინის). მეორე დღეს ყველგან მომივიდა მესიჯი, იმეილი, რომ „ეტამის“ ჩვენებაზე დამამტკიცეს. პირველი რეაქცია ასეთი მქონდა, რატომ ვჭამე ამდენი-მეთქი (იცინის). ჩვენებაზე რომ მივედი, ისე ვნერვიულობდი, იმ დღეს ვერაფერი ვჭამე.

dsc_3717ჩვენებაზე ცნობილი მომღერლები გამოდიოდნენ, სასწაული ხდებოდა, მაგარ შოუებს დგამენ. ყველა მოდელს თავისი დამხმარე ჰყავდა, რეპეტიცია არ გაგვივლია, იქვე გვიხსნიდნენ ყველაფერს. იმდენი ხალხი დამესია, ოთხი ქალი მიკეთებდა ფრჩხილებს, თმაც და მაკიაჟიც რასაკვირველია, იქვე გამიკეთეს… მეკითხებოდნენ, მერამდენე ჩვენება იყო ჩემთვის. რომ ვპასუხობდი, დამწყები ვარ და 17 წლის-მეთქი, ძალიან უკვირდათ.

პოდიუმზე გასვლის წინაც ინერვიულე?

ძალიან… სხვათა შორის, გადაღებული ფოტოები დიდად არ მომეწონა. საცურაო კოსტიუმებში რომ გამოვდიოდით, ერთმა გოგონამ დააგვიანა და მეორე მხრიდან გავიარეთ, ამიტომაც არ გამოვიდა კარგი ფოტოები.

ახლა გაქვს რაიმე შეთავაზებები?

ჯერჯერობით ისევ პორტფოლიოს დახვეწაზე ვმუშაობ. რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა სააგენტო მყავს, ახლა ველოდები, როდის გავაფორმებ ნიუ იორკის სააგენტოსთან კონტრაქტს.

მოდელობა შენი ძირითადი პროფესია იქნება?

ახლა სკოლაში ვსწავლობ, მე-12 კლასში. ვაპირებ საფრანგეთში პიარის შესწავლას. მოდელობას თავისი ასაკი აქვს, მინდა, სხვა პროფესია მქონდეს. სკოლის დასრულების შემდეგ ერთ წელს ავიღებ, ვიმოგზაურებ, მოდელის პროფესიას დავხვეწ და შემდეგ ჩავაბარებ.

გავიგე, რომ მორაგბე ლაშა ლომიძეა შენი შეყვარებული…

მართალია (იღიმის), წელიწადია, რაც ერთად ვართ. ბავშვობიდან მოვწონვარ. წინა წელს ოქტომბერში მომწერა და იქიდან დაიწყო ურთიერთობა. თვითონ 24 წლისაა. მე არ ვარ რაგბის გულშემატკივარი და რაგბიზე პირველად წავედი, ლაშა რომ თამაშობდა. ახლა უკვე მესმის რაღაცები. ჩვენ ერთმანეთს უცხოეთში უფრო ხშირად ვნახულობთ, ვიდრე საქართველოში. პარიზშიც ჩამოდიოდა და მილანშიც, სიურპრიზებს ხშირად მიწყობს.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები