LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი: „მშვიდობით გადმოვკვეთეთ უკრაინის საზღვარი და უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე ვიმყოფებით. კიევში ჩვენი ყოფნის განმავლობაში რუსეთი შეეცადა დედაქალაქის დაბომბვას…“

220
ნინო და ნიკოლოზი

ნიკოლოზ რაჭველი ნინო ქათამაძესთან ერთად უკრაინაში იმყოფებოდა. ის გულშემატკივრებს ამცნობს, რომ მან და ნინომ მშვიდობით გადმოკვეთეს უკრაინის საზღვარი, სადაც საქველმოქმედო მიზნით იმყოფებოდნენ:

„ჩვენო გულშემატკივრებო და ახლობლებო, მშვიდობით გადმოვკვეთეთ უკრაინის საზღვარი და უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე ვიმყოფებით. კიევში ჩვენი ყოფნის განმავლობაში რუსეთი შეეცადა დედაქალაქის დაბომბვას, თუმცა უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ შეძლო საფრთხის განეიტრალება და მხოლოდ გარეუბანში ჩამოვარდა რამდენიმე ჭურვი, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია!

ომის დაწყებიდან რიგით მეშვიდეჯერ ჩვენი ჩასვლის მიზანი ახლაც ქველმოქმედება და ქართული საზოგადოების მხარდაჭერისა და სოლიდარობის ჩატანა იყო. ჩვენი გამოსვლა კიევის კამერატას სოლისტთა სიმებიან კვინტეტთან ერთარ მიეძღვნა ერთ-ერთი საველე სამხედრო ჰოსპიტალისთვის რენტგენის აპარატის შეძენას. კონცერტისა და აუქციონის შედეგად შეგროვდა 100.000 ევროზე მეტი, რაც მალე ჩვენი უკრაინელი მასპინძლების და ჩვენი საერთო მეგობრის, სოფო ჭყონიას სურვილსა და ჩანაფიქრს რეალობად აქცევს! როგორც ყველა წინა მოგზაურობის დროს ახლაც უზარმაზარი მადლიერება და სიყვარული გამოგვაყოლეს. ნინომ უკვე მეორე სახელმწიფო ჯილდო მიიღო, ამჯერად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის ინიციატივითა და ხელმოწერით. ვბრუნდებით ურთულესი გზით დაღლილები, საკონცერტო გამოსვლისგან ენერგიით დაცლილები, მაგრამ ამაყები, რომ კიდევ ერთხელ შევძელით გაგვეკეთებინა ალბათ იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ გასტროლზე წასვლა თუ კონცერტის ჩატარებაა…

და რა თქმა უნდა, უპირველესად: გამარჯვება უკრაინას, მშვიდობა და გამარჯვება საქართველოს, განადგურება რუსულ ტოტალიტარულ და ბოროტ რეჟიმს, სიკეთის გამარჯვება სიბნელესა და ბოროტებაზე!

ფოტო: ბექა ცირეკიძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები