LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერონიკა კალანდარიშვილი გახმაურებულ სერიალში მონაწილეობაზე: „ყველაზე მეტად ჩემი მეუღლის აზრი მაინტერესებს, რადგან ვიცი, სიმართლეს მეტყვის…“

1313
ვერონიკა

ვერონიკა კალანდარიშვილი „პირველი არხის“ ახალ მინისერიალში „მსხვერპლი“ პაატა ინაურთან ერთად მთავარ როლს ასახიერებს. მისი პერსონაჟი პაატას გმირს მძიმე – გაუპატიურების ბრალდებას უყენებს. მაყურებელი ბრიტანული პროექტის ქართლ ანალოგს დიდი ინტერესით შეხვდა. ვერონიკა კალანდარიშვილი fortuna.ge -ს როლის შესახებ ესაუბრა…

ვერონიკა, სერიალში „მსხვერპლი“ მთავარი როლი გაქვთ. რამდენად საინტერესოა თქვენთვის, როგორც მსახიობისთვის, ამ როლთან შეჭიდება?

მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საოცნებო შემხვდა. უზომოდ საინტერესოა. არის მინისერიალი და თითქოს დიდი მასალა გაქვს სამუშაოდ, მაგრამ არც იმდენი, რომ საპნის ოპერასავით დროში გაიწელოს, როცა მსახიობს უკვე ჰბეზრდება როლზე მუშაობა. ექვსი სერიის განმავლობაში იმდენად დიდ გზას გადის პერსონაჟი, ამისთვის მომზადება არცთუ ისე მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოწვევა იყო, უფრო დიდი ინტერესი მქონდა ამ როლის მიმართ. რადგან ეს არის ბრიტანული პროექტის ანალოგი, საერთაშორისო პროექტი, რომელიც გადაღებულია სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ახლა უკვე საქართველოშიც, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის ქართულ რეალობაზე მორგება. ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, როგორ უნდა განგვესხვავებინა ქართველი პერსონაჟი ბრიტანელისგან. მინდოდა, მისი ეკვივალენტი ყოფილიყო, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, როგორი იქნებოდა ქალი, რომელიც საზოგადოებას მეტ-ნაკლებად აღიზიანებს, ვისაც არ უჯერებენ…

გამოხმაურებებზე ვისაუბროთ, როგორ მიიღო მაყურებელმა სერიალი და თავად ჯგუფს რა მოლოდინი გქონდათ?

ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, პირველ რიგში, ამ სერიალით მნიშვნელოვანი რამ გვეთქვა და საზოგადოება დაგვეინტერესებინა. როცა სცენარი წავიკითხეთ და მუშაობა დავიწყეთ, მოლოდინი იყო, რომ ეს ასეც მოხდებოდა – პირველი სერიის გამოსვლისთანავე დიდი ინტერესი გამოიწვია.

მსახიობები ხშირად ამბობენ, რომ სერიალში როლის შესრულება გარკვეულ საფრთხესთან ასოცირდება, რადგან შესაძლოა, როლი მსახიობისთვის იმდენად პოპულარული აღმოჩნდეს, რომ „როლი მიეწებოს“. სერიალში მონაწილეობა თქვენთვის ამ „საფრთხესთან“ თუ ასოცირდება?

იმის გამო, რომ ეს მინისერიალია, ვფიქრობ, მსგავსი საშიშროება არ დგას. ეს საშიშროება უფრო მრავალსერიიან, მრავალსეზონიან სერიალებს აქვთ. თუმცა, ყოველთვის ვცდილობ, წინასწარ ნეგატიურად არ განვეწყო, ამიტომ დიდი სიამოვნებით შევასრულებდი საინტერესო როლს უფრო გრძელ სერიალშიც.

როგორია ეკრანს მიღმა ვერონიკა კალანდარიშვილის ცხოვრება?

ეკრანს მიღმა, რომ გითხრათ, საინტერესო ცხოვრება მაქვს, მოგატყუებთ. ორი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, თითქოს – ერთმანეთთან არათავსებადი. ერთი არის, რომ სადღაც ბუნებაში ვცხოვრობდე, მქონდეს დიდი მიწა, საყვარელ ადამიანებთან, ცხოველებთან, ბუნებასთან შეხების საშუალება მქონდეს. მეორე კი ისაა, რომ ვგიჟდები ჩემს პროფესიაზე და მინდა, სულ დაკავებული ვიყო. ოცნებად მაქვს, რომ ეს ასე დავალაგო, – ჩემი „სამოთხე“ მქონდეს, საიდანაც ვივლი ან ვიფრენ საქმეზე (იღიმის). ასეთი გადაწყვეტა ჩემთვის იდეალური იქნებოდა. აი, ხომ იცით, როცა ადამიანებს ეკითხებიან, 5 წელიწადში როგორ წარმოგიდგენია თავიო, ასე წარმომიდგენია (იღიმის).

საინტერესოა თქვენი და, მაია ასათიანი თუ უყურებს სერიალს და როგორი იყო მისი და თქვენი ოჯახის სხვა წევრების შეფასებები? ყველაზე მეტად ვის შენიშვნებსა და შეფასებებს ელოდებით ხოლმე?

მაიამ ნახა, რა თქმა უნდა და ძალიან სასაცილოა, რომ ამ თემაზე ხუმრობს, პატარა „იმერული ესკიზები“ გვაქვს სახლში. უჭირს ჩემი ყურება ამ მდგომარეობაში, ძალიან მძიმე რაღაცების გავლა უწევს ჩემს პერსონსაჟს. ჩემი ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, უყურებენ. ბოლომდე არ ვიჯერებ, რაღაც კარგს რომ მეუბნებიან, რადგან ვფიქრობ, მათი კომპლიმენტები სუბიექტურია.

ვისი კომპლიმენტების გჯერათ?

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემი მეუღლის აზრი. ვიცი, რომ ობიექტურად შემაფასებს და სიმართლეს მეტყვის. ერთნაირი შეხედულება გვაქვს ბევრ რამეზე. სიმართლე. როგორი მწარეც უნდა იყოს, აუცილებლად უნდა იცოდე, რომ განვითარების შესაძლებლობა გქონდეს. ჩემი მეუღლის გემოვნებას ვენდობი. გარდა მეუღლისა, მყავს გარშემო ჩვენი სფეროს პროფესიონალები, რომელთაც ყოველთვის ვეკითხები აზრს და ვცდილობ, გავითვალისწინო.

არის როლი, რომელიც განსაკუთრებულად მოგწონთ?

ახლა უკვე თეატრში აღარ ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს „ბერნარდა ალბას სახლიდან“ მარტირიო, ვთამაშობდი ასევე სპექტაკლში – „იავნანა ომს“ და იქ იყო ასეთი პერსონაჟი აიჩე… ლელაზე ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი… იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი საყვარელი პერსონაჟია, რადგან ძალიან მრავალმხრივია. არ არის ცალსახად კარგი ან ცალსახად ცუდი. ჩემთვის პირადად, ლელა უფრო მეტად უარყოფითი პერსონაჟია, ვიდრე დადებითი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეა ან არ მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, პიროვნულად „კარგი გოგო“ არ არის. მაგიტომაც არის ძალიან საინტერესო მისი შესრულება…

შენს პარტნიორზე, პაატა ინაურზე რას გვეტყვი, როგორი იყო მასთან მუშაობა?

პაატა არის არაჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან მიხარია, რომ მასთან პროფესიულად გადავიკვეთე. სკოლის ასაკში ძალიან მცირე ხნით ერთად ვიყავით თეატრალურ სტუდიაში „ცეტები“. იმხელა კომფორტი და ბედნიერებაა ასეთ გამოცდილ, ნიჭიერ პროფესიონალთან შეხება. ძალიან დიდი სიმშვიდის მომტანი იყო მასთან მუშაობა. ხშირად ვეკითხებოდი აზრს…

ინტერვიუ: ნინო მურღულია