LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლივერპული ყველაზე მაგარია: სალაჰის და ლივერპულის რეკორდები

44

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევრაფინალი მოიგო – 5:2. „რომა“ დიდი ანგარიშით დამარცხებულია, მაგრამ მატჩის მიწურულს მოშვებულმა „ლივერპულმა“ მეტოქეს შანსი დაუტოვა. დიდებულად მოთამაშე მერსისაიდელები ახლოს იყვნენ გამანადგურებელ გამარჯვებასთან, თუმცა მიუხედავად გაშვებული გოლებისა, მათ მოახერხეს და ახალი რეკორდები დაამყარეს.

 

„ლივერპულისა“ და „რომას“ მატჩი ყველაზე შედეგიანი ნახევარფინალი იყო ბოლო 23 წლის განმავლობაში. ზუსტად ასეთი ანგარიში (5:2) დაფიქსირდა 1995 წელს „აიაქსისა“ და „ბაიერნის“ შეხვედრაში. ამ ორი შემთხვევის გარდა, ნახევარფინალში ხუთი გოლი არც ერთ გუნდს არ გაუტანია.

ტრიომ მანე-ფირმინო-სალაჰი ამ ჩემპიონთა ლიგაზე 28 გოლი გაიტანა. ასეთი შედეგი მესის, სუარესისა და ნეიმარის სამეულს არ ჰქონია 2014-15 წლების სეზონში. მაშინ „ბარსელონას“ ტრიომ 27 გოლი გაიტანა.

 

სულ „ლივერპულს“ 38 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგის 11 მატჩში. პრემიერლიგის კლუბების თითქმის ნახევარს (9 გუნდი) უფრო ნაკლები გოლი აქვს 35 ტურის შემდეგ.

 

სალაჰსა და ფირმინოს 10-10 გოლი აქვთ გატანილი. ეს მეორე შემთხვევაა ისტორიაში, როცა ერთი გუნდის ორმა მოთამაშემ ამდენი გაიტანა ერთი გათამაშების დროს. ესენი იყვნენ ლეო მესი და ნეიმარი 2014-15 წლების სეზონში.

სალაჰი და ფირმინო მოხვდნენ იმ მოთამაშეების კლუბში, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 10 გოლი აქვთ გატანილი. ესენი არიან: დელ პიერო, რივალდო, ჟარდელი, რაული, ვან ნისტელროი, ინძაგი, კაკა, მესი, მარიო გომესი, კრიშტიანო რონალდო, ლევანდოვსკი, იბრაჰიმოვიჩი, ნეიმარი.

 

მხოლოდ ორ მოთამაშეს ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში 2+2. ორივე შემთხვევა 2018 წლის 24 აპრილს იყო – სალაჰი და ფირმინო.

სალაჰი სულ უფრო ახლოს არის „ლივერპულის“ რეკორდთან ერთ სეზონში გოლების რაოდენობით. ახლა, მასზე წინ მხოლოდ იან რაშია, რომელსაც 1983-84 წლების სეზონში 47 გოლი ჰქონდა 65 მატჩში. სალაჰს 47 მატჩში 43 გოლი აქვს.

სალაჰი გახდა საუკეთესო აფრიკელი ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში – მან სამუელ ეტოოს გაუსწრო.

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გადაცემების რაოდენობით – 9. მანამდე რეკორდსმენები იყვნენ რუნი და ნეიმარი – 8-8 პასი.

 

სალაჰი ამ სეზონში ევროპის საუკეთესო ბომბარდირია:
სალაჰი – 43 გოლი
კრიშტიანო რონალდო – 42 გოლი
იმობილე – 41 გოლი
მესი – 40 გოლი
ლევანდოვსკი – 39 გოლი
კეინი – 37 გოლი

 

რობერტო ფირმინოს მე-4 გოლი “რომას” კარში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე 381-ე გატანილი ბურთი აღმოჩნდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გატანილი გოლებით ახალი რეკორდი დამყარდა.
2017/18 წლების სეზონში უკვე 384 ბურთია გასული, რაც 2016/17 წლის შედეგებს უკვე 4-ით აღემატება.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელებს საშუალოდ თამაშში 3,17 გოლი, ყოველ 28 წუთში გააქვთ.

 

 

5:2 – ასეთი შედეგი ევროთასების ისტორიაში 23-ჯერ დაფიქსირდა. მხოლოდ ოთხჯერ გავარდნილან გუნდები, როდესაც პირველი მატჩი შინ ასეთი ანგარიშით ქონიათ მოგებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები