LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ქათამაძე: „მუსიკის გარდა არ მქონია სხვა ცხოვრება და ვერც წარმომიდგენია…“

127

ნინო ქათამაძის კონცერტზე მუსიკალური ექსპერიმენტების მოყვარულები ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებენ. მუსიკოსისთვის თითოეული კონცერტი შემოქმედებითი პროცესია. აქ დაგროვებულ ენერგიას, რომელსაც აუდიტორიისგან იღებს, შემდეგ საკუთარ ალბომებში მუსიკალური გზით ასახავს. საქართველოში გამოსვლებით კი გამორჩეულ სიამოვნებას თავად იღებს, რადგან მისი არა მხოლოდ ბგერის, არამედ სიტყვის, საუკეთესოდ, სწორედ აქ ესმით.

მუსიკოსს „თბილისი მარიოტში“ შევხვდით, სადაც ტელეეთერის შემდეგ ჩვენთან შესახვედრად მოვიდა.

ყველა ქართველი არტისტი ამბობს, რომ მშობლიური აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ნინო ქათამაძე:

ყველა აუდიტორია ერთნაირი არ არის, არც ერთი ერთმანეთს არ ჰგავს არც ერთ ქალაქსა თუ საკონცერტო სივრცეში. საქართველოში სიმღერა განსხვავებული სიყვარულია. ჩემ შემთხვევაში სიტყვაც ესმით, სიტყვის სიღრმე და მნიშვნელობა, სიმღერის წერაშიც იღებენ მონაწილეობას, ის ემოცია, რაც იკვრება, შემდეგ ჩვენს ალბომებში აისახება… ამრიგად, დედა, მამა, მეგობრები, მსმენელი, შემოქმედების თანამონაწილეები არიან. მიყვარს საქართველოში კონცერტები, ძალიან…

დაბადების დღეზე რატომ გიყვართ კონცერტების გამართვა?

მომწონს კონცერტის გამართვა ახალ წელს და ჩემს დაბადების დღეზე. მიყვარს ეს დღე. მიხარია, რომ დავიბადე…

წლების მატება არ გაშინებთ?

გააჩნია ადამიანს, ზოგს ემატება, ზოგს აკლდება. მე და წლები აბსოლუტურ ჰარმონიაში ვართ (იღიმის).

ტალანტი ადამიანს დაბადებიდან მოჰყვება, მაგრამ საინტერესოა, მუსიკოსს გამოცდილება რას ჰმატებს?

გენეტიკა მნიშვნელოვანია. ხშირად ხდება, რომ ხელოვანის შვილიც ხელოვანი ხდება. რა გარემოშიც იზრდები, ის გაძლევს ბიძგს, რომ სამყარო ადვილი დასანახი იყოს. ნიჭიერება კიდევ სხვა რამეა. ეს არის, როცა შენ შეგიძლია, სხვისი შინაგანი სამყაროს დანახვა, შეყვარება, აღიარება და მის განვითარებაში მონაწილეობის მიღება. გამოცდილება კი ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, მყარად იგრძნო თავი იქ, სადაც დგახარ, რასაც ქმნი – არ აქვს მნიშვნელობა, მუსიკას წერ თუ ხატავ…

დღეს სხვანაირი ხართ?

სხვანაირი არა, უბრალოდ, უფრო ფრთხილი. მეტი რამ დავინახე, მეტჯერ შევეხე ერთსა და იმავე ბგერას და მისი განსხვავებულად დანახვა შემიძლია. ბევრჯერ ვიმღერე ერთი და იგივე სიმღერა და ყოველ ჯერზე სხვანაირად დავინახე. გამოცდილება მაძლევს საშუალებას, რომ ყოველი დღესასწაული იყოს ნამდვილი და გამორჩეული წინასგან.

მუსიკისგან ისვენებთ როდისმე?

კი…

როდის?

როცა… არასდროს (იცინის). ერთხელ მამამ მითხრა, რომ გიყურებ, ცოტა მეშინია, იმდენად ბევრი მუსიკაა შენს ცხოვრებაშიო… ჩემ გარშემო ყველგან მუსიკაა, მღერი, ფიქრობ, ქმნი… არც ბავშვობა და არც შემდეგი წლები არ ყოფილა, როცა მუსიკა არ იყო… მუდამ იყო სხვადასხვა ფორმით.

მუსიკოსობა მოითხოვს ადამიანურ მსხვერპლშეწირვებს?

ამ სიტყვას არ გამოვიყენებდი. უფრო მეტად დიდ შრომას ითხოვს. ძილშიც კი შეიძლება, მუსიკალურად აზროვნებდე.

სიფრთხილე ახსენეთ და ადამიანებთან თუ იჩენთ მას?

არა. მე ადამიანებს არ ვარჩევ. მე მათ ვხედავ და მიყვარს.

მიჩვეული ხართ დიდ აუდიტორიებს, თუმცა „ბლექ სი არენაზე“ 21 აგვისტოს, ვფიქრობ, საინტერესო ამბები გველის…

ამას მომზადება არ ჰქვია… მთელი წელი სულ რაღასაც ვფიქრობდი. ვემზადებით იმ თვალსაზრისით, რომ ვეცნობით სივრცეს, სცენას, შესაბამისად ვარჩევთ რეპერტუარსაც. მოვიწვიეთ საოცარი მუსიკოსები, სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, გვყავს ნიკოლოზ რაჭველის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, „ჯგუფი „ინსაითი“, ჩამოგვყავს დიჯეი, რომლის ჟღერადობა ძალიან მოუხდება ამ დარბაზს. ჩემთვის აღმოჩენაა „Quintessence“ – მათ ბავშვებსაც ვერ ვეძახი, რომლებიც კარგად მღერიან, ისინი თავშივე იყვნენ მუსიკოსები, გენიალური ჯგუფია, გააზრებულად ჰარმონიულები არიან. ისინი ასევე მონაწილეობენ ჩემს კონცერტში.

ყოველდღიურად რაღაცას ვწერთ, ვამატებთ, რეპერტუარს სიახლეებით ვავსებთ. ჩვენ ყველანაირ სივრცეში გვაქვს ჩატარებული კონცერტები, ღიაა თუ დახურული, მაგრამ ჩვენთვის ეს დიდი დარბაზი უდიდესი გამოწვევაა. დარბაზიდან გამომდინარე მოვიფიქრეთ ასეთი გადაწყვეტა, რომ ფანზონაში დადგმულიყო სადღესასწაულოდ გაფორმებული მაგიდები. იმდენად დეტალურად შევისწავლეთ დარბაზი, რომ იმაზეც ვიფიქრეთ, ვინც გვესტუმრება, თავისუფლად შეძლებს, სადაც იჯდება, იქვე იცეკვოს, ამიტომ თამამად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფანზონა სადღესასწაულოდ გადაგვეკეთებინა.

თქვენ ასეთ დეტალებშიც ჩართული ხართ?

დიახ. ეს კონცერტის ნაწილია. როცა ვატარებთ დიდ კონცერტს, დირექტორი არკვევს, სად არის ბექსთეიჯი, რომელ საათზეა საუნდჩექი და ა.შ. მაგრამ ყველა კონცერტს ახლავს ის დეტალები, რომელთა გადაწყვეტაშიც თავად მუსიკოსი უნდა ჩაერთოს.

სიუპრიზები იქნება?

არ გაგიმხელთ (იცინის)!..

თქვენგან ყველა ელის სიურპრიზებს…

არ ვიცი, რას ჩავიდენთ. თუ გავითვალისწინებთ „არტ გენის“ სამ საათს თავისი გორაობით (იცინის)…

როდისმე შეგშინებიათ ქართველი მსმენელის? ხომ იცით, რა კრიტიკულები ვართ?

არა, არა… მე უფრო იმის მეშინია ხოლმე, რამდენად ვარ სუფთა იმ დროს, როცა ჩემს მსმენელს ვხვდები, შევძლებ თუ არა იმ ბგერის აჟღერებას, რომელიც იმ წუთას სჭირდება კომპოზიციას. ზვიად ბოლქვაძის ერთ-ერთ ნაწარმოებში, მართლა ვამბობ, რამდენიმე მუსიკალური ფრაზაა, თუკი ცრემლიან ბგერას არ იმღერებ, არ ჟღერს. დღეს გავგიჟდი მისი შესრულებისას…

ჩემს მსმენელს ძალიან ვყავარ განებივრებული. არც ფა დიეზებს დავსდევთ. აქ საუბარია სიყვარულზე და განწყობაზე, რითაც კონცერტი იკვრება და რისთვისაც ერთმანეთს ვხვდებით. მე არ ველოდები, პირიქით, მინდა, ისინი ელოდნენ ჩემგან საუკეთესოს. ძალიან ორგანულია ერთმანეთთან შეხვედრა…

როცა ნინო ქათამაძე თავისუფალია საკუთარი მუსიკისგან, რას უსმენს თავად?

წარმოგიდგენიათ,რა ეგოისტი უნდა ვიყო, მხოლოდ საკუთარი თავით რომ ვიყო დაკავებული (იცინის)… მონტროს ჯაზფესტივალზე გახლდით სტივ უანდერის კონცერტზე, ასევე კეიტ ჯარეტის კონცერტსაც დავესწარი, რომში, არაერთხელ ვყოფილვარ ჯონ სკოფილდის გამოსვლაზეც, რადგან თავადაც იმავე ჯაზფესტივალის მონაწილე ვიყავი. მელოდებოდა, როცა კონცერტს დავასრულებდი, რომ ერთმანეთს შევხვედროდით, ჯო ზავინული საერთოდ ბიძაჩემი მგონია (იცინის)… ჯაზის გარდა, ვუსმენ კლასიკას.

ნინო, „ბლექ სი არენას“ შემდეგ ვიცი, რომ საზღვარგარეთაა ჩანიშნული კონცერტები.

ევროპაში იქნება კონცერტები, სწორედ ახლაა დაკავებული მათი დაგეგმვით ბუკა კარტოზია. აბა, მეტი რა საქმე გვაქვს (იცინის).

თავისუფალი დრო გაქვთ?

არა… არც მინდა, მქონდეს. სამი-ოთხი დღე მინდა, დილას არ გავიღვიძო და საღამომდე გამოვიძინო.

ჰობი არ გაქვთ?

იცით, ჰობამდე ვერ მივდივარ (იღიმის). ადრე მუსიკალურ ინსტრუმენტებს ვაგროვებდი, მაგრამ ახლა ვეღარ ვიცლი ამისთვის. ვიმოგზაურებდი ისეთ ადგილებზე, სადაც დიდი სილამაზეა… სანაპიროზე. ყველაფერი მომწონს და მიყვარს, რაც მავსებს. მუსიკის გარდა არ მქონია სხვა ცხოვრება და ვერც წარმომიდგენია.

21 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილ ნინო ქათამაძის კონცერტზე ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ საიტზე tkt.ge. ბილეთების ფასები 10-დან 100 ლარამდეა.

ნინო მურღულია

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები