LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ გიორგაძე პროექტის „კინო სკოლაში“ ბრიტანელ პარტნიორს შეხვდა

32

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა პროექტის „კინო სკოლაში“ ბრიტანელ პარტნიორს მარკ ჰაიემს უმასპინძლეს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ჰაიემი განათლების ექსპერტია, რომელიც წლებია უძღვება საერთაშორისო პროექტებს კულტურული განათლების მხარდასაჭერად.

მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივ სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს, რომლის განხორციელებაც პროექტის „კინო სკოლაში“ ფარგლებში, უახლოეს მომავალში იგეგმება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მარკ ჰაიემი უკვე შეხვდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს, ხვალ კი იგი ეროვნული კინოცენტრის დირექტორს, პროექტზე მომუშავე ჯგუფს და კინოსპეციალისტებს შეხვდება. “კინო სკოლაში” კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. „კინო სკოლაში“ 2014 წელს დაიწყო და თავდაპირველად 40 სკოლას მოიცავდა. ამჟამად კი პროექტში 168 სკოლა და საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები.

2016 წელს პროექტმა “კინო სკოლაში” ევროკავშირის პროგრამის “Creative Europe” დაფინანსება მიიღო და მისი პარტნიორები ბრიტანული ორგანიზაცია „FILM LITERACY EUROPE LIMITED“ და ლიტვისა და ლატვიის კინოცენტრები გახდნენ.

პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად მოხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ქართული და უცხოური ფილმების ვებ პორტალის შექმნა, სასწავლო მასალების მოწოდება, მიმდინარე პროცესების მუდმივი მონიტორინგი და პროექტის განვითარებისთვის სპეციალური რეკომენდაციების შემუშავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები