LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

37

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერსა და დელეგაციის წევრებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო – სომხეთის ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მისთვის უაღრესად სასიხარულოა ახლად არჩეულ, დემოკრატ ლიდერთან შეხვედრა, რაც საქართველო – სომხეთის ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო ახალ ელფერს შესძენს.

დღესვე ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკოლ ფაშინიანს პრემიერმინისტრად არჩევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში ხელისუფლების შეცვლის პროცესის მშვიდობიანი დასასრული ქართულ-სომხური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების დასაწყისი იქნება.

ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა ორი ქვეყნის საერთო მიზნები განიხილეს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მთავარი საერთო მიზანი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა და განმტკიცებაა.

საუბარი, ასევე, საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს შეეხო. სომხური მხარის თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, საქართველოს გამოცდილება მათი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურში განმარტავენ, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის ელჩებს მადლობა გადაუხადეს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ხაზი გაესვა მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების საჭიროებას. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები