LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მურუსიძე ასაღებდა პარაცეტამოლს, აგენტმა კი გამომძიებელს შეცვლილი ნარკოტიკი ნივთმტკიცებად მიუტანა – “ბასიანის” საქმის ადვოკატი

305

„ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას რამდენიმე დაკავებული კლუბში ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა. ინფორმაცია “ფორტუნას” დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატებმა, ხათუნა ხურცილავამ და გია გოროზიამ დაუდასტურეს.

როგორც ადვოკატებმა „ფორტუნას“ განუცხადეს, ციტრამონი და პარაცეტამოლი მტკიცებულების სახით არის ამოღებული.

სპეცოპერაციების ღამეს, პოლიციის მიერ დაკავებულ 22 წლის ქეთი მურუსიძის ადვოკატის, გია გოროზიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთია, რომლის შემთხვევაშიც დადასტურდა, რომ არა ნარკოტიკს, არამედ პარაცეტამოლს ჰყიდდა.

“ქეთი მურუსიძე ამ დრომდე იმყოფება ქალთა და არასრულწლოვანთა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. 5 საკონტროლო შესწავლიდან, 3 შემთხვევა იყო პარაცეტამოლი, ბოლო 2 კი – ნარკოტიკი. თუმცა, ხუთივე შემთხვევაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ყიდდა პარაცეტამოლს. დარწმუნებით ვამბობთ იმას, რომ ვინც ოპერატიურ-სამძებრო ღონისძიებაში იყო ჩართული პირი, ე.წ. აგენტი, სანამ მტკიცებულება გამომძიებელთან მიიტანა, მან შეცვალა პარაცეტამოლი ნარკოტიკული საშუალებით. ჩემ მიერ დასახელებული პარაცეტამოლი და ციტრამონი ნივთმტკიცებადაა ამოღებული და საქმეში დევს. მათ შორის არსებობს წერილობითი მტკიცებულებაც, დასკვნაც, რითაც დასტურდება, რომ 3 შემთხვევაში საქმე გვქონდა არა ნარკოტიკულ საშუალებასთან, ბოლო 2-ში – ნარკოტიკულ საშუალებასთან. თუმცა, მე ვამბობ, რომ ქეთი მუსურიძე 5-ივე შემთხვევაში ასაღებდა არა ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ ბოლო ორ შემთხვევაში აგენტმა შეცვალა ის გამომძიებელთან მიტანამდე,” – განუცხადა “ფორტუნას” გია გოროზიამ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 მაისს ღამის კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“ სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაციები ჩაატარეს, რის შედეგადაც 8 ახალგაზრდა დააკავეს, რომელთაც ბრალი ნარკოდანაშაულში ედებათ. სპეცოპერაციიდან ხუთი თვის შემდეგ, ყველა დაკავებული ჯერ კიდევ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ამჟამად პატიმრობაში რჩებიან 30 წლის ვიქტორ ჟამუტაშვილი, რომელიც კაფე „გალერის“ დაცვის წევრი იყო, 26 წლის ლაშა მამულაიშვილი, 22 წლის ქეთი მურუსიძე, 21 წლის მიხეილ მიქაძე, 23 წლის ბორის დარახველიძე, 24 წლის თორნიკე ჩუტკერაშვილი, 24 წლის ჯემალ ელიავა და 30 წლის გიორგი მამუკელაშვილი.

პოპულალურები