LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანი სექსუალური ძალადობის, ქალებისა და გეების ჩაგვრის წინააღმდეგ – „დავუტოვოთ ძველი პროფილი“ სხვა გადაცემებს…“

125

მაია ასათიანმა გუშინ ახალი სეზონი შთამბეჭდავი მონოლოგით გახსნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს მე ვიწყებ გადაცემას, ვიწყებ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში მამები თავს იკლავენ, როდესაც შვილის სამკურნალო ფული არ აქვთ, ვიწყებ იმიტომ, რომ კაცები კლავენ ქალებს და გარშემომყოფები ამას ამართლებენ და ამბობენ, რომ მან ეს დაიმსახურა, ვიწყებ იმიტომ, რომ პატარა გოგონებს კაცების მსახურ მდედრებად ზრდიან და მერე აიძულებენ გათხოვდნენ, თუ ქალიშვილობა დაკარგეს. ვიწყებ იმიტომ, რომ ჩვენი მენტალიტეტი მიმართულია პატარა, გამოუცდელი და ცხოვრების უცოდინარი გოგონების ჩაგვრისკენ, ვიწყებ იმიტომ, რომ დღეს ყველაზე აგრესიული ფენა თავად ქალები არიან, დედა-ქალები, რომლებსაც თავის დროზე სხვები ჩაგრავდნენ…

ვიწყებ იმიტომ, რომ საზოგადოება ენით აუწერელ სიამოვნებას განიცდის უმწეო გოგონების დათრგუნვით და ჩერდება მაშინ, როდესაც ეს ფერადი გოგო მათსავით ნაცრისფერი ქალი ხდება.  ვიწყებ იმიტომ, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო, ადამიანებს ქვებს ესვრიან. ვიწყებ იმიტომ, რომ ჩემი აზრით, რწმენა სიკეთეა და მრევლი სიკეთით სავსე ადამიანების ჯგუფია და არა სადამსჯელო რაზმი, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს ქოლავს.

ვიწყებ იმიტომ, რომ სიცხვილია, შენ ასიათასიან მანქანას მართავდე, როცა შენი ხალხი შიმშილობს. ვიწყებ იმიტომ, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ადამიანებს ლინჩის წესით ასამართლებენ და ამას ტაშს უკრავენ. ვიწყებ იმიტომ, რომ ახლა ამ თემებზე ჩურჩულის დრო არაა, ახლა ყვირილის დროა. გამომყევით და ვიყოთ ერთად. დავუტოვოთ ძველი „პროფილი“ სხვა გადაცემებს. როცა დგება დღე და… დუმილი უკვე დანაშაულია“.

გუშინდელი გადაცემა არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობას ეხებოდა და საკმაოდ რეზონანსული გამოდგა. სოციალურ ქსელებში არ წყდებოდა გამოხმაურებების კასკადი.

როგორც ჩანს, მაია ასათიანმა ყვითელი თემები წარსულს ჩააბარა. ვნახოთ, როგორი იქნება მისი ახალი სეზონი, რომელიც სტერეოტიპების მსხვრევას ეძღვნება.

https://www.youtube.com/watch?v=YvF5b7mrfKk

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები