LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ყიფშიძე: „კრისტის ვთხოვ, რომ გათხოვდეს, პატარა და მინდა…“

507

კრისტი ყიფშიძესა და მის გოგონას, ნატალიას „ქორთიარდ მარიოტის“ მყუდრო კაფეში შევხვდით. დედა-შვილი, როგორც აღმოვაჩინეთ,  ხასიათით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. კრისტი დამთმობია, ნატალია საკმაოდ ჯიუტი. 16 წლის გოგონა დედას რჩევებს ისმენს, მაგრამ ნაკლებად ითვალისწინებს. კრისტი ცდილობს, შვილს თავისუფლება მისცეს, თუმცა რამდენიმე მოთხოვნა აქვს, რომელთა შესრულებაც ნატალიას ძალიან უჭირს ხოლმე.

ნატალია:

დედის კუთხიდან რომ შევხედოთ, უნდა, რაღაცები გამოასწოროს, მაგრამ ყველა დედას მივმართავ, ეს ცუდი ხერხია, რადგან თქვენ წინააღმდეგ მოვდივართ და პირიქთ, უარესს ვაკეთებთ. ჯობია, უბრალოდ, აუხსნათ თქვენს შვილებს, რას ითხოვთ და რატომ. ამას დედაჩემი ადრე არ აკეთებდა, ახლა აკეთებს. ცუდია, თუკი დედა-შვილის ურთიერთობაში მესამე პირი ერევა.

კრისტი:

ჩემი მოთხოვნაა, რომ დროზე დაიძინოს, რადგან დილას ადრე ადგეს და გამოძინებული წავიდეს სკოლაში, იყოს რეჟიმში, დროულად ჭამოს, მაგრამ მაინც ისე აკეთებს, როგორც თავად უნდა.

ნატალია:

ვცხოვრობ ისე, როგორც მე მინდა. ვარ ჩემს ოთახში წყნარად, შემოდიან და მიშლიან ხელს (იცინის).

კრისტი:

მე ასეთი არ ვიყავი. დედაჩემს ვუჯერებდი. ნატალია ხასიათით საერთოდ არ მგავს, უფრო მამას ჰგავს. ნატალიას ბევრი დადებითი თვისებაც აქვს, მთლად ასეთი ცუდი ბავშვიც არაა, ძალიან მიზანმიმართულია.

ნატალია:

ყოველთვის ცუდს ამბობს ჩემზე. რაც კარგი მაქვს, არასდროს აღნიშნავს. ახლა თქვა იმიტომ, რომ ცუდად შევხედე (იცინიან).

მგონი, ახლა შენ უფრო ჰგავხარ დედას…

კრისტი:

სულ მაკონტროლებს, ეს ფოტო არ დადო,  ცოტა ვულგარულიაო (იღიმის).

ნატალია:

დედამთილივით ვარ (იცინის). კრისტის ფოტოები მომწონს, მაგრამ ჩემთვის არსებობს რაღაც საზღვრები.

ერთმანეთის დადებით თვისებებზეც გვითხარით რამდენიმე სიტყვა.

დადებითი?.. ნეტავ, ყველას გყავდეთ კრისტისნაირი დედა. ბავშვობიდან მაძლევს თავისუფლებას, რომელიც ბევრ რამეში მეხმარება. თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი რამე გააკეთო, თუმცა როცა დედას ეუბნები, რომ გინდა რაღაცის სწავლა და ის ყველანაირად გიწყობს ხელს იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, არ მოსწონდეს, ეს კარგი თვისებაა. ბევრი დედა ასე არ იქცევა. დედას რაღაც რომ უნდოდა ბავშვობაში და მერე ეს მისმა შვილმა უნდა გააკეთოს, მიუღებელია. კრისტიმ სხვა რაღაცებს შემაჩვია.

კრისტი:

პირველივე დღიდან ყველაფერს ვუსრულებ. ეს არ ნიშნავს მის გათამამებას და გაფუჭებას, უბრალოდ, ბავშვი არ უნდა შეზღუდო. როცა ვეუბნები, ეს არ გააკეთო, ინანებ-მეთქი, მაინც აკეთებს. მერე მოდის და მიყვება, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგა. ასეა, ვფიქრობ, ადამიანები საუკეთესოდ საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ. სხვა სკოლაში უნდოდა გადასვლა, გავაფრთხილე, არ გინდა-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. იქ მხოლოდ სამი თვე ისწავლა… ალბათ, თვითონ უნდა გაიჭირვოს და ეტკინოს…

გიორგისაც არ უჯერებ, ნატალია?

არა (იცინის). ყველა გოგო მამიკოს ანგელოზია, მაგრამ ზოგჯერ ანგელოზები არ ვართ ხოლმე (იღიმის). თუ არ მინდა, მაინც არ გავაკეთებ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ.

კრისტი, ნატალიას თაყვანისმცემლებზე იცი რამე? გიყვება ამბებს?

ნატალია:

ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება…

კრისტი:

პრინციპში, მე არ მიყვება, უყვება ბებიას და ბაბუას. ადრე მომიყვა რაღაც ამბავი და ყველას ვუთხარი, მათ შორის, გიორგისაც (იცინის).

ნატალია:

შენ იმიტომ არ გიყვები, რომ არ ინტერესდები. ცოტა ხნის წინ რაღაცის მოყოლა მინდოდა, ჩემს მეგობართან დავრჩი… კრისტისთვის მოყოლა რომ დავიწყე, თვითონ დაიწყო ლაპარაკი… ფეხსაცმელზე. წავედი და ბებია-ბაბუას მოვუყევი იგივე ამბავი.

კრისტი:

კივილი რომ გავიგე, მივხვდი, რომ რაღაც ისეთი გააკეთა, რაც არ უნდა გაეკეთებინა (იცინის).

კრისტის პირადი ამბები იცი?

ნატალია:

კრისტისთან არაფერი ხდება ჩემ გარდა. რამე მნიშვნელოვანია თუა, იტყვის. იმედი მაქვს, საიდუმლოებები არ აქვს (იღიმის).

კრისტი:

ნატალია აკონტროლებს ამასაც. გათხოვებაზე არც ვფიქრობ, მაგრამ მთავარია, ნატალიას მოსწონდეს, მასაც უყვარდეს ნატალია.

ნატალია:

ჩემთან კარგი ურთიერთობით შეუძლიათ კრისტის გულის მოგება. მინდა, ჩემნაირი ინტერესი ჰქონდეს, საინტერესო ადამიანი იყოს, ხელოვნება უნდა იცოდეს. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ჩემნაირი გემოვნება ჰქონდეს, მაგრამ დედაჩემის გვერდით არ მინდა ადამიანი, რომელიც უინტერესოა. დედაჩემთან ერთად თუ იქნება, მათთან ერთად მეც ხშირად უნდა ვიყო.

კრისტი:

ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, იტყვის, კრისტი ვერასდროს გათხოვდებაო.

ნატალია:

მე მყავს ჩემი კანდიდატურები (იცინის). ვიხუმრე. ზოგი მომწონს, ზოგი – არა. კრისტის ვეუბნები, გათხოვდი-მეთქი და მას არ უნდა. მინდა პატარა და, არ შეიძლება, ერთი სურვილი ამისრულოს? მამაჩემს ბიჭი ჰყავს, ძალიან საყვარელია ალექსანდრე, მაგრამ კრისტის გოგო მინდა, ეს დიდი ბედნიერება იქნება…

კრისტი:

მე ვეუბნები, რომ როგორც საჭიროა, ისე მოხდება. არაფრის დაგეგმვა არ მიყვარს. ერთადერთი ვგეგმავ წინა საღამოს, მეორე დღეს სად უნდა წავიდე, მეტი არაფერს. ცხოვრება არასდროს დამიგეგმავს, ყველაფერი სპონტანურად ხდებოდა. ნატალიას გაჩენაც არ დამიგეგმავს და თავისით მობრძანდა (იღიმის).

ნატალია, რა პროფესიაზე ფიქრობ?

ბევრი რაღაც მომწონს ერთდროულად და ვერ ვხვდები, რას გავყვე. მოდელობა არ მინდა. ხიბლი აღარ აქვს. კრისტის პერიოდში ამ პროფესიის ბუმი იყო. კრისტი და რამდენიმე გოგონა ჩანდა. ახლა კი თითქმის ყველა გოგონა მოდელია.

კრისტი:

მეც ვფიქრობ, რომ დღეს მოდელობა საინტერესო აღარ არის. რაც შეეხება მსახიობობას, უფრო საინტერესოა, თან, გენეტიკაც უწყობს ხელს. ხუთი წლისამ პირველი როლი ითამაშა.

ზურა და გიორგი რას გეუბნებიან, გამოვა შენგან მსახიობიო?

ნატალია:

თუ მომინდება, ხელს შემიწყობენ. ისე არაფერს მეუბნებიან. ხანხადახან ბავშვს უნდა ურჩიო, საით წავიდეს. ახლა რჩევები მჭირდება. არ ვიცი, რაზე ჩავაბარო, წერაც მიყვარს, მსახიობობაც მინდოდა სულ.

კრისტი:

კიდევ ორი წელი გვაქვს წინ, მინდა, საზღვარგარეთ ისწავლოს.

ნატალია:

ინგლისურად ვწერ წიგნს, რაც რთულია. ვიცოდი, რომ არავის უნდა ენახა, არ უნდა გამომეცა. ახლა, როცა გადავწყვიტე, რომ წიგნი გამოვცე და არ დარჩეს რვეულში, თანაც, ილუსტრაციებიც მე უნდა შევქმნა, მესამე თვეა, მეორე თავზე გავიჭედე. მეშინია, ვიღაცები არ მიხვდნენ ამ წიგნიდან ბევრ რამეს. ისიც მეშინია, რომ ილუსტრაციები არ დაიწუნოს ვინმემ. იმედი მაქვს, აღარ შემეშინდება და გამოვცემ. ბევრს აინტერესებს, რატომ ვწერ ინგლისურად. მერე მინდა, უცხოეთში გამოიცეს და თარგმანი არ მიყვარს, ამიტომ ვწერ პირდაპირ ინგლისურად.

კრისტი, როგორიც გაიზარდა ნატალია, ასეთი წარმოგედგინა?

ამაზე არასდროს მიფიქრია. როგორიც მომწონდა და მიყვარდა, ისეთია. აქვს თავისებური სიჯიუტე, რაზეც უკვე ვილაპარაკე. ძალიან სამართლიანია, არ უყვარს ტყუილი, სადმე თუ მიდის და ტელეფონი დაუჯდა, აუცილებლად სხვისგან მომწერს, სადაა. ახლა ამერიკაში ვიყავი, მაგრამ სულ ვიცოდი, სად და ვისთან ერთად იყო. აქ მთავარი ნდობის ფაქტორია. დედა-შვილურად არა, უფრო მეგობრულად ვართ. დედას მეძახის, როცა ფული უნდა ან რამე სჭირდება. ისე კრისტის მეძახის. ბათუმში ვიყავით, იქ გახდა 16 წლის. მითხრა, დილამდე ყველა კლუბი უნდა მოვიაროო. დედაჩემი არ იძინებდა მის გარეშე. მე ვეუბნებოდი, დაიძინე და მოვა-მეთქი. დილით რომ გავიღვიძე, ვნახე, ათი ნომრიდან ჰქონდა მოწერილი სხვადასხვა მესიჯი, ახლა აქ ვარ და იქ ვარო (იღიმის). ტელეფონი დაუჯდა და სხვებისგან მწერდა.

მოკლედ, სირთულეები გაქვთ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც უგებთ ერთმანეთს.

კამათი ყველა ურთიერთობაშია. ყველაზე ძალიან მომწონს ნატალიაში, როცა რამე უნდა, არ არსებობს, არ გააკეთოს. საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გამოუვა.

ნატალია:

ახლა ამატირებს. არ ვარ მიჩვეული, კრისტი რომ მაქებს (იღიმიან).

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: „ქორთიარდ მარიოტი“ 

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები