მომღერალი ბექა ბროლაძე თავისი საინტერესო მოგზაურობებით გამოირჩევა და მდიდრულ კურორტებზე დასვენებას ანიჭებს უპირატესობას. ბექა გვიყვება, როგორია მისი ზაფხული და ასევე გვპასუხობს კითხვაზე, რომელიც მის უპასუხო სიყვარულს ეხება.
ბექა, მოგვიყევი, როგორ და სად ატარებ ზაფხულს, რომელი საინტერესო ადგილები მოინახულე და რა არის შენთვის მნიშვნელოვანი მაშინ, როცა მოგზაურობ…
ზაფხული ის სეზონია, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. ამ ზაფხულს გადავწყვიტე, რომ ნამდვილი დასვენება მომეწყო საკუთარი თავისთვის , რადგან რამდენიმე წელია არ დამისვენია.
ვეწვიე შვეიცარიას და ალპებს, რომლის ნახვაც ძალიან მინდოდა. ასევე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი კრუიზში და საბერძნეთის რამდენიმე კუნძულს ვეწვიე, ვფიქრობ, რომ ნამდვილად დავისვენე და ახალი ენერგიებით დავბრუნდი საქართველოში…
საუკეთესო და ყველაზე საინტერესო მოგზაურობა გაიხსენე, ყველაზე მდიდრულ ადგილას სად ყოფილხარ…
ჩემთვის მდიდრულ გარემოს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ელემენტარული პირობები მქონდეს. მთავარია, შენ გარშემო ვინ არის, გყავდეს საინტერესო ადამიანები, რომლებიც შენთვის ძალიან ძვირფასები არიან. ასეთი მდიდრული ადგილი ბევრი ყოფილა სადაც მიმოგზაურია – შვეიცარია, მონაკო, ნიუ-იორკი, საბერძნეთის კუნძული მიკონოსი…
შენი ცხოვრების ამ ეტაპს როგორ დაახასიათებდი და არის თუ არა მასში სიყვარულის ადგილი?
ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი ძალიან საინტერესო და ლამაზია ჩემთვის, რადგან ამ ეტაპზე ჩემ გარშემო არსებობენ ადამიანები, ნამდვილი მეგობრები, რომლებიც მაბედნიერებენ და ვენდობი მათ. მაქვს ჩემი საქმე, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ სიყვარულს კი რაც შეეხება – ეს ერთ-ერთი დოპინგია, რომლის გარეშეც მოტივაცია ნაკლები მაქვს, ნამდვილად არის ჩემს გულში სიყვარულის ადგილი, რომელსაც მოუთმენლად ველოდები…
მართალია, რომ გოგონა, რომელიც ძალიან გიყვარდა გათხოვდა და შენთვის ეს დიდი დარტყმა იყო?
ეს გოგონა ძალიან მიყვარდა, გარკვეული მიზეზების გამო დავშორდით და შემდგომ მან ოჯახი შექმნა, ეს დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, ძალიან განვიცადე და ამ ყველაფერმა დიდი კვალი დატოვა ჩემს გულში…
როგორ გაუმკლავდი ამ პერიოდს?
ეს მარტივი ნამდვილად არ იყო, რადგან დღესაც ვფიქრობ, რომ ის იყო გოგო, რომელიც მართლა ძალიან ჩემიანი იყო, ძალიან ძვირფასი… დაშორების მერე რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ ჩემს ჩვეულ ფორმაში ჩავმდგარიყავი, რადგან ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, თუმცა ცხოვრება გრძელდება და ნებისმიერი სიტუაციიდან ფეხზე დადგომა უნდა შევძლო. ეს ახლა უკვე წარსულია, თუმცა სადღაც მაინც აქვს მას პატარა ადგილი. დღეს კონტაქტიც არ მაქვს… ერთ-ერთ ჩემს კონცერტზე დარბაზში იჯდა, მაგრამ არ მივედი…
დღეს როგორი გოგონები იპყრობენ შენს ყურადრებას და დაოჯახებას თუ გეგმავ…
მთავარია, საინტერესო ადამიანი იყოს, განათლებული, ლამაზი, მიმზიდველი და მასთან თავს კომფორტულად უნდა ვგრძნობდე. უკვე აღარ ვარ 20 წლის, რომ რაღაცას ზედაპირულად ვუყურებდე, ამიტომ უფრო გულისყურით ვარჩევ ადამიანს, რომელიც ჩემს გულში დასახლდება. რა თქმა უნდა, ვგეგმავ დაოჯახებას, თუმცა ვფიქრობ, არც 45 წლის ვარ რომ მაგვიანდებოდეს (იღიმის).
