LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაპით თუ მაპის გარეშე – საქართველო ნატოს წევრობის მოლოდინში

134

პრაქტიკულ დონეზე საქართველო ნატოს წევრობისათვის მზად არის და ახლა საჭიროა პოლიტიკური ინსტრუმენტი – მაპი, ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, განაცხადა. მისი თქმით, მაპის მიღების პროცესი სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის, გასათვალისწინებელია საერთაშორისო პოლიტიკური მოცემულობა.

”ჩვენ ყველა ვალდებულებას პირნათლად და კარგად ვასრულებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ  გვაქვს შესაძლებლობა, ნატოსგან მივიღოთ მეტი მხარდაჭერა როგორც რეფორმების განხორციელების, ისე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების  მიმართულებით” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც ეხება საკითხს, შეიძლება თუ არა, საქართველო ნატოში, მაპის გარეშე, გაწევრიანდეს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მაპის მინიჭების შემდეგ შეუერთდება. სესიაშვილის თქმით, თუ ნატო ამ გადაწყვეტილებას  მიიღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ალიანსში მალე გაწევრიანდება.

”მე არ ვამბობ, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო აუცილებლად მიიღებს მაპს. ეს არის პროცესი. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ თუ ვარშავის სამიტზე მაპს არ მივიღებთ, ეს ნატოს წევრობის საკითხს, საქართველოსთან მიმართებით, დროში გაწელავს. საქართველო მაპსა და წევრობას მიიღებს პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით” – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, ნატოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კომუნიკეში საქართველოსთან მიმართებით რაიმე კონკრეტული შენიშვნა ან რეკომენდაცია არ ყოფილა ჩაწერილი. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, ნატოს ზოგადი შენიშვნები და რეკომენდაციები ოთხივე ასპირანტ ქვეყანასთან აქვს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები