LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი მოუწოდებს ისრაელის კომპანიებს, საქართველოში განახორციელონ ინვესტირება

43

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად განაგრძობს ძალისხმევას მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ასეთ დაუცველ გარემოში, მთელი მსოფლიო მრავალი გლობალური საფრთხის წინაშეა და ამ პროცესში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი და კონტრიბუტორია გლობალური უსაფრთხოების დამკვიდრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული და ჩვენი მოსახლეობის 15% დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია.

აღინიშნა, რომ წელს საქართველო – ისრაელის დიპლომატიურ ურთიერთობებს 25 წელი უსრულდება, მაშინ როდესაც ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობა ორი ათას ექვსას წელს ითვლის, მას შემდეგ ჩვენი ხალხები საერთო მემკვიდრეობასა და ერთმანეთის უდიდეს ურთიერთპატივისცემას იზიარებენ.
შეხვედრისას ისაუბრეს აგრეთვე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
აღინიშნა, რომ საჭიროა საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისაკენ.
ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ლიბერალურ, სტაბილურ, უსაფრთხო და კორუფციისაგან თავისუფალ ბიზნესგარემოსთან ერთად საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა უკვე ხდის მას მიმზიდველ საინვესტიციო ქვეყნად.
შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ უნიკალურ შესაძლებლობებსაც, რომელსაც საქართველო სთავაზობს პარტნიორებს, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობითა და ინტეგრაციით. საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ისრაელის კომპანიებს საქართველოში განახორციელონ ინვესტირება სხვადასხვა მზარდ სექტორებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და მრეწველობა.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რუვენ რივლინის შეხვედრები საქართველოს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები