LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიშკა ჯავახაძე იმის შესახებ, როგორ არ ჰგავს ბარბარე მანტკავას, სიყვარულზე, მეორედ დაოჯახებაზე და მარიხუანას გასინჯვაზე…

1265

მარიშკა ჯავახაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბარბარე მანტკავას განასახიერებს, გოგონას, რომლისგანაც რეალურ ცხოვრებაში ძალიან განსხვავდება. ამას თავადაც ხაზს უსვამს და მაყურებელიც მიხვდებოდა, თუკი ბოლო დროს რამდენიმე თოქშოუში მის გამოსვლას ნახავდა.

მარიშკას სასტუმრო „ამბასადორში“ შევხვდით, სადაც სპეციალურად „ფორტუნას“ საიტისთვის ინტერვიუ ჩავწერეთ და მისგან ბევრი საინტერესო მოსაზრება მოვისმინეთ.

როგორია პოპულარობა?

მარიშკა ჯავახაძე:

პოპულარობა არის ძალიან სასიამოვნო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები გცნობენ ქუჩაში და გიღიმიან. ვფიქრობ, ბევრად მეტი პოზიტივი მოაქვს, ვიდრე ნეგატივი.

ერთ-ერთ თოქშოუში შენი საუბრის შემდეგ თქვეს, უი, ეს გოგო ბარბარე მანტკავას სულ არ ჰგავსო…

ველოდებოდი ასეთ გამოხმაურებას, თუმცა არა ახალგაზრდა ქალებისგან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის პატიოსნება არ იზომება იმით, ვინ რამდენჯერაა გათხოვილი. შეიძლება, ქალი ორჯერ, სამჯერ გათხოვდეს (მეც გაშორებული ვარ ქმარს), მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ მან დაჩაგრულად უნდა იგრძნოს თავი. გოგონებისგან უარყოფითი რეაქცია გასაკვირია…

რაიმე ერთი თვისება აქვს ბარბარე მანტკავას, რომელიც გინდა, გქონდეს?

არაფერი გვაერთიანებს გარდა ბაბუს სიყვარულისა. ძალიან ნიჭიერი და საამაყო ბაბუა მყავს, რომელიც ძალიან მიყვარს – ბაბუაჩემი არის პოეტი, მწერალი ვახტანგ ჯავახაძე. სულ ვცდილობ, ყველგან აღვნიშნო, რომ ვახტანგ ჯავახაძის შვილიშვილი ვარ.

ბარბარეს თვისებებიდან ვისურვებდი მის შრომისმოყვარეობას, მინდა, მეც ვიცოდე ფრანგული, გამოვნახო დრო ფარიკაობაზე სასიარულოდ. ეს მომწონს ბარბარეში. ყაისნაღით ქსოვა არა, მაგრამ ქსოვა ვიცი, ბებიამ მასწავლა და მივიჩნევ, რომ მაგარი რამეა ნერვების დასაწყნარებლად. ვისაც სიგარეტისთვის თავის დანებება სურს, შემიძლია, ქსოვა ვურჩიო.

შენ ასე დაანებე?

არა, მე არ დამინებებია, მაგრამ ვიცი ერთი ადამიანი, ვინც ასე დაანება თავი სიგარეტს (იღიმის).

რა ინტერესები აქვს მარიშკა ჯავახაძეს, გარდა პოლიტიკისა?

ძალიან მაინტერესებს ცხოველთა დაცვის პრობლემა საქართველოში და ვცდილობ, მაქსიმალურად ჩავერთო. პოპულარობა, პირველ რიგში, იმიტომ მომწონს, რომ შემიძლია, ხალხს ხმა მივაწვდინო. ამას წინათ დამირეკეს ზესტაფონიდან, ძაღლს მანქანამ დაარტყა და ტრასაზე ეგდო. დავწერე სტატუსი და გახარებული ვარ, რომ უამრავი ადამიანი გამომეხმაურა, სად ჩავიდეთ და როგორ დავეხმაროთო. პოპულარობა გაძლევს საშუალებას, ხალხს გაუზიარო პრობლემა და მოაგვარო უფრო მარტივად, ვიდრე მანამდე მოაგვარებდი.

ამ თემის წევრი არ ვარ, მაგრამ დაინტერესებული ვარ ლგბტ თემით. მინდა, საზოგადოებამ ცნობიერება აიმაღლოს და იცოდეს, რომ მათი დაჩაგვრა და საზოგადოებისგან განყენება არ არის გამოსავალი. ჩემთვის ჩვეულებრივი ადამიანები არიან და განსხვავებას ვერ ვხედავ. ბევრჯერ შევსწრებივარ მათ პრობლემებს და არასასიამოვნო სანახავია… მიცდია დაცვა, თუმცა როგორც „პროფილის“ ყბადაღებული თემა გაჩნდა, ეს გოგო რეებს ლაპარაკობსო, ასევე ხშირად გავუკიცხივარ მათი დაცვის გამო.

პოპულარობის უარყოფითი მხარე არ არის ის, რომ შენი პირადი ცხოვრებით ინტერესდებიან?

ვინაიდან დღეს ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება, ეს ინტერესი არ მაწუხებს. ამგვარი ინტერესი ზოგადად, ბუნებრივია. მეც ვინტერესდები ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების დეტალებით. პოპულარობის უარყოფითი მხარე არის აგრესია, რომელიც ჩემ მიმართ მოდის სოცქსელში – ალბათ, ჩემი მოსაზრებების გამო, იმის გამო, რომ ვთქვი, გვერდზე არ მჭირდება კაცი, ვინც მეტყვის, ლამაზი ხარო, რადგან თავადაც ვიცი, რომ ლამაზი ვარ… ამპარტავნებად ჩამითვალეს. არა, უბრალოდ, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და არ მჭირდება გვერდზე კაცი…

მართლა ასეა?

მარტოობა არავის უნდა, მაგრამ იმისთვის, რომ თავი ქალად და ლამაზად ვიგრძნო, გვერდზე არც კაცი მჭირდება და არც ქალი. თავდაჯერება გამოვიმუშავე და ისედაც კარგად ვგრძნობ თავს, თორემ ყველა ადამიანს სჭირდება პარტნიორი.

როგორ ფიქრობ, ლამაზი ქალისთვის პირადი ცხოვრების მოწყობა უფრო რთულია?

არა მგონია, უბრალოდ, სილამაზესთან ერთად ცოტა ჭკუაც გინდა და გამართლებაც.

კარიერული წინსვლისთვის შენს გარეგნობას გამოიყენებდი?

გააჩნია, რა სფეროში ხარ. არსებობს პროფესიები, რასაც გარეგნული მონაცემები პირდაპირ უკავშირდება და არა მხოლოდ ეს, არამედ ისიც, როგორ იყენებ ამ გარეგნობას, ფლობ თუ არა სხეულის ენას და ა.შ. მაგალითად, მარკეტინგის სფეროში ეს აუცილებელია.

მსახიობობა არის ის საქმე, რასაც მიჰყვებოდი და კიდევ მეტად დაინტერესდებოდი?

სანამ ამ პროფესიას გავიცნობდი, სულ ვამბობდი, რა ამბავია 20-მილიონიანი ჰონორარები-მეთქი, ჰოლივუდს ვგულისხმობ… ახლა მივხვდი, რომ ეს ძალიან შრომატევადი და დაუფასებელი პროფესიაა საქართველოში. მე ცოტა მეძნელება. ნამდვილად რთული პროფესიაა, ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში… ერთადერთი რამ, რაც მინდა, ისაა, რომ როცა ბარბარე მანტკავას ხაზი დასრულდება, მომცენ მხიარული გოგოს როლი. ამას ვეუბნები გიორგი ლიფონავას, როგორც შემიქმენით კდემამოსილი იმიჯი, ისე მომაშორეთ-მეთქი, რადგან ბევრი ბარბარე მანტკავასთან მაიგივებს და ეს ცოტა არ მომწონს – ვერ ხვდებიან, რომ ის ბარბარეა და მე მარიშკა ვარ.

შენთვის რელაქსი რა არის?

ყველაფრით შემიძლია გართობა – მაგალითად, გავასეირნო ძაღლი, გადავიღო ვიდეოები და მერე მთელი დღე გავერთო იმით, რა სასაცილოდ აკეთებს რაღაცებს (იღიმის). ძალიან კარგად ვერთობი ჩემს ოთხ ნათლულთან ერთად, ძალიან მიყვარს ბავშვები და მივიჩნევ, რომ მათზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია. რასაკვირველია, მიყვარს მეგობრების წრეში გართობა, განსაკუთრებით, ბავშვობის მეგობრებთან. ასევე დიდი რელაქსია ჩემთვის წიგნის კითხვა…

ნარკოტიკი გაგისინჯავს?

გამისინჯავს, ზუსტად სამჯერ და არ მომეწონა. ყველას ხომ სხვადასხვანაირი რეაქცია აქვს „დაბოლილზე“, ჩემი რეაქცია ასეთი იყო – გადავწყვიტე, რომ პოლიცია მოდიოდა და მიჭერდნენ, გაიგო დედამ, მამამ… პოლიციის ხმა მესმოდა, დაწექით, მოდიან-მეთქი (იცინის). საქართველოში არასდროს გამისინჯავს, ნიუ-იორკში და ლონდონში და მაგარი პარანოიდული მოვლენები ახლდა. გადავწყვიტე, რომ მარიხუანა არ არის ის, რაც კიდევ უნდა გავსინჯო… მეტი არაფერი გამისინჯავს.

შენი ოჯახი, როგორც ჩანს, დიდ თავისუფლებას განიჭებს, რადგან ძალიან თავისუფალი ადამიანი ხარ.

ეს თავისუფალი აღზრდის შედეგია. დედაჩემიც და მამაჩემიც, ბებია-ბაბუაც ასე მზრდიდნენ, არასდროს მაკრიტიკებდნენ, სულ მქონდა ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება. ბავშვობიდან ჩამინერგეს კაცთმოყვარეობა. მადლობა ჩემს მშობლებს, რომ თავისუფალ გარემოში გავიზარდე.

ამაზე გავლენა იმანაც ხომ არ მოახდინა, რომ დიდხანს საქართველოში არ ცხოვრობდი…

შეიძლება, ამანაც მოახდინა. საკმაოდ დიდი ხანი, დაახლოებით 8 წელი, საქართველოში არ ვცხოვრობდი. თუმცა ნიუ იორკში ვცხოვრობდით მე, დედა და ჩემი მამინაცვალი. იქაც ოჯახური გარემო იყო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩემს ოჯახში ყველაზე მეტად ტრადიციების მოყვარული მე ვარ (იცინის). მომწონს ქართული ტრადიციები, სუფრა, მუსიკა. ბევრს გაუკვირდება, მაგრამ მიყვარს კარგი სადღეგრძელოების მოსმენა, რაც ჩემს მშობლებს არ უყვართ. მსიამოვნებს სუფრასთან გიტარით სიმღერის მოსმენა. მომწონს ქართული ქორწილის ტრადიცია, არა ღრეობა, არამედ ის, როცა ბიჭი გოგოს სახლში მიდის ხელის სათხოვნელად, მომწონს, როცა მამა თავის პრინცესას გადაულოცავს მეუღლეს. ეს გულისამაჩუყებელია.

შენც ასეთი ქორწილი გქონდა?

მე არა, ბოტასებით გავიქეცი და დავიწერე ჯვარი… ქორწილის დაგეგმვის დრო არ მქონია. ძალიან მიყვარს ქართული ცეკვა, თუმცა მე ვერ ვცეკვავ კარგად.

რა არ მოგწონს?

ქელეხი, რომელიც გადადის ღრეობაში. ჩემი აზრით, ქელეხი აუცილებელია, რათა ჭირისუფალს მძიმე დღის შემდეგ მიეცეს ყურადღების გადატანის და ახლობლების წრეში საკუთარი წუხილის გამოთქმის საშუალება.

მომწონს, როცა რამდენიმე თაობის ადამიანი ერთ სახლში ცხოვრობს. ასეთი გამოცდილება თავად არ მქონია და შეიძლება, არც მომეწონოს, მაგრამ კინოში მინახავს და მომწონებია.

ის, რომ ქართული ქორწილის ტრადიცია მომწონს, არ ნიშნავს, რომ უნდა ვიფიქრო, გოგო ერთხელ რომ გათხოვდება, სულ იმ კაცთან უნდა იცხოვროს და არ აქვს განქორწინების უფლება…

თავად რას ფიქრობ მეორედ დაოჯახებაზე?

აუცილებლად დავოჯახდები მეორედ. გავაკეთებ ისეთ ქორწილს, როცა მამაჩემის სახლიდან წამიყვანს ჩემი მომავალი მეუღლე…

როგორი ხასიათი გაქვს და როგორი წარმოგიდგენია ის ადამიანი, რომელიც შენ გვერდით იქნება?

ვფიქრობ, საკმაოდ მარტივი ხასიათი მაქვს. არ მაქვს განსაკუთრებული მოთხოვნები. ერთადერთი, რასაც ვითხოვ იმ ადამიანისგან, ვინც ჩემ გვერდით იქნება, ისაა, რომ იყოს მიმღები. თავი მაგრძნობინოს კომფორტულად, თავადაც თავისუფლად იყოს და მეც. ბიჭებმა ურთიერთობის დასაწყისში ხომ იციან, გამდადიდებელი შუშით რომ გაკვირდებიან… მინდა, დინებას მივყვეთ. აუცილებლად უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, რადგან ჩემ გვერდით სხვანაირად ვერ იქნება. აუცილებელია, რომ უყვარდეს ძაღლები. ჩემი ძაღლი ჩემზე მეტად უნდა უყვარდეს – ლოგინზე რომ ამოხტება, არ გაღიზიანდეს, სუფრასთან რომ ამოხტება, პირში სტაფილო ჩაუდოს, რადგან ძაღლებისთვის სასარგებლოა…

გარეგნობა არ არის მნიშვნელოვანი?

არა!.. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ბიჭები მომწონს, გარეგნობას არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მთავარია, იყოს ბიჭი და არა კაცი, რადგან მე თვითონ გოგო ვარ.

ვინმეს ადარებ ბიჭებს, მამაკაცის ეტალონი გყავს?

სულ ამბობენ, რომ გოგონები რჩეულებს მამებს ადარებენ. ჩემს ცხოვრებაში მამის ეტალონი ორია – მამაჩემი, ირაკლი და დედაჩემის მეუღლე, რეზო ადამია. ვფიქრობ, მათი მიქსი მაქვს წარმოდგენაში, თუ როგორი უნდა იყოს კაცი… ბაბუაჩემს რომ უყვარს ბებიაჩემი, ისე უნდა ვუყვარდე ჩემს რჩეულს…

untitled-3

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი თბილისი“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები