LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლმადიდებლები დღეს დიდ პარასკევს აღნიშნავენ, უფლის ჯვარცმის დღეს

350

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს დიდ (წითელ) პარასკევს აღნიშნავს, იესო ქრისტეს ჯვარცმის დღეს. დიდი პარასკევის ღვთისმსახურება უფლის ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

ეკლესიებში წირვა არ აღესრულება, სრულდება სამეუფო ჟამნი, რომლის დროსაც კვლავ იკითხება სახარება მისი ვნების შესახებ.

სახარების მიხედვით, იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა იგი იუდას შემწეობით შეიპყრეს, წარუდგინეს პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა ითხოვეს. იგი გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და ერთი დასასჯელის განთავისუფლება შეიძლებოდა. პილატემ ავაზაკი ბარაბა გამოიყვანა და იკითხა: რომელი გავათავისუფლოთო. ხალხმა ბარაბას გათავისუფლება ითხოვა. პილატე არ იყო დარწმუნებული ქრისტეს დანაშაულში, მაგრამ ხალხის შფოთს მოერიდა, ტაშტი მოატანინა, ხელები დაიბანა და თქვა: ამ საქმეში მე უბრალო ვარო. ამის შემდეგ, ხალხის მოთხოვნით, ქრისტე ჯვარს აცვეს.

საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზე აღესრულა, სამი დღის შემდეგ კი ქრისტე მკვდრეთით აღსდგა. 

წითელ პარასკევს მაცხოვრის ჯვარზე ვნების მოსაგონებლად იღებება კვერცხი.

კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი ადამიანებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასფლავებას ეძღვნება და შუადღისას ორ საათზე აღევნილება, სახარების მიხედვით, სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე.

მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი – “საფლავი”, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში მაცხოვარია ამოქარგული.

საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები