LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა გვენეტაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

81

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფორუმი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში იმართება და მასში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის, საფინანსო და მარეგულირებელი სექტორების მმართველები. ღონისძიების ასამდე მონაწილეს კობა გვენეტაძემ პრეზენტაცია წარუდგინა, თემაზე – “არაკონვენციური მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის გავლენა განვითარებადი ქვეყნების მონეტარულ პოლიტიკაზე”.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა მაღალი დოლარიზაციის ღონისძიებების, მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნებისა და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მნიშვნელობაზე.

“განვითარებული ცენტრალური ბანკების და განსაკუთრებით აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გამოსვლა შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან სხვადასხვა არხებით გადაეცემა განვითარებად ქვეყნებს, რასაც მაღალი დოლარიზაციის მქონე ეკონომიკებისთვის, არაერთგვაროვანი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. ერთი მხრივ, აშშ დოლარის გამყარება ზრდის ამ ქვეყნების კონკურენტუნარიანობას და დადებითად მოქმედებს მათ სავაჭრო და მიმდინარე ანგარიშის ბალანსებზე, თუმცა, მეორე მხრივ, მაღალი დოლარიზაციის გამო, დოლარის გამყარება ზრდის ვალის მომსახურების ღირებულებას ამ ქვეყნებში, რითაც უარყოფით გავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ასეთ დროს ცენტრალური ბანკების მიერ მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნებას და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მნიშვნელობას, რაც ამგვარ შოკებთან ბრძოლის საუკეთესო გზას წარმოადგენს მოკლევადიან პერიოდში. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერიოდში დედოლარიზაციის ღონისძიებების გატარება, მნიშვნელოვნად შეამცირებს განვითარებული ცენტრალური ბანკების მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შესაძლო უარყოფით ზეგავლენას საქართველოს მსგავს ქვეყნებზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებს 18 აპრილს ეწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები