LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილის მეორე ალბომისა და ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართა

43

ნოდიკო ტატიშვილის პარიზში გადაღებული ახალი კლიპის პრემიერა და მისი რიგით მეორე ალბომის პრეზენტაცია 19 მარტს, კინო „ამირანის“ დიდ დარბაზში გაიმართა. ვიდეო ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო სიმღერაზე, რომლის მელოდიაც რუსა მორჩილაძეს, ხოლო ტექსტი – ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. პარიზში გადაღებებში გოგოლა კალანდაძის შვილი, ელენეც მონაწილეობდა. ნოდიკოს პერსონაჟი დიდი ხნის შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქში ბრუნდება, სადაც ძველი სიყვარული უნდა მოძებნოს. შავ-თეთრი კადრებით გაჯერებული ვიდეო ძალიან სადა და ლამაზი გამოვიდა.

ვიდეო და ალბომი სტუდია „ბრავოს“ ხელმძღვანელმა, ზაზა შენგელიამ წარადგინა, რის შემდეგაც სცენაზე ნოდიკო იხმო. მან, თავის მხრივ, ალბომისა და კლიპის შექმნაში ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა.

ახალი კლიპი კინოთეატრის დარბაზში ორჯერ აჩვენეს, რის შემდეგაც ნოდიკო ტატიშვილმა ახალ ალბომზე დამსწრე საზოგადოებას ხელი მოუწერა. მსურველი უამრავი ადამიანი მაგიდასთან რიგში ელოდებოდა წარწერით დამშვენებულ ახალ ალბომს. სანამ მომღერალი შთაბეჭდილებების გასაზიარებლად მოიცლიდა, ჩვენ მისი კოლეგები ჩავწერეთ და ვიდეოს და ასევე სიმღერის შესახებ აზრი ვკითხეთ.

პირველ რიგში კი დავინტერესდით, რამდენად მოეწონა საკუთარი სიმღერის შესრულება კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს:

„ძალიან მომეწონა შესრულება, სიმღერას ნოდიკო ძალიან მოეფერა. პატივს ვცემ  ისეთ მომღერლებს, რომლებიც ბოლომდე მიჰყვებიან კომპოზიციას, ლამაზად „ჩააცმევენ-დაახურავენ“ სიმღერას, გააპიარებენ, მოუვლიან, სწორ არანჟირებას გაუკეთებენ და სწორად შეასრულებენ. ნოდიკომ ზუსტად ისე იმღერა, როგორც მქონდა ჩაფიქრებული, მეც ასე ვიმღერებდი, შეიძლება, ჩემი ტემპორიტმი და ენერგია სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ მთლიანობაში შესრულება ჩემთან ძალიან ახლოსაა.

რაც შეეხება კლიპს, ნესტან სინჯიკაშვილი ძალიან მაგარი გოგოა, ძალიან კარგი კლიპი გადაიღო. მარტო მან უნდა გადაიღოს ამის შემდეგ კლიპები, ასე ვთქვი მე (იღიმის).

ლელა წურწუმია:

არაჩვეულებრივი ნამღერია. მუსიკა, ტექსტი, რეჟისურა, დადგმა, ინტერიერი, იმდენად შერწყმულია, რომ დიდი ემოციები დამიტოვა. მაქვს ასეთი თვისება, სიმღერა უნდა მომეწონოს ერთი მოსმენით, რომ ჩემს რეპერტუარში მოხვდეს.

ანუ ეს ყოფილა თქვენი საიდუმლო…

ასეც შეიძლება ითქვას (იღიმის). პირველივე მოსმენიდან უნდა მომეწონოს და ზუსტად ვიცი, იმ სიმღერას რა ელოდება. სწორედ ასეთია ნოდიკოს სიმღერა. გარდა ამისა, ნოდიკო კარგი მომღერალია, გამართული, კულტურული, ჭკვიანი ბიჭია, მოწესრიგებულია და პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, შესაბამისად, ასეთი ადამიანები აღწევენ წარმატებას. მოკლედ, ვულოცავ მთელი სულითა და გულით.

ზოგადად, სტიმულია ყველასთვის. ახლა ისეთი ფონია, რაც წლების წინ იყო. ისევ ჩვენ ვკარნახობთ მოდას. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ რაღაც შემთხვევებში მე ვარ ხოლმე ლოკომოტივი. ვიწყებ და ხალხიც მომყვება, ეს ძალიან მახარებს. თუ არ იქნა ჯანსაღი კონკურენცია, შედეგიც არ იქნება. დღეს, მით უმეტეს, როცა ინტერნეტით ყველაფერთან წვდომაა შესაძლებელია. მსმენელს ბევრი ინფორმაცია აქვს… რაღაცები გართულდა და უამრავი რამ არის გასათვალისწინებელი.

ის სისადავე, რაც დღეს ვნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნესტანი ნიჭიერი ადამიანია. ჩენ ვმეგობრობთ, ალბათ, 25 წელია, ამის მიუხედავად, არ მაქვს საბაბი, რომ მის მიმართ ვიყო სუბიექტური. ვაფასებ მას, როგორც ნიჭიერ, გემოვნებიან რეჟისორს.

ვერიკო ტურაშვილი:

ყოველთვის მომწონს მისი შესრულება, ნოდიკოსგან არ მიკვირს ასეთი კარგი ნამღერი, ასე რომ, ვულოცავ წარმატებულ პრემიერას. მიხარია, რომ მუსიკაში ბევრი სიახლე ხდება, ვაშა (იცინის)!..

სოფო გელოვანი:

ზოგადად, გაკვირვებული ვარ ამ ადამიანის ენერგიითა და მიზანდასახულობით, არასდროს იღლება და არის სასწაულად მიზანსწრაფული. ვფიქრობ, კარგად არ უფასდება ის შრომა, რასაც თავის საქმეში დებს. აღფრთოვანებული ვარ კლიპით, ძალიან ესთეტიკურად არის გაკეთებული, სიმღერა მანამდეც მქონდა მოსმენილი და ძალიან მომეწონა. წარმატებები ნოდიკოს!..

ნესტან სინჯიკაშვილი, რეჟისორი:

გადაღებები არ იყო რთული, რადგან ნოდიკო ჩემთვის კომფორტული ადამიანია, თუნდაც სხვა ქვეყანაში ვიღებდე. ძალიან ნიჭიერი და მეხმარება. სირთულე იყო სიცივე, მაგრამ ამას ველოდით, რადგან პარიზში ვიყავით… ყველა სადგურიდან გვაგდებდნენ, საჯარო სივრცეებში არ შეიძლება გადაღება და პოლიცია გვიკრძალავდა, ერთი სადგურიდან მეორეში გადავდიოდით. ხუთ დღეში გადავიღეთ კლიპი, მიუხედავად მცირე დაბრკოლებებისა, აუცილებლად წავიდოდი თავიდან და ისევ გადავიღებდი ამ კლიპს (იღიმის).

მიხარია, რომ შოუბიზნესი ცოტა გაცოცხლდა, მეც საქმე მომემატა. მგონია, რომ ძველი დროა. 20 წლის წინ რომ დავიწყე კლიპის გადაღებები, ის დრო მახსენდება…

ნოდიკო ტატიშვილი:

გახარებული ვარ, რომ მაქვს მეორე დისკი. ბავშვობაში ვოცნებობდი ამაზე, – მინდოდა, ბევრი დისკი მქონოდა და კონცერტები გამემართა. მანებივრებენ ძალიან კარგი კომპოზიტორები თავიანთი ულამაზესი ნამუშევრებით, რეჟისორები კი -ლამაზი კლიპებით.

ჩემი მეორე ალბომია, სადაც 16 სიმღერა შევიდა, სამი ძველი სიმღერის ახალი ვერსია გაკეთდა, 13 კომპოზიცია სპეციალურად ჩემთვის დაიწერა. ჟანრობრივად განსხვავებული სიმღერებია, მაგრამ, ძირითადად, პოპის გზას მივყვებით. თუ ჩემს მსმენელს ეს ალბომი მოეწონება, ძალიან გამიხარდება.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები