LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიანა ისაკაძე მაყურებლის წინაშე მეუღლესთან ერთად წარდგება: როგორია ღამის სერენადების პროგრამა

87

26-31 აგვისტოს, უკვე მეცხრედ საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიმართება. ეს ინფორმაცია ცნობილი დღეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა.

ფესტივალის ორგანიზატორთა თქმით, წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში 4 კონცერტი ჩატარდება: 26, 28 და 29 აგვისტოს კონცერტებს ბათუმი, ხოლო 31 აგვისტოს დასკვნით გალა-კონცერტს თბილისი უმასპინძლებს.

ფესტივალის დირექტორის ლაშა ბაშარულის თქმით, გახსნითი კონცერტი ბათუმის „შერატონის“ დარბაზში შედგება.

„26 აგვისტოს ფესტივალის საზეიმო გახსნაზე სტუმრების წინაშე წარდგებიან: ცნობილი გერმანელი დირიჟორი იუსტუს ფრანცი, საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული გურფინკელების ოჯახი: კლარნეტისტები დენიელი და ალექსი, ასევე, მათი მამა მიხაელ გურფინკელი; უცხოელ სტუმრებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობს ქართველი დირიჟორი დავით მუქერია“, – განაცხადა ლაშა ბაშარულმა.

მისივე თქმით, კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებს ლიანა ისაკაძის მიერ ჩამოყალიბებული მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ შემსრულებლებს აერთიანებს.

28 აგვისტოს მსმენელის წინაშე ჯაზური კონცერტით წარდგებიან მიხაელ, ალექს და დანიელ გურფინკელები ლიანა ისაკაძესთან ერთად.

29 აგვისტოს გერმანელი დირიჟორი იუსტუს ფრანცი და ლიანა ისაკაძე „ღამის სერენადებს“ შეასრულებენ. „ღამის სერენადების“ დასკვნითი ნაწილი თბილისში გაიმართება.

31 აგვისტოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ საკონცერტო დარბაზში გალა-კონცერტზე მსმენელის წინაშე ლიანა ისაკაძე, იუსტუს ფრანცი და კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“ წარდგებიან.

წელს ფესტივალის ფარგლებში სიახლეა: ლიანა ისაკაძე მეუღლესთან – თამაზ ჩაჩავასთან ერთად ჯაზს შეასრულებს.
„ეს ჩემთვის მაყურებლისა და მსმენელის წინაშე განსხვავებული ამპლუით წარდგენა იქნება“, – აღნიშნა ლიანა ისაკაძემ.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა; 2009 წელს ბათუმში მისი აღდგენა კვლავ გახდა შესაძლებელი. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები