LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანის აღმოჩენა – ვინ არის ახალი თოქშოუ „ანფასის“ წამყვანი

617

3 მაისიდან „მარაო რუსთავი 2“-ის ეთერში ახალი თოქშოუ აიღებს „სტარტს“. „ანფასი“ ცნობილ ადამიანებთან ტეტ-ა-ტეტ ინტერვიუებს მოიცავს, ასევე ახალი სიმღერებისა და მუსიკალური კლიპების პრეზენტაციასაც ნახავთ. მოკლედ, ყველაფერი ახალი და საინტერესო სწორედ ამ გადაცემაში მოიყრის თავს.

ნუკა ორჯონიკიძე მაია ასათიანის აღმოჩენა გახლავთ. სწორედ „პროფილის“ ავტორის იდეა იყო, ნუკასთვის ახალი თოქშოუს წაყვანა შეეთავაზებინა…

„ფორტუნას“ საიტმა „ანფასის“ წამყვანი გადაცემის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერა და ფოტოსესიაშიც გადაიღო…

ნუკა ორჯონიკიძე:

DSC_4441მაია  ასათიანი ნახევარი წლის წინ გავიცანი, როდესაც „მარაოში“ მოვედი სამუშაოდ, გადაცემა „სელფი“ ჩამაბარეს. ახალი წლის წინა პერიოდში შემომთავაზა საავტორო გადაცემის გაკეთება. ძალიან შევშინდი. მაიას ვკითხე, რატომ ეგონა, რომ ამას შევძლებდი. მან შეძლო იმის დანახვა ჩემში, რაც თავად არ მქონდა აღმოჩენილი. ვუთხარი, რომ ამას არასდროს დავივიწყებ. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს სატელევიზიო გამოცდილება და ვმჯდარვარ პირდაპირ ეთერში, საავტორო გადაცემის კეთება, სადაც დიდი წილი საქმისა შენზე მოდის, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.

შემიძლია იმის თქმა, რომ მაიას გადავაფიქრებინე სტუდიის გაკეთება. მივიჩნიე, რომ ჩემი ასაკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა გარეთ გასვლა და სტუდიის სხვაგან მოწყობა. სხვა მიზეზებთან ერთად, „ანფასი“ იმიტომაც გამოდის განსხვავებული, რომ გალერეა „ახუნდოვში“ მოწყობილი სტუდია განსაკუთრებულია.

რაც შეეხება შემოთავაზებას, ძალიან ვინერვიულე, ერთი კვირა არ მეძინა, რადგან ყვითელ თემებში გამოცდილება არ მქონია და რომ არა ჩემი პროდიუსერები, ამ საქმის გაკეთებას ვერ შევძლებდი. ნელ-ნელა, მათი დახმარებით, ვერკვევი ამ თემებში. ახლა, მუშაობის პროცესში, ღელვამ გაიარა. გადაცემას მცირერიცხოვანი გუნდი აკეთებს. ჩემ გვერდით ისეთი ადამიანები არიან, რომ კომფორტულად ვგრძნობ თავს. ვფიქრობ გადაცემის სტუმრებზე, მათი ამბების შეგროვებაზე, რომ ინტერვიუები გამოვიდეს ისეთი, როგორიც არსად, არც ერთ გადაცემაში არ ყოფილა.

ვფიქრობ, როგორი იმიჯი მქონდეს… სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს გარეგნობაზე ზრუნავს დიზაინერი ნანა მელქაძე, მისი კოსტიუმები მაცვია პრომოშიც და ყველა გადაცემაში. ასევე სალონი „58“ და მისი არაჩვეულებრივი სტილისტები. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ (იღიმის).

DSC_4482გადაცემის ფორმატზე უფრო ვრცლად გვესაუბრე…

ეს არის პირისპირ საუბარი ადამიანებთან… აქ არ იქნება დისკუსიები წამყვანსა და ბევრ სტუმარს შორის. მიუხედავად იმისა, რომ შოუბიზნესში ძალიან ბევრი ადამიანი არ არის ჩართული და შესაძლოა, მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ სათქმელი არაფერი დარჩათ, „ანფასთან“ ინტერვიუებში, და რამდენიმე გადაცემა უკვე ჩაწერილი გვაქვს, მათ სრულიად სხვა კუთხით წარმოაჩინეს თავი, ამდენი გულახდილი ამბავიც არ მოუყოლიათ სხვაგან. ასე რომ, დაელოდეთ ჩვენს გადაცემებს „მარაოსა“ და „რუსთავი 2“-ზე (იღიმის).

მაია ასათიანისგან რა რჩევები მიიღე?

მაიამ, რომ არ მეღელვა, თავისი პირველი ნაბიჯებიც გაიხსენა, როდესაც ფიქრობდა, როგორ მიიღებდა მაყურებელი… შეჩვეულია კრიტიკასაც და შემამზადა, მასწავლა ხერხები, როგორ დავიძვრინო ფსიქოლოგიურად ამისგან თავი, გამაცნობიერებინა ისიც, რომ 24-საათიანი რეჟიმი მექნებოდა და ეს ასეც არის… მთავარი, რაც მაიასგან ვისწავლე, შემდეგია – რაც უნდა უმნიშვნელო იყოს ჩემთვის, ცალკე აღებული ნუკა ორჯონიკიძისთვის, რომელიმე თემა, ამ გადაცემაში ყველაფერს უნდა მივუდგე ისე, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანს ჩემს ცხოვრებაში. მაშინ ყველაფერი საუკეთესოდ გამოვა. ჩვენ ასეც ვმუშაობთ – ყველა სტუმარი მნიშვნელოვანია. ასეც გრძნობენ თავს, როცა „ანფასში“ მოდიან.

13091861_10208077377265301_375903424_oვიცი, რომ ოჯახში ორი ჟურნალისტი გყავს. გაკრიტიკებენ?

ჩემი მეუღლე, ლევან ჯორბენაძე ჟურნალისტია. მან „კურიერიდან“ დაიწყო თავისი კარიერა. ახლა საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობს, ლევანის დედა ასევე ჟურნალისტი გახლავთ, მანანა მაზიაშვილი. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მაკრიტიკებენ. ძალიან მენდობიან, ენდობიან ჩემს გემოვნებას, იციან, რომ ცუდს არ გავაკეთებ. მოსწონთ იდეები, გადაცემის შეფუთვა, რასაც მე და ჩემი გუნდი ერთად ვაკეთებთ. პირველს ლევანს ვაჩვენებ  ხოლმე, მაგრამ ჯერ არ მქონია შემთხვევა, ეთქვას, ეს ასე არ გააკეთოო…

შენი შვილები ელოდებიან დედიკოს ტელევიზორში?

ორი გოგონა გვყავს. ძალიან აინტერესებთ, როგორი იქნება გადაცემა, რომლის გამოც ბოლო ერთი თვეა, მათთან მცირე დროს ვატარებ. ისინი შეჩვეულები არიან, რომ ჟურნალისტი მშობლები ჰყავთ, იციან მიზეზი, რატომ არ ვართ მუდმივად ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარები არიან, ეს ესმით ძალიან კარგად…

პირადი ცხოვრებისა და კარიერის შეთავსება ქალისთვის შესაძლებელია?

გააჩნია, როგორი პარტნიორი ჰყავს ქალს გვერდით. ლევანს ჩემზე ორჯერ უფრო დატვირთული გრაფიკი აქვს, ხან მე ვნახულობ მას დაძინებულს, როცა სახლში ვბრუნდები, ხან – ის.

13100968_10208077377145298_1945872096_nეს გამოცდაა სიყვარულისთვის?

სულ ვინარჩუნებთ მონატრებას. რაც უფრო ცოტა დროს ვატარებთ ერთად, მით უფრო ხარისხიანია ეს დრო. ჩვენმა სიყვარულმა ტესტი პირველივე ეტაპზე გაიარა. 19 წლის ასაკში გავთხოვდი. გაცნობიდან ორ თვეში გავყევი ლევანს, არადა, სულ არ ვარ სპონტანური ადამიანი. ბუნდოვნად მახსოვს, რატომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. როცა ერთად გადავედით საცხოვრებლად, მერე დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობა. ეს პერიოდი იყო ტესტი. გაგვიმართლა… რომ არ აღმოჩენილიყო, რომ ერთად გვინდოდა ცხოვრება, რომ მივიღებდით ერთმანეთის პლუსებსაც და მინუსებსაც, იმდენად არ ვიცნობდით ერთმანეთს, როცა ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ, სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი ოჯახის შენარჩუნება. კრიზისული პერიოდები თითქმის აღარ გვქონია.

რვა წელია, ერთად ვცხოვრობთ. ახლა ის ეტაპია, როცა არ ვებრძვით ერთმანეთის თვისებებს. ეჭვიანობა და შფოთვა ჩვენს ურთიერთობას არ ახლავს. ცალ-ცალკე ცხოვრება გვაქვს, მაგრამ მაინც ერთნი ვართ. ამისი ნაწილი გახდა ახლახან ჩემი საავტორო გადაცემაც (იღიმის)…

ფოტო: დათუნა აგასი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები