LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძის საოცნებო სახლი წყნეთში (ექსკლუზიური ფოტოსესია)

584

მაკა ზამბახიძე უკვე ერთი თვეა, წყნეთში ცხოვრობს. მან იქ მიწა იყიდა და ორი წლის წინ ხის ერთსართულიანი სახლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც უკვე დაასრულა, თითქმის მოაწყო და გადავიდა კიდეც. მომღერალი ამბობს, რომ როგორც კი საქმეებს მორჩება, თვალი არსად არ გაურბის და პირდაპირ თავის საოცნებო სახლში მიდის.

მაკამ „ფორტუნას“ ექსკლუზიურად უმასპინძლა ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის.

მაკა ზამბახიძე:

ამ სახლის მშენებლობა ორი წლის წინ დავიწყე. თავდაპირველად ვიყიდე ნაკვეთი, ოთხი წლის წინ. შემდეგ ვარჩევდი, რა ამეშენებინა და რა დიზაინით. ფინანსების გამოც გამეწელა. ბოლოს გადავწყვიტე ხის სახლის აშენება. ეს ადგილი რომ ვნახე, ნაძვნარი, ზუსტად წარმოვიდგინე ის, რა სახეც დღეს მიიღო. ძალიან მიყვარს ტყეში ხის სახლები. მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი ასრულდა და უკვე არ ვცხოვრობ. ერთი თვეა, აქ ვარ. ძალიან მომწონს. თბილისში, საქმეებს ვამთავრებ თუ არა, ინსტინქტურად მოვდივარ სახლისკენ, აქამდე მეგობართან შევირბენდი, ახლა არსად გაჩერება არ მიყვარს. შვიდ-რვა წუთში ვარ ხოლმე აქ. პირველ თოვლსაც აქ მოვესწარი, პატარა ზღაპარი მქონდა.

რასაც აქ ხედავთ, მზიდ კედლებს ჭერში, ეს არის ჩემი სიძის დამსახურება. საყრდენი ბოძებია და მირჩია მათი დატოვება, არ დაადაბლო ჭერიო. დიდი მადლობა კოკას ამ რჩევისთვის. ვინც კი შემოდის, თვალში საცემია ყველასთვის. ხელოსანთან ერთად დავაძველეთ, ბაწრებიც შევაბით და ასეთი ლამაზი და ორიგინალური გამოვიდა. მათი ფერი ჩემი „მოგონილია“, პარკეტისა და კარებებისაც. ეს ყველაფერი ასეთი ფერი არ ყოფილა, ბევრი პროცედურა გაიარა, სამი პირი გადავუსვით და ასეთი ფერი მიიღო.

შენი ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ ამ პროცესში?DSC_4245

არა, რადგან არ ესმით ეს ამბავი. ბოლომდე ჩემ თავზე ავიღე. ძალიან მომწონს რემონტის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დამღლელია, იწელება, ხელოსანზე ხარ დამოკიდებული, შერჩევაც რთული ამბავია… საბოლოო ჯამში, შედეგით  ძალიან კმაყოფილი ვარ.

ახლა რა გაქვს დასასრულებელი?

ეზო არ მაქვს დასრულებული, გალავანი, ბოძები, განათება და გამწვანება, ყველაფერი გასაკეთებელია. ვაპირებ პატარა ბაღის მოწყობას.

იმიტომ მომეწონა ეს ადგილი, რომ დილას კიბეზე რომ ჩამოვჯდები და ყავას ვსვამ, სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ, ჩიტების ჭიკჭიკია, ციყვები დარბიან, თან, არ არის ხმაურიანი ქუჩა, სამოთხეში ვცხოვრობ. ამას ყვავილებიც რომ დაემატება, აქ ყოფნას ნამდვილად არაფერი აჯობებს.

შენს შვილს მოეწონა თბილისს გარეთ ცხოვრება?

ძალიან მოეწონა, თუმცა ჩვენს ძველ სახლსაც ვერ სწყდება, მიჩვეულია ამდენი ხანი. ძაღლი გვყავს, რომელიც აქ არ ამომყავს, რადგან ერთხელ ამოვიყვანე და ისეთი ამბავი დაგვაწია (იცინის)… მართალია, სალომეს ძალიან უნდა, რომ აქ იყოს ძაღლი, მაგრამ ვერ ამოვაყვანინებ.

მაკა, სახლში უამრავი ძალიან ლამაზი ნივთი გაქვს და ალბათ, მათ დიდხანს აგროვებდი…

ვაგროვე და ვაგროვე… ბევრი რამ მქონდა ნაყიდი, სანამ სახლი გარემონტდებოდა. ნაყიდი მქონდა ავეჯიც, რომლებსაც მინახავდნენ. მისაღებს აკლია კუთხის დივანი, რომელიც შერჩეული მაქვს, თუმცა ფინანსების არქონის გამო ჯერ ვერ შევიძინე. ასევე მაკლია ტელევიზორიც. ეზოში ვაპირებ ავეჯის დადგმას: დაწნილი სავარძლები და შუშის მაგიდა…

DSC_4323ყველაზე მეტად რომელი კუთხე მოგწონს?

ძალიან მომწონს სამზარეულო, საძინებელიც… მისაღებში დროს ყველაზე ნაკლებად ვატარებ, რადგან ჯერ ბოლომდე არ მაქვს მოწყობილი. ტელევიზორი საძინებელში მაქვს და იქაც ხშირად ვარ. მიყვარს სიმყუდროვე. ეს კი გაშლილი სივრცეა. ველოდები სტუმრიანობას, როცა ამ მაგიდას გავშლი ხოლმე (იღიმის). ძალიან მინდა კაბინეტის როიალი, თუმცა ძვირი სიამოვნებაა. ფერიც ვიცი – შავი. ძალიან მინდა და რაც გინდა, ყოველთვის სრულდება (იღიმის).

ძალიან გემოვნებიანი სახლი გაქვს. თუკი მომღერლობას თავს დაანებებ…

(იღიმის) თუკი ასეთი რამ ოდესმე მოხდა, შემიძლია ვიყო ინტერიერის დიზაინერი. თუმცა ასევე კარგად ვაკეთებ ვიზაჟს და ასე რომ, ვიზაჟისტობაც შემიძლია.

ამ სახლში რომელია ყველაზე ძვირიანი და იაფიანი ნივთები?

საძინებელია ძვირად ღირებული, ერთი ნივთი არ არის ძვირი, მთლიანად დაჯდა დიდი თანხა. ისე, ფასს არ ვაქცევ ყურადღებას, მაგიდა და სკამები ფასდაკლებაზე ვიყიდე, საკმაოდ მიზერულ თანხად. არც ბრენდს აქვს ჩემთვის მნიშვნელობა და არც ფასს. ეს სურათი, რომელიც მისაღებში მიკიდია, სულაც არ არის ძვირად ღირებული, მაგრამ ძალიან კარგად გამოიყურება.

შენს სახლს როგორ შეაფასებდი, რა სტილშია?

არც თანამედროვე და არც ძალიან ძველებური სტილის. დაძველების ეფექტი ხომ ბოლო წლებში შემოვიდა და ძალიან მომწონს. მაკლია საათი, ვაპირებ, ორიგინალური საათი შევიძინო, შემოსასვლელში ბრებიც არ მაქვს, მაგრამ ეს ელემენტარული რაღაცებია. მთლიანობაში, დასრულებულია და სიამოვნებით გიმასპინძლეთ „ფორტუნას“ (იღიმის).

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები