LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკოლოზ რაჭველი ფორტეპიანოსთან იჯდა, უკრავდა, პარალელურად ორკესტრს დირიჟორობდა და მისი გენიალური არანჟირებებით დაუვიწყარ ფერებს ქმნიდა…“ – როგორ ეხმიანება უცხოური მედია ლიზა ბათიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის გამოსვლას ლუცერნის დიდ საკონცერტო დარბაზში

1531
ნიკოლოზ რაჭველი

ნიკოლოზ რაჭველი გვიზიარებს დოქტორი სონია ტობლერის სტატიას, რომელიც მისი და ლიზა ბათიაშვილის გამოსვლას ეძღვნება ლუცერნის დიდ საკონცერტო დარბაზში:

„დიდ კინოდ ქცეული ცხოვრების ისტორია და მსოფლიო მოგზაურობა მუსიკით

მევიოლინე ლიზა ბათიაშვილმა ნიკოლოზ რაჭველთან და ლუცერნის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შექმნა საკონცერტო გამოცდილება, რომელმაც ერთნაირად მოხიბლა როგორც კლასიკური მუსიკის ქომაგები და პროფესიონალები, ისე სრულიად ახალგაზრდა მსმენელები.

გარკვეული პოპულარობის შემდეგ ცნობილ ადამიანებს ხშირად უჩნდებათ ცდუნება ავტობიოგრაფიის გამოცემისა. ასეთი წიგნები, მათი ცხოვრების მიხედვით, მეტ-ნაკლებად საინტერესო გამოდის. მსოფლიოში სახელგანთქმულმა ქართველმა მევიოლინემ ლიზა ბათიაშვილმა კი საკუთარი ცხოვრების ისტორია — თანამედროვე ისტორიის კონტექსტთან ერთად — ალბომსა და ცოცხალ საკონცერტო პროექტში გადაიტანა და ეს ყველაფერი უნაკლოდ გამოუვიდა (ფილმურ სასიყვარულო ისტორიასთან ერთად, რომელიც მისი ახალგაზრდობის პერიოდს ასახავდა, პროგრამის მონაკვეთში „Paris“).

გამორჩეული ვიოლინოს შესრულების, იმპრესიონისტული ვიდეოფრაგმენტებისა და — ჩანაწერის საშუალებით — მომღერალ ქეთი მელუასთან თანამშრომლობის ფონზე, იგი თავის შემოქმედებით ოცნებებს მსოფლიოს თერთმეტ ქალაქში მიჰყვება.

დოიჩე გრამაფონის მიერ 2020 წელს გამოცემული ალბომის City Lights-ის რეპერტუარით იგი ოთხშაბათ საღამოს ლუცერნის სიმფონიურ ორკესტრთან და ალბომის მუსიკალური ვერსიების ავტორთან – სრულიად უნივერსალურ მუსიკოს ნიკოლოზ რაჭველთან ერთად ლუცერნის დიდ საკონცერტო დარბაზ KKL-ში წარდგა.

ნიკოლოზ რაჭველი ფორტეპიანოსთან იჯდა, უკრავდა, პარალელურად ორკესტრს დირიჟორობდა და მისი გენიალური არანჟირებებით დაუვიწყარ ფერებს ქმნიდა. უსაზღვროდ შთამბეჭდავია მისი აზროვნების სტილისტური მრავალფეროვნება, რაც ყველა კომპოზიციაში იგრძნობოდა – “Tbilisi”-ს დრამატიზმსა და მასშტაბში, „Paris“-ის რომანტიზმში, ან „Berlin“-ის კოლაჟურ პიესაში, სადაც KKL წამებში გადაიქცა ერთდროულად კაბარედ, კლასიკურ ფილარმონიად და ბოლოს ჯაზ-კლუბად, რომელსაც თითქმის დაუჯერებელი ბუნებრიობით ავსებდა ორკესტრის სოლო მესაყვირე ფილიპ ჰუთერი, ვინ წარმოიდგენდა, რა ფარული პოტენციალი იმალებოდა ლუცერნის ორკესტრში?!

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო „Vienna“-ც, სადაც ფრიც კრაისლერის „Liebesleid“-ში ბათიაშვილი და რაჭველი ინტიმურ დუეტში გაერთიანდნენ, შემდეგ კი ორკესტრის სრული ჩართვით მუსიკა იოჰან შტრაუსის ფურიოზულ გალოპში გადაიზარდა.

და ბოლოს, როდესაც ეკრანზე გამოჩენილმა ბათიაშვილმა საკუთარი შვილები თბილისის ბავშვობის სახლთან მიიყვანა, ხოლო ამის შემდეგ ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოების „Dance of Freedom“-ის დროს ეკრანზე უკრაინის დროშა აფრიალდა უფროსებიც და ახალგაზრდებიც მოსმენილით და ნანახით ერთნაირად ღრმად იყვნენ შეძრულნი.

დოქტორი სონია ტობლერი

ლუცერნის ცაიტუნგისთვის

20 მაისი 2026

CITY LIGHTS / FOLLOW YOUR DREAMS

რეჟისურა და ვიდეოგრაფია – თეო ჯორბენაძე

მოწვეული სოლისტები ამირან მარიამიძე (გიტარა),

ფილიპ ჰუთერი (საყვირი)“.

აღნიშნულ გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება მედიაპროდიუსერი ნინი კინწურაშვილი და წერს:

„დღეს სასწაული მუსიკალური წარმოდგენა გაიმართა შვეიცარიაში, ქალაქ ლუცერნში… ლიზა ბათიაშვილის „city lights“ ლუცერნის ცნობილ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, თეო ჯორბენაძის საოცარი პროექტი, სასწაული სცენარი. ეს იყო ნიჭის ზეიმი. მთელი დარბაზი გაოგნებული იყო… ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება ეს ემოცია, ეს სიამაყე, რომ ჩემი თანამემამულეების ასეთი ნამუშევარი ასე შეფასდება უცხო მიწაზე… ასეთი აღფრთოვანება გამოიწვია…

ადამიანები, რომელთა შემოქმედება სიამაყით გავსებს!!! ადამიანები, რომლებიც ხელის გულზე უნდა ვატაროთ, თავად იმხელა ნიჭს და შემოქმედებით სიმდიდრეს ატარებენ! ფასდაუდებელია მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე, ისე ასახელებენ საქართველოს! იმედია, მალე მათ შექმნილ მორიგ, ახალ პროექტსაც ვიხილავთ, რომლის პრემიერაც საქართველოში შედგება და შემდეგ იმოგზაურებს, ისევე როგორც „city lights”, იქამდე კი, უდიდესი მადლობა თეონა ჯორბენაძეს ამ საოცარი გამოცდილებისთვის, ამხელა სიამოვნების მონიჭებისთვის და ამ შესაძლებლობისთვის! სულ წინსვლა და წარმატება თქვენს არაჩვეულებრივ გუნდს!“ – წერს ნინი კინწურაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g