LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოსთვის მზადება ახლა იწყება: ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან

53

ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი გუნდში ახალ ტაქტიკას ნერგავს, რომლითაც 2019 წლის მსოფლიო თასზე დიდი გუნდების წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ.
ირკვევა, რომ ამერიკულ ტურნეში უძლიერესი შემადგენლობით წავალთ. თუ რომელიმე ქართველი ლეგიონერის გუნდი საფრანგეთის ტოპ 14-ის ფინალში გავა, ის კანადასთან მატჩს გამოტოვებს და ნაკრებს ამის შემდეგ შეუერთდება.

„რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ ჰეიგმა თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდებს მისცა, რომელთა შორის 9 დებიუტანტი იყო:
2016 წელს ექსპერიმენტებისგან თავი შევიკავეთ. აღმავლობის პერიოდი გვქონდა და არ გვინდოდა რამეს ხელი შეეშალა. წლევანდელი „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ ახალი მოთამაშეების გამოსაცდელად გამოვიყენეთ. ეს იყო ერთადერთი შანსი, სადაც მათი შესაძლებლობები უნდა გვენახა.
სამომავლოდ, ამის საშუალება აღარ გვექნება, რადგან უკვე 2019 წლის მსოფლიოს თასისთვის ვიწყებთ მზადებას. მიუხედავად ამისა, ეს ტურნირი მაინც უნდა მოგვეგო. მიზანი ეს იყო, მაგრამ ვერ შევასრულეთ.

რუმინეთთან მარცხი ტურნირის წაგების ფასად დაგვიჯდა…

რუმინეთთან მარცხს ორი მიზეზი აქვს. ერთი მსაჯის უცნაური გარჯაა, როგორც მთლიანად მატჩის მიმდინარეობისას, ისე თამაშის დასკვნით მონაკვეთში. მეორე კი, ჩვენს მიერ შექმნილი ხელსაყრელი მდგომარეობების გამოუყენებლობაა. რამდენჯერმე შეგვეძლო ანგარიშში დაწინაურება, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

გუნდში რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე იხმეთ, მაგრამ არა 10 და 15 ნომრის პოზიციაზე…

ათი ნომრის პოზიციაზე გერმანიასთან რეზი ჯინჭველაშვილი გამოვცადეთ. ფულბეკს რაც შეეხება, გერმანიასთან მატჩში მერაბ კვირიკაშვილი ცენტურიონი გახდა. მერე ესპანეთთან და რუსეთთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გვქონდა და მისი სხვა მორაგბით შეცვლა არ გავრისკეთ. ასე იყო რუმინეთთანაც. თან ის სულ უფრო და უფრო უმატებდა.
ისე, ფულბეკის პოზიციაზე ბექა წიკლაური და ლაშა მალაღურაძე გვყავს სათადარიგოდ, რომლებიც ასევე დამრტყმელები არიან.

იმ ახალგაზრდა მორაგბეებიდან ვინც გასულ ტურნირზე გამოსცადეთ, ვინ გაამართლა იმედები და რომელი მათგანი შეიძლება ვიხილოთ უახლოეს ტესტებში?

ძალიან მომეწონა პირველხაზელები თორნიკე მატარაძე და ლაშა ტაბიძე. ორივეს უდაოდ კარგი მომავალი აქვს. ასევე გიორგი ცუცქირიძე, სოსო მათიაშვილი, გელა აფრასიძე და ირაკლი სვანიძე. აფრასიძე ჯერ ასაკით პატარაა და მას ცოტა უფრო შორეული მომავლისთვის განვიხილავთ.
მათიაშვილი და სვანიძე სწრაფი მორაგბეები არიან. ისეთები, როგორიც საქართველოს ნაკრებს ნამდვილად აკლია. გიორგი კოშაძე, ბექა გორგაძე და ოთარ გიორგაძე ახალბედებად აღარც განიხილებიან. შესანიშნავი მორაგბეები არიან. მიხარია, რომ რვა ნომრის პოზიციაზე ერთნაირად კარგი ორი მოთამაშე გვყავს – ბექა გორგაძე და ბექა ბიწაძე.
ივნისის ტესტებზე ტაბიძისა და აფრასიძის გარდა ყველა მათგანს გამოვიძახებთ, რადგან მათ წინ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ელით. გვეყოლება ერთი ახალი მორაგბეც – „ენისეის“ მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდით, გუნდში თამაშის ახალი სისტემის დანერგვაზე მუშაობთ. მორაგბეებს და ქომაგებსაც თამაშის ეს სტილი მოწონთ. გუნდსაც, შეიძლება ითქვას, რომ ხშირად გამოსდის კიდეც ახალი სისტემით თამაში, მაგრამ სასურველ შედეგს ყოველთვის ვერ ვიღებთ. რა აკლია ჩვენს ნაკრებს საიმისოდ, რომ თამაშის ხარისხი შედეგს შეესაბამებოდეს?

დიახ, ეს ახალი სისტემა მოქმედებაშია. რუმინეთთან მატჩისას, როცა ბურთი ხელიდან ხელში გადადიოდა, ბოლო პასს ვეღარ ვაკეთებდით. ეს იყო მიზეზი, რომ შეტევას შედეგი არ მოქონდა. როცა გუნდში ახალი მოთამაშეები შემოდიან, ფაქტობრივად, თავიდან გვიხდება ყველაფრის დაწყება. ძველებმა იციან რა როგორ აკეთონ. ახლებს რომ იგივე გავუზიაროთ დრო გვჭირდება.
ეს მუშა პროცესია. მოვა დრო ყველას ეცოდინება თავისი ადგილი და ფუნქცია და ანგარიშიც თამაშის ხარისხის შესაბამისი იქნება.
აქამდე უკანა ხაზი შეტევისას სიღრმიდან თამაშობდა, ახლა გადავწყვიტეთ ხაზი ამოვწიოთ და სიბრტყიდან ვითამაშოთ. ვიცი, რომ პირველ შემთხვევაში შეტევა იოლია, მაგრამ ამ მეთოდით ჩვენ შეგვიძლია ნამიბიას და ურუგვაის მოვუგოთ. მაღალი დონის გუნდებთან კი, შანსი არ გვექნება.
სიბრტყიდან თამაში ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებლად უნდა დავამუშავოთ და 2019 წლის მსოფლიოს თასზე შეტევის ეს მეთოდი ჩვენი იარაღი უნდა იყოს. ყველა დიდი გუნდი ახლა ასე თამაშობს. მას ბევრი უპაირატესობა აქვს. დაცვას უჭირს ასე მოთამაშე გუნდის იერიშის მოგერიება. მესმის, რომ სიღრმიდან თამაში უფრო კომფორტულია, ახალი პრინციპით თამაში კი არაკომფორტული. თუმცა, უნდა ვეცადოთ, რომ ის ჩვენი გუნდისთვის კომფორტული გახდეს.

ივნისის ტესტებამდე ბევრი აღარ დარჩა. რამდენად შესაძლებელი იქნება ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება?

ვისაც ტრავმა არ აქვს ივნისის ტესტებზე ყველა ითამაშებს. შარშან, ოკეანეთში, ბევრი ძირითადი მოთამაშე გვაკლდა. ამჯერად, ასე არ იქნება. ამასთან ერთად, გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები საფრანგეთის ჩემპიონატში. თუ ჩვენი მორაგბეების კლუბები ფინალში გააღწევენ, მათ პირველი მატჩის გამოტოვება მოუწევთ, რომელსაც კანადის ნაკრებთან გავმართავთ. მომდევნო ორ თამაშში კი, აუცილებლად იასპარეზებენ.

ჩვენი მეტოქეები კანადა, აშშ და არგენტინაა…

კანადამ ნოემბრის ტესტებზე ირლანდიის, ტონგასა და რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშა. გამოჩნდა, რომ გაუმჯობესებული აქვთ უკანა ხაზის თამაში. შერკინება საშუალო დონეზეა. აშშ-ს ნაკრებს ახალზელანდიელი მწვრთნელი ჰყავს. კარგი ათლეტებით დაკომპლექტებული გუნდია. სწრაფად დარბიან და არასდროს იღლებიან. თამაშის სტილით იაპონიის ნაკრებს წააგავს. არგენტინაზე კი, აბა რა გითხრათ. ყველამ კარგად იცის, რა დონის გუნდიცაა.

ახლახანს „მსოფლიო რაგბის“ ვიცე-პრეზიდენტმა აგუსტინ პიშოტმა ისევ ექვსი ერის გაფართოებაზე ისაუბრა…

ეს ძალიან კარგია. პიშოტი პატარა სარაგბო ქვეყნების “ადვოკატია”, რადგან ცოტა ხნის წინ არგენტინაც პატარა გუნდი იყო და კარგად იცის ეს რას ნიშნავს. ამ თემაზე საუბარი არ უნდა შეწყდეს. ფაქტია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები