LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიტა აღარ ამშვენებს დედამიწას: ზეცაში მტრედი აფრინდა მახარობლად

1097

საქართველოს ულამაზესი, ენითუთქმელი ლიკა ქავჟარაძე აღარ ყავს. თუმცა ეს ქალბატონი ისეთი მოვლენაა, მასზე არასოდეს იტყვიან წარსულ დროში. ლიკა ქავჟარაძემ ქართველი ქალი, ქართველი ადამიანი და ჩვენი ქვეყანა სხვა სიმაღლეზე აიყვანა – მან მთელ ქვეყანაზე ახალი სტანდარტი დაამკვიდრა: ქართველი ადამიანის სილამაზის სტანდარტი.

შეუძლებელია მოძებნო სიტყვები, რომელიც ლიკა ქავჟარაძის სილამაზეს და სიდიადეს ოდნავ მაინც მიესადაგება.

საქართველოს ყავს ხალხი, რომელიც ვერ ეტევა ქართულ ჩარჩოში და ისინი მთელ მსოფლიოს ეკუთვნიან. ლიკა ქავჟარაძე, როგორც მოვლენა, ცდება ერთი ქვეყნის სივრცეს და მსოფლიოს საგანძურად დაიდებს ბინას. ლიკა ქავჟარაძე მთელი პლანეტის სახეა – სილამაზის, სათნოების, სიკეთის, სიყვარულის…

თავად ბუნებამ და განგებამ ისურვა, რომ მასში აესახა ღვთაებრივი მომხიბვლელობა და პრივილეგია მიეცა ქართველი ხალხისთვის, რომ ლიკა ქავჟარაძე აქ, ჩვენთან, საქართველოში დაბადებულიყო.

ჯერ კიდევ ნორჩმა ლიკა ქავჟარაძემ მარიტაში ასახა კაცობრიობის მთავარი სათქმელი და ის სილამაზისა და სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. სანამ იქნება ქვეყნად ადამიანი, მანამდე იცოცხლებს მარიტა და ლიკა ქავჟარაძე…

 

მხოლოდ შემსწრენი და მახსოვარნი დაუჯერებელ ზღაპარ-ამბავით გავიხსენებთ ხოლმე მარიტას სახისა და გულის სილამაზეს,

მარიტას სიკვდილმა, როგორც ხალხი იტყოდა, – მთები გადააბნელა, ქვეყანა დააცარიელა, ქვა დაადნო, კლდე დაშალა…

ხალხური ლექსი იტყოდა: მარიტას სული პეპელასავით გაფრინდა და ანგელოზები ზარის რეკვით შეეგებნენო!

იმასაც იტყოდნენ, ზეცაში მტრედი აფრინდა მახარობლადო, – მარიტა მოდისო!

საიქიოში ოქროს სკამი მიართვესო, დაღლილსაო.

ღვთისმშობელს ეთქვა თურმე: ფერზე გეტყობა, ძლიერ დაღლილიხარ, დაჯე, შვილო, შორიდან მომავალი ხარ!

იესო ქრისტემ კი ხელმანდილი ამოიღო, შუბლზე უნდა მოესვა, რომ გაეცოცხლებინა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყოო, მიწაზე დასაბრუნებლად ვერ გაიმეტაო, მოინდომა, სულ გვერდით ჰყოლოდა, ახლაც გვერდითა ჰყავსო ვარსკვლავადო…

 

საუკუნეები გავა სანამ ღმერთი საქართველოს ახალ ლიკა ქავჟარაძეს გამოუგზავნის. თუმცა ეს ერთიც საკმარისია იმისთვის, რომ სამუდამოდ დაიმკვიდრო ადგილი დედამიწაზე, მისცე თითოეულ შენ თანამემამულეს იამაყოს შენით და სულაც აღარ ჭირდება საქართველოს სხვა ლიკა ქავჟარაძე, სხვა მარიტა…

ლიკა ქავჟარაძის არყოფნას ანაზღაურებს იმის განცდა, რომ სილამაზე უკვდავია, ასეთი ადამიანები აძლევენ სხვა ადამიანებს მომავლის იმედს, მოტივაციას, ძალას, რწმენას, რომ სიცოცხლე ღირს და ამ სიცოცხლეში კი სწორედ სილამაზე ვეძებოთ…

ვუყურებდი მხიარულ, მზიან ყვავილს და არა მჯეროდა, რომ მარიტა აღარ ამშვენებს დედამიწას! არც ის მეჯერებოდა, რომ ამ მტვერსა და ნაგავში ასეთი ბრწყინვალე ყვავილიანი ხე ამოსულიყო თავისით!
მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები