LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნიუსქულის” საახალწლო სიურპრიზი ბავშვებს

744

სკოლები ახალი წლის მოახლოებას საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ. მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის გაწეული დახმარება და მათზე მზრუნველობა ზოგიერთ სკოლისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.  მათ შორის ერთ-ერთია საერთაშორისო სკოლა „ნიუსქული“, რომელმაც ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“  წევრებს უმასპინძლა და პატარებისთვის წინასაახალწლო ღონისძიება გამართა.
როგორც „ნიუსქულის“ დირექტორი მარინა ჟღენტი ამბობს, ქველმოქმედება მათი სკოლის განუყოფელი ნაწილია.

„დღის ცენტრის ბავშვებს მოვუწყეთ პატარა ზეიმი, პატარა სიხარული. ბავშვები მოვიდნენ ჩვენთან სტუმრად, ითამაშეს, გაერთნენ, საჩუქრები მიიღეს, გავუმასპინძლდით გემრიელი საახალწლო ნამცხვრებით. ასეთი სახის ღონისძიებები ჩვენი სკოლისთვის ჩვეულებრივი ამბავია. სკოლა 17 წლისაა, 1999 წელს დაარსდა. ეს არის საერთაშორისო სკოლა, რომელსაც ორი განყოფილება აქვს – ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი. ინგლისურენოვან განყოფილებაში 38 სხვადასხვა ეროვნების ბავშვი სწავლობს, მაგრამ პროგრამები ძალიან დაახლოებულია და მასწავლებლები ერთად გეგმავენ, ერთად ემზადებიან გაკვეთილებისთვის. ქველმოქმედება ჩვენი ბავშვების ცხოვრების ნაწილად არის ქცეული“.

მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს სკოლის დირექციასთან ერთად, წინასაახალწლო საღამოზე, „ნიუსქულის“ სტუდენტური საბჭო მასპინძლობდა. სტუდენტურ საბჭოში ამავე სკოლის მოსწავლეები არიან გაწევრიანებულები. მოსწავლეებმა პატარები სხვადასხვა სახის აქტივობებში ჩართეს, ზღაპრები  წაუკითხეს და საჩუქრებიც დაურიგეს.

 „წელსაც, როგორც წინა წლებში „ნიუ სქულის“ სტუდენტთა საბჭომ გააკეთა დღის ცენტრის ბავშვებისთვის ღონისძიება. მე დღეს ვკითხულობ წიგნებს ბავშვებისთვის, რამდენიმე ზღაპარს. გვაქვს ბევრი საჩუქრები და სხვადასხვანაირი თამაშები. ყველანაირად ვეცადეთ შეგვექმნა ისეთი გარემო, რომ ბავშვები გაერთონ და იხალისონ,“ -ამბობს „ნიუსქულის“ სტუდენტური საბჭოს წევრი მარიკო გოგიძე.

ორგანიზაციასთან, „ბავშვი და გარემო“,  საერთაშორისო სკოლა „ნიუსქულს“ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. ორგანიზაციის პედაგოგის თქმით, სკოლის მოსწავლეები სისტემატიურად დადიან მათთან, სოციალურად დაუცველ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვეთან ერთად  სხვადასხვა აქტივობებში ერთვებიან, მეგობრობენ მათთან და სიურპრიზებსაც ხშირად უწყობენ.

„ნიუსქულთან“ ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირი, ეს პირველი შემთხვევა არ არის, თვითონ ამ სკოლის ბავშვებიც ხშირად მოდიან ხოლმე ჩვენთან ცენტრში. დღეს საახალწლოდ ჩვენი ბავშვები დაპატიჟეს აქ და ძალიან ბედნიერები არიან. არაჩვეულებრივი ღონისძიება მოუწყვეს,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბარში ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ დღის ცენტრ „ცისარტყელას“ დირექტორი თინათინ კიკალიშვილი.

ორგანიზაცია „ბავშვი და გარემო“ არ არის ერთადერთი, რომელსაც საერთაშორისო სკოლა „ნიუსქული“ ეხმარება.  მსგავსი სახის ღონისძიებებს სკოლა წელიწადში ოთხჯერ მაინც ატარებს. „ნიუსქული“ საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამით მუშაობს და ქველმოქმედება მათი პროგრამის ნაწილია.

„ჩვენ საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამით ვმუშაობთ და ქველმოქმედება ჩვენი პროგრამის ნაწილია. ეს არის ჩვენი სამსახური ქვეყნისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც უჭირს და ვისაც სჭირდება ჩვენი დახმარება. ბევრ სხვადასხვა ორგანიზაციასთან გვაქვს კავშირი და სხვადასხვა დროს ბევრ სხვადასხვა ორგანიზაციას ვეხმარებით.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები