LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორპუსის სარდაფში ბენზინგასამართი სადგურიდან ნავთობი ჟონავს – საპროტესტო აქცია ბათუმში

88

ბათუმში, გორგილაძის 94 ნომერში მცხოვრებლების განცხადებით,  კორპუსის სარდაფში მეზობლად მდებარე „სოკარის“  ბენზინგასამართი სადგურიდან ნავთობი ჟონავს. მოსახლეობა ირწმუნება, რომ სარდაფში წყალი და ნავთობი მაისის თვიდან გროვდება. ამის შესახებ მათ არა ერთხელ მიმართეს ბათუმის მერიას, ბენზინგასამართი სადგურის მფლობელ კომპანიასა და გარემოს დაცვით უწყებებს, თუმცა ამ დრომდე მათგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს, შესაბამისად პრობლემის მოსაგვარებლადაც შესაბამისი ღონისძიებები არ გატარებულა.

„მაისიდან გვაწუხებს ეს პრობლემა. სადარბაზოებსა და ბინებში ნავთობის მძაფრი სუნია, ხშირია ინტოქსიკაციის შემთხვევები, რამდენჯერმე მოხვდნენ აქ მცხოვრები ბავშვები სწორედ ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოებში. ჩვენს შეტყობინებებზე დღემდე არც ერთი უწყება არ რეაგირებს“,- ამბობს აქციის ერთ-ერთი  მონაწილე 

მოსახლეობა დღეს საკუთარი ძალებით შეეცადა სარდაფიდან წყლის ამოტუმბვას, თუმცა ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ და მათ ამის საშუალება არ მისცეს. უწყების თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ წყლის ამოტუმბვის შემთხვევაში, მასში შერეული ნავთობი ზღვაში მოხვდება და ეკოლოგიურ პრობლემას შექმნის, თუმცა მათ ადგილზე არ გაუკეთებიათ განმარტება, როგორ ხვდება სარდაფში ნავთობი და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს პრობლემის მოსაგვარებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები