LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, დაძაბულობა მშვიდობიანად დაასრულონ

68

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

გიორგი მარგველაშვილმა სომხეთს და აზერბაიჯანს დაძაბულობის მშვიდობიანად დასრულებისაკენ მოუწოდა.

„დღეს მე ხაზგასმით მინდა მოვუწოდო, კავკასიის რეგიონში ჩვენს მეზობლებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მოახმარონ იმას, რომ მშვიდობიანად დასრულდეს დაძაბულობა, მშვიდობიანად განიტვირთოს ის გარემო, რომელიც სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრშია აქედან და მაქსიმალურად დიპლომატიური ხერხებით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვით მოხერხდეს დაძაბულობისა და კონფლიქტის ნეიტრალიზება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არსებული  რთული ვითარებიდან გამომდინარე,  პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუდმივ კოორდინაციაშია და კონსულტაციებს გადის როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ჩვენს საერთაშორისო მისიებთან. „არ ვაკლებთ ძალისხმევას იმას, რომ საქართველომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეგიონში ვითარების დეესკალაციას“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას, მსოფლიო ლიდერების მიერ მიღწეულ შეთანხმებებზეც ისაუბრა.

„რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონში მსოფლიო თანამეგბრობა შეთანხმდა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს კოორდინირებული, არა მარტო ერთი გეოპოლიტიკური ბლოკის და მსოფლიოს ნაწილის მიერ, არამედ მთელი  კაცობრიობის მიერ.

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ ალიანსს გააჩნია მეტი შესაძლებლობები იმისათვის, რომ მეტი სტაბილურობა შემოიტანოს, მეტი სიმშვიდე შემოიტანოს და განტვირთოს ვითარება. აქედან გამომდინარე, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არასოდეს დაუკლია საკუთარი ძალისხმევა გლობალური სტაბილურობისათვის და ეს ძალისხმევა არ გამოიხატებოდა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, არამედ გამოიხატებოდა იმ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა ისახელეს თავი.

ამ ქვეყნის პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ საქართველოში არანაირი კითხვა იმასთან დაკავშირებით – რა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, არ არსებობს!

ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ  და პოლიტიკურ მომავალს ევროკავშირში, ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ნატოს, როგორც იმ  უსაფრთხოების ქოლგას, რომელშიც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, გავერთიანდებით და რომელსაც ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენი თანამონაწილეობით და რომელიც კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს მოუტანს ქვეყნებს, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე გლობალურად! „ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები