LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ქუთათელაძე: „ნანი მეუბნება, რომ დროა, დაოჯახებაზე დავფიქრდე…“

465

ნატალია ქუთათელაძე ნიუ იორკში, ჯულიარდის სახელგანთქმულ მუსიკალურ სასწავლებელში მაგისტრატურის ორწლიან კურსს გადის, ცნობილი ოჯახიშვილისთვის მუსიკის გარდა, სხვა არჩევანი წარმოუდგენელიც კი იყო. ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და ეკა მამალაძის შვილმა საოპერო კარიერა აირჩია და საკუთარი თავი სწორედ ამ კარიერის უმაღლეს საფეხურზე წარმოუდგენია. ფიქრობს, რომ პირადი ცხოვრების აწყობა არც ისე ადვილი იქნება, თუმცა ოჯახის წევრები 24 წლის გოგონას უკვე ახსენებენ, რომ დროა, დაოჯახებაზე დაფიქრდეს…

ნატალია ქუთათელაძე:

საქართველოში სამი თვით ვარ ჩამოსული სრული რელსაქსაციისთვის, თუმცა უსაქმურად არასდროს ვყოფილვარ. რაც გიყვარს, როცა იმას აკეთებ, ელოდები, აქტიურობ, ასეთ დროს საქმიანობა, როგორი დამღლელიც უნდა იყოს, სასიამოვნოცაა.

თბილისის კონსერვატორია დავამთავრე. 24 წლის გახლავართ. საოპერო შემსრულებელი ვარ, მეცოსოპრანო. მაგისტრატურას დავამთავრებ შემდეგ წელს ჯულიარდში. ცოტა რთულიც იქნება იმის ახსნა, რა საოცარი სასწავლებელია, ამ მხრივ, ალბათ, მსოფლიო ხუთეულში შედის. რთულია აღწერო პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა, რასაც იჩენენ სტუდენტების მიმართ. თუმცა არის მეორე მხარეც, მე ბევრი რამ არ მომწონს, გამოქცევაზეც კი ვიყავი და მერე ვიფიქრე, დავამთავრებ-მეთქი. წარმოუდგენლად დიდი ოდენობის მასალას ითხოვენ. სოლფეჯიო, ჰარმონია, მუსიკის ლიტერატურა, ამ საგნებს ვსწავლობთ. ალბათ, ჩემი ბრალია, სხვა რაღაცას ველოდებოდი და სხვა რამ დამხვდა. ამაში ცუდი არაფერია, წარმოუდგენელ განათლებას იღებ, მაგრამ მეგონა, თეორიის მაგივრად, უფრო მეტი პრაქტიკული გამოცდილება მექნებოდა, უფრო მეტად ვიდგებოდი სცენაზე. კი, იყო მცირე როლები, და დიდ როლებზე ჯერჯერობით პრეტენზია არც მაქვს, მაგრამ უფრო მეტი მინდოდა. ზოგადად, უკვე მივეჩვიე და მიმაჩნია, რომ ტყუილად არაფერი ხდება ცხოვრებაში…

DSC_2530მიწევს ძალიან ბევრი მეცადინეობა. შაბათსაც ვსწავლობ. კვირა დღეს ვისვენებ. ამ დღესაც არსად წასვლა არ მსურს, სახლის საქმეებიც მიგროვდება და იმას ვაკეთებ. გამიმართლა, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, ქართველები ცხოვრობენ იქ. როგორც კი თავისუფალი წამი მაქვს, ვცდილობ, შევიქმნა ის თბილისური გარემო, რასაც მიჩვეული ვარ და სადაც გავიზარდე. არანაირად არ მაქვს ურთიერთობა იქაურებთან. ჯულიარდის კარი რომ იხურება, იქვე სრულდება ჩვენი ურთიერთობები.

კიდევ უფრო მეტი დადებითი დავინახე, რაც საქართველოდან წავედი. ბევრი რამ გადავაფასე. ადრე თუ ვიტყოდი, ქართველებს არაფერი გვეშველება-მეთქი, რაც ნიუ-იორკში გადავედი, უფრო მეტი დავინახე ჩემი ქვეყნისა და ხალხის. საოცრად ნიჭიერი და განსაკუთრებული ერია…

რა თქმა უნდა, ჯულიარდში ხვდებიან განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ რომ შევადაროთ ჩვენს კონსერვატორიას, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი სტუდენტები რაიმეთი ჩამოუვარდებიან მათ. უბრალოდ, განსხვავება მენტალიტეტშია. ისინი 24 საათი ფიქრობენ თავიანთ საქმეზე, არ არსებობს ოჯახი, მეგობრები, დროსტარება, იმ დოზით, რაც ჩვენ ვიცით. როცა ადარებ, ხვდები, ბევრად მოკლე დროში უფრო მეტ პროფესიონალად ყალიბდებიან, ვიდრე ჩვენ. ამას მეც ვგრძნობ. ახლა, მაგალითად, ერთმანეთს რომ ვემშვიდობებოდით, მკითხეს, რას აპირებო და ვუპასუხე, თბილისში მივდივარ არაფრის საკეთებლად-მეთქი (იღიმის). მათგან აბსოლუტურად ყველა მიდიოდა ან ხუთკვირიან კურსზე, ან ფესტივალზე და ა.შ. შოკი მივიღე, ვეკითხებოდი, ან ოჯახის წევრები არ გენატრებათ ან მეგობრები-მეთქი? (იღიმის).

დედასა და ბებიას რომ უყვები, რას გეუბნებიან?

ბევრი რამ უნახავთ და ელოდებოდნენ, რომ ბევრი ფაქტით განცვიფრებული ჩამოვიდოდი. როცა უცხოეთში არ გიცხოვრია და არ იცი მარტო ცხოვრების გემო, ყოველდღიურად ბევრი რამ გაგკვირვებს. ამაზე ვერანაირად ვერ გაგაფრთხილებენ. ჩემს მეგობარს ვურჩევ ახლა და მაინც არ ესმის. ვერც გაიგებს, სანამ თავად არ გაივლის ამ გზას, მარტო ცხოვრების უცხო ქვეყანაში.

DSC_2472ახლა რა პერიოდი გაქვს? თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

პედაგოგთან აუცილებლად ვივლი, ფორმის შესანარჩუნებლად. ისე კი, თბილისიდან გასვლაზე არც ვფიქრობ. გონიოში პატარა სახლი გვაქვს, მაგრამ იქაც არ მინდა წასვლა. ჩემი სახლის პერიმეტრს არ ვცდები. იქ ვარ ბედნიერი, იქ ცხოვრობენ ახლოს ჩემი მეგობრები, ფეხით დავდივარ, ხილ-ბოსტნის მაღაზიის გამყიდველით დაწყებული, ყველა ჩემი ნაცნობია, სულ ნოსტალგია მაქვს და ვგიჟდები. ნანი და ეკა თურქეთში იყვნენ და ჩემთვის არც შემოუთავაზებიათ. ჩემი დღის გეგმაში შედის, მოვინახულო ის ადამიანები, რომლებიც ძალიან მენატრებიან.

ნიუ-იორკში რაც გადახვედი, ჩაცმულობის სტილიც ხომ არ შეიცვალე?

ყველაფერი დამოკიდებულია შენი დღის რეჟიმზე. ნიუ იორკში მანამდეც ვყოფილვარ არაერთხელ. ვიცოდი, როგორი ქალაქიც იყო. ის იმდენად დიდ თავისუფლებას განიჭებს, რომ ყველაფერზე ახდენს გავლენას, მათ შორის, ჩაცმის სტილზეც. ნიუ იორკში რომ მნახოთ, ნამდვილად ვერ იფიქრებთ, რომ მე მაქვს. ესეთი ჩაცმული, ალბათ, წავალ, რომ ვკვდებოდე და გადასხმაზე მივყავდე საავადმყოფოში. დავდივარ აგებით, ლეგინსებითა და დიდი ხალათით. ამერიკელებს აბუჩად ვიგდებთ, სულ ბოტასებით დადიანო, მაგრამ ასეა, გიწევს ფეხით, მეტროთი სიარული, უფრო ცივი კლიმატია. საცხოვრებლად საკმაოდ რთული ქალაქია. ჩემი ოცნება იყო იქ ცხოვრება, თითქოს ყველაფერი გამარტივებულია, მაგრამ მაინც ძნელია. თბილისში მცხოვრებლები დიდ კომფორტს ვართ მიჩვეულები, ექიმთან რომ ორი თვით ადრე ეწერები, მერე აფასებ, რომ ეს შეიძლება, პრობლემა იყოს. ამ რეჟიმით არსად არ არის სასიამოვნო ცხოვრება. ბევრი იტყვის, ხმას როგორ იღებს, ნიუ იორკში ცხოვრობსო. მაგრამ ტურისტები ბევრად მეტს ნახულობენ, ვიდრე მე. მე ამისი დრო არ მაქვს. თუ დრო მაქვს, მინდა დავისვენო. ცოტა რთული აღმოჩნდა ჩემთვის ამასთან შეგუება, როგორც ჩანს, სხვა ტიპაჟი ვარ… სექტემბრიდან მაისამდე უნდა გავძლო (იღიმის).

DSC_2418პირადი ცხოვრებისთვისაც, ალბათ, ვერ იცლი. არ გეკითხებიან, როდის თხოვდებიო?

ჩემთვის მოულოდნელი და ახალია ჩემი ოჯახის წევრების დამოკიდებულება ამ თემისადმი. ჩემი მეგობრები ცოტა ადრე გათხოვდნენ და ჩემს ოჯახს ისეთი რეაქცია ჰქონდა, გათხოვება ძალიან ცუდი რამ მეგონა (იცინის). ამ ბოლო დროს ნანი მეუბნება, უკვე დაოჯახების დროაო. მამიდაჩემიც ამბობს, უკვე დროა, ფიქრი დაიწყოო. რომ გაჩნდა ეს აზრი და სურვილი, რომ დროა ამაზე ზრუნვის, ეს ჩემთვის ძალიან უცხოა (იღიმის).

რაც შეეხება პირადს, არაფერი საინტერესო და მოსაყოლი არ არის. სასიამოვნო ფაქტია ის, რომ ნიუ იორკში, კვირაში ერთხელ ან ორჯერ მომდის დიდი და ლამაზი თაიგულები, მაგრამ არ ვიცი, ვისგან… ზოგადად, ნიუ იორკში წარმოუდგენელია, პირადი ცხოვრება მქონდეს, მით უმეტეს, ჩემს გრაფიკში…

როგორია ის ადამიანი, ვინც შენს მოხიბვლას შეძლებს?

ყველას თავისი იდეალი ჰყავს. ზოგ ქალს სუსტი მამაკაცი მოსწონს. არ მინდა, სხვანაირად გამომივიდეს, მაგრამ არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი, ამიტომ დე, იყოს ჩემზე ძლიერი, ჭკვიანი, ჩემზე გამოცდილი. მინდა, სიგიჟემდე ვამაყობდე ჩემი მეორე ნახევრით. თუ ასეთი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც ძალიან შემიყვარდება, აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვიქნები და მის არც ერთ პრეტენზიას არ მივიღებ შეურაცხყოფად. მაგრამ ეს ორმხრივი უნდა იყოს, დამთმობი ამ შემთხვევაში ვიქნები. ძლიერი ადამიანი ვარ. თუ დადგა მომენტი, რომ მომიწევს საკუთარი თავის გატანა, იქ ზუსტად ვიცი, ყველაფერს ვიზამ და არ შემეშინდება. არ მსიამოვნებს, როცა ქალი მამაკაცს მართავს. არ მომწონს იმაზე ლაპარაკი, რომ ყველა კაცი ერთნაირია.

იმასაც ამბობენ, რომ  კაცს ღალატი ეპატიება…

ტკივილსა და გულისტკენაზე თუა საუბარი და თუ შევადარებთ, აბსოლუტურად იგივეა. ქალსაც და მამაკაცსაც შეიძლება, ჰქონდეთ არაადეკვატური რეაქცია ღალატზე. ზოგჯერ ქალებს არ უღირთ მამაკაცების დაკარგვა ფინანსური მომენტის გამო, მაგრამ ეს არ მესმის. მე ისედაც ჯიუტი და თავმოყვარე ვარ, არ არსებობს, ასეთი რამ ვაპატიო. მირჩევნია, ვიცოდე… ერთსაც ვიტყვი – ქალის პრობლემაცაა, როცა მამაკაცი მისგან მიდის. ვიმუშავებ იმაზე, რომ ეს ადამიანი ჩემთან ისე იყოს, სხვანაგან გახედვა არ მოუნდეს. თვალი ყველას გაურბის, კაცსაც და ქალსაც, და ეს ნორმალურია. უბრალოდ, ქართველების მენტალიტეტია, რომ კაცს ღალატი ეპატიება. რაღაცები ბოლოს მაინც თავმოყვარეობამდე მიდის. ვიღაცები ხუჭავენ თვალს, მე არ დავხუჭავდი.  ეს თავის მოტყუებაა…

DSC_251310 წლის შემდეგ როგორი ნატალია წარმოგიდგენია? – სახელგანთქმული საოპერო მომღერლის თუ  ოჯახურ  ამპლუაში? ორივეს შეთავსება რომ რთულია, გეცოდინება ეგ ამბავი…

ნამდვილად ვიცი, რაზეც საუბრობ. ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან ახლოსაა ჩემთან და არ მიჭირს. ჩემს ძმას პირველი შვილი გაუჩნდა, ვერ აბანავებდნენ, მე მივდიოდი და ვბანდი. ძალიან მომწონდა ეს ამბავი. სიამოვნებით მეყოლებოდა შვილი… ვიცი, რომ ჩემ შემთხვევაში ეს ყველაფერი შორეული პერსპექტივაა. იმდენად მჯერა და იმედი მაქვს, რომ კარიერული წინსვლა მექნება. სამწუხაროდ, არ არის საქართველოში იმის საშუალება, რომ კარიერა აქ ავაწყო. სულ მომიწევს საზღვარგარეთ ყოფნა, აქედან გამომდინარე,  ვეღარ ვხედავ სამზარეულოს, ოჯახსა და მოსიყვარულე ქმარს, მაგრამ სიამოვნებით ვიქნებოდი ამ გარემოში…

საკუთარი სახელისა და გვარის კომპლექსი არ გაქვს პრიად ცხოვრებაში?

არ ვარ ისეთი ცნობილი, რომ ამის გამო კომპლექსი მქონდეს. საერთოდ არ მივიჩნევ საკუთარ თავს ცნობილ ადამიანად. არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, რომ ნატალია ქუთათელაძეობის კომპლექსი მქონდეს. ვინც ასე მიყურებს, რომ ნანის შვილიშვილი ვარ და ორჯერ ტელევიზიით მიმღერია, მას აქვს პრობლემა. ასე რომ, კომპლექსის მიზეზი ნაკლებად მაქვს (იღიმის).

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

 გადაღების ადგილი: სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები