LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო ხინჩეგაშვილს შავთმიანი გოგონები ხიბლავენ – „მქონია სერიოზული ურთიერთობა…“

560

25 წლის მოჭიდავე, ლადო ხინჩეგაშვილი, რომელმაც რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა და ის, პირდაპირი მნიშვნელობით, კბილით მოსინჯა კიდეც, ძალიან პოპულარულია. განსაკუთრებული სიმპათიით ქალების მხრიდან სარგებლობს.

სპორტსმენი რადიო „ფორტუნამ“ ჩაწერა.

როგორია პოპულარობა? ცოტა თავში ხომ არ აგივარდა?

ლადო ხინჩეგაშვილი:

განდიდების მანია ნამდვილად არ შემყრია. პოპულარობა სასიამოვნოა, ხალხი გცნობს, მოდიან, საკუთარ ემოციებს გამოხატავენ, გვასიამოვნე, დიდი მადლობაო. მეორე მხრივ, როგორც სპორტსმენისთვის, ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემია, რომ გავაგრძელო კარიერა და მივაღწიო უფრო მეტს, რაც აქამდე მიმიღწევია. ხალხს უხარია, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვარებს გარეთ გავიტანე…

როცა კვარცხბეკზე ვიდექი, გახარებული და ბედნიერი ვიყავი. ეს იყო ჩემთვის, როგორც კარიერული, ისე ცხოვრებისეული უდიდესი მიზანი.

dsc_5080როცა შეხვედრას იგებ, იმ მომენტში ვერ აღიქვამ, როცა კვარცხბეკზე ადიხარ, დამშვიდებული ხარ, ხვდები, რომ გაიმარჯვე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი დგება ფეხზე, შენს დროშას პატივს სცემენ და ჰიმნს უსმენენ. ეს არის ძალიან სასიამოვნო. აღიქვამ, რა დიდი საქმე გააკეთე არა მხოლოდ შენთვის, არამედ ქვეყნისთვისაც.

ფსიქოლოგიურად როგორ ემზადები ხოლმე ასეთი დიდი ტურნირების წინ?

როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად უნდა იყო მზად. გამარჯვებისთვის ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, არის მწვრთნელთა გუნდი, ასევე ფსიქოლოგები, მაგრამ შენს თავს შენვე უნდა მოერიო. ამ ბარიერს თუ ვერ გადალახავ, მოწინააღმდეგის დამარცხება რთული იქნება.

როდისმე ხელი თუ ჩაგიქნევია სპორტზე?

თუკი რაიმე მინდოდა და ვერ გამიკეთებია, ხელი არასდროს ჩამიქნევია. 15 წლამდე არ მომიგია, მაგრამ მქონდა ის განწყობა, რომ გამომივიდოდა (იღიმის).

სოცქსელში გწერენ თაყვანისმცემლები?

dsc_5162რასაკვირველია, ეს ჩვეულებრივი ადამიანია. მწერენ სხვადასხვა ინტერესის ადამიანები – ზოგი მილოცავს და მადლობას მიხდის, ზოგს სუფთა სპორტული ინტერესი აქვს, მწერენ გოგონებიც, რომლებიც წარმატებასაც მილოცავენ და სიმპათიასაც გამოხატავენ. ათას კომპლიმენტს მეუბნებიან (იცინის). ხშირად მოუწერიათ, რა კარგი ბიჭი ხარ და რა საყვარელიო (იღიმის).

შენ როგორი გოგონები მოგწონს?

პარამეტრები ჩამოგითვალო? რომელი? 90/60/90?

ანუ მოდელი გოგონები მოგწონს?

პროპორციული გოგონები, მოდელებიც, მაგრამ არც ესაა აუცილებელი. უბრალოდ, გავიხუმრე, თორემ არამოდელიც ხშირად მომწონებია. უფრო შავთმიან გოგონებს ვაქცევ ყურადღებას, თუმცა თუკი გოგონა ლამაზია, ქერაც მომწონს. გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო ხშირად ასე მომხდარა, რომ შავთმიანი მომწონებია. მუქი თმა უფრო მომწონს.

როგორ ხიბლავ ქალებს, გარდა იმისა, რომ წარმატებული და სიმპათიური ბიჭი ხარ?

არ ვხიბლავ (იცინის). სპონტანურად ხდება ეს ყველაფერი. რომ გითხრა, აქტიური ვარ და განსაკუთრებულ ჟესტებს ვიყენებ, არა. ცოტა პასიური ვარ, რადგან კარიერიდან გამომდინარე, ამისთვის ცოტა დრო მაქვს. ძირითადად, შეჯიბრებებზე ვარ. თავისუფალ დროს ოჯახს ვუთმობ…

გქონია სერიოზული ურთიერთობა, რამაც ქორწინებაზე დაგაფიქრა?

dsc_5261მქონია სერიოზული ურთიერთობა. გადაწყვეტილეად ქორწინებაზე არ დავფიქრებულვარ, მაგრამ თავში აზრად მომსვლია. ეს ურთიერთობა დამთავრდა. ბევრი ფაქიზი დეტალია ამ თემაში და ასე ვერ ვისაუბრებ.

გარეგნობით გასაგებია, როგორიც უნდა იყოს და ტიპაჟი? საქმიანი, უფრო მეოჯახე და ხაჭაპურის ცხობის მოყვარული თუ როგორი?

პირველ რიგში არის გარეგნობა. არავინ თქვას, რომ არ აინტერესებს, როგორ გამოიყურება გოგონა. ჩემთვის რომ საინტერესო იყოს გოგონა, ჭკვიანი უნდა იყოს. არ არის აუცილებელი, რომ ძალიან განათლებული იყოს და ჰარვარდი ჰქონდეს დამთავრებული. მთავარია, აზროვნებდეს. რაც შეეხება ხაჭაპურის ცხობას, ეს უკანა პლანზეა ჩემთვის.

თავისუფალ დროს როგორ ატარებ? ვიცი, რომ ძალიან გიყვარს გართობა და მოდის ჩვენებასაც ესწრები ხოლმე…

ბესარიონის ჩვენებაზე ვიყავი. ჩვენი პიარმენეჯერის, მაცაცო კევლიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ ასეთ ღონისძიებებზე დავიწყეთ სიარული. ეს ჩემთვის ახალი ხილია. აქამდე მოჭიდავეები არ ვიყავით ამ სფეროში გარკვეულები. ვერ ვიტყვი, რომ ასე ვთქვათ, „ტუსოვკებზე“ ხშირად დავდივარ, მაგრამ თქვენ რომ ახსენეთ, ჩვენებაზე ვიყავი. მიყვარს გემოვნებიანი ჩაცმა. მინდა, რომ სმოკინგი შევიკერო. ხედავ, როგორი ამბიციური ვარ? მინდა, ჩემთვის ექსკლუზიურად შეკერონ სამოსი. პირველ რიგში იმისთვის, რომ იმედი მაქვს, კიდევ მოვიპოვე ტიტულებს და დაჯილდოვებებზე კარგად ხომ უნდა გამოვიყურებოდე (იღიმის)?

dsc_5249გიფიქრია, როგორი იქნება შენი ცხოვრება 15 წლის შემდეგ?

რა თქმა უნდა, მიფიქრია. აქტიურ სპორტში აღარ ვიქნები ალბათ, მაგრამ ეს სფერო ისე მიყვარს, რომ მას არასდროს მოვშორდები. თუკი მექნება შესაძლებლობა, შევეცდები, წვლილი შევიტანო მის განვითარებაში.

მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვინც შრომობს, მაგრამ სპორტში მოღვაწეობას რომ დავამთავრებ, მირჩევნია, იმ დროისთვის ჩემი ბიზნესი მქონდეს.

პოლიტიკა?..

არასდროს მიფიქრია პოლიტიკაში წასვლაზე. ადამიანმა არაფერი უნდა გამოირცხოს, მაგრამ დღეს ამ სფეროსგან ძალიან შორს ვარ. სიმართლე გითხრა, საერთოდ ვერ ვერკვევი. ჩემი ქვეყნის ბედი მაღელვებს, მაგრამ პოლიტიკა არ არის ჩემი საყვარელი სფერო.

ლადო, რაიმე ჰობი თუ გაქვს, რისი კეთებაც ყველაზე ძალიან გიყვარს?

მიყვარს ბუნება და ბუნებაში სეირნობა. ასევე სპორტის ექსტრემალური სახეობები, მაგალითად, ჯომარდი, ველოსიპედით გასეირნება, კლდეზე ცოცვა. ასეთი შესაძლებლობა იშვიათად მაქვს, მაგრამ მომწონს და ამით, ასე ვთქვათ, „სუფთა კაიფს“ ვიღებ…

ისე, რაიმე სახის ნარკოტიკი თუ გაგისინჯავს?

არა და არც ვაპირებ. ჩემი აზრით, ამქვეყნად ბევრი რამ არსებობს, რითაც შეგიძლია სიამოვნება მიიღო.

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები