LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროს მოდერნიზება და ავტობუსების დამატება იგეგმება – გაიზრდება თუ არა საფასური

71

2017 წლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კონკრეტულად ავტობუსებსა და მეტროში, მგზავრობის გადასახადის ახალი სისტემა ამოქმედდება. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, ცვლილების შემდეგ გადახდის ფორმა მოსახლეობისთვის უფრო მოქნილი გახდება, რადგან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მგზავრები საფასურს ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით გადაიხდიან.   მუმლაძის ინფორმაციით, მსგავსი მეთოდი არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, სტამბულში და პოლონეთშიც გამართლებულია.

”ჩვენ გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომლებიც მართავენ პრეზენტაციებს ჩვენთვის, ამ მიმართულებით. სტამბულში, პოლონეთში და სხვა ქვეყნებში ეს მეთოდი საკმაოდ კარგად მუშაობს.  უახლოეს პერიოდში ღია აუქციონს გამოვაცხადებთ და არჩევანი საუკეთესოზე შეჩერდება,” – აცხადებს მამუკა მუმლაძე

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, მამუკა მუმლაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მსგავსი სახის საგადასახადო სისტემაზე ისინიც გადაერთონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურენცია კომფორტის მხრივ გაიზრდება და მგზავრები შეუმცირდებათ.  ამას გარდა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აანონსებს, რომ თბილისის მერია მიკროავტობუსების რაოდენობას მგზავრთა ნაკადის მიხედვითაც დაარეგულირებს, რათა გარკვეული შეფერხებები თავიდან იქნას აცილებული.

2017 წლის ბიუჯეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ტრანსპორტის მიმართულებაა. მამუკა მუმლაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეტრო, ავტობუსთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაშია, თბილისის მერიას ამ მხრივაც არაერთი გეგმა აქვს – მატარებლებს დაემატება ახალი ეკონომიურ ძრავიანი ვაგონები, ასევე, დაიწყება მეტროსადგურების კაპიტალური შეკეთება.

”მეტროს ვაგონები მწყობრიდან იშვიათად გამოდის. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, მათ შლიან და თავიდან აწყობენ, რომ უკეთესად გამართული გახდეს. მომავალ წელს 30 ახალი ვაგონის დამატებას ვგეგმავთ და ვაპირებთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგოს,” – ამბობს მუმლაძე. 

ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა რადიო ”ფორტუნას” ახალი ავტობუსების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ათი ახალი ავტობუსი უკვე თბილისშია, რომელიც მუშაობას პირველი იანვრიდან შეუდგება,დეკემბრის ბოლომდე კი დამატებით 25 დაემატება.

რაც შეეხება ავტობუსსა და მეტროში მგზავრობის საფასურის შესაძლო გაზრდას, მუმლაძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და განაცხადა, რომ იმავე ფასად მოსახლეობა უკეთეს მომსახურებას მიიღებს. მიკროავტობუსებს კი მუმლაძე იმავე ფასის დატოვებისკენ მოუწოდებს.

მამუკა მუმლაძემ ყურადღება ტაქსების მიმართაც გაამახვილა და განაცხადა, რომ მომავალ წელს რეგულაციები ამ მიმართულებითაც იგეგმება, თუმცა  რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს.

 

ხატია ქირია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები