LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოე სულაბერიძე პირველად გულახდილად – ცნობილი პროდიუსერის პირადი და საქმე…

4552

ნოე სულაბერიძე დიდი ხანია, პრესასთან არ გამოჩენილა. მისი საქმიანობა და პირადი ცხოვრება მუდამ სალაპარაკოა. „ფორტუნასთან“ ესკლუზიურ ინტერვიუში მან ბევრ თემაზე საკმაოდ გულახდილად ისაუბრა. ახლა, როგორც თავად ამბობს, საკმაოდ მშვიდი ცხოვრება აქვს, მარტოა და არავის ხვდება… დაკავებულია მხოლოდ საკუთარი საქმითა და შვილებზე ზრუნვით.

ნოე სულაბერიძე:

არ დავკარგულვარ, აქ ვარ, თბილისში. ხანდახან მივდივარ, მოვდივარ. დროდადრო მიყვარს გარემოს გამოცვლა, ძალიან სასარგებლოა შრომისუნარიანობის ასამაღლებლად, შეძლებისდაგვარად, მეგობრებთან ერთად საზღვარგარეთ მივემგზავრები ხოლმე. არც ერთი დღე არ მქონია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რომ არ მემუშავოს. საკუთარი თავის რეალიზებას, ასე თუ ისე, ყოველთვის ვახერხებდი.

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ პროდიუსერი აღარ იქნები?

მე რამდენადაც ვიცი, ამ პროექტის შესახებ საუბარი მიდის. მე დაზუსტებით არ ვიცი, რამდენად ჩავერთვები წელს, რადგან „აჭარა ბეთში“ ვმუშაობ და აქაც დიდ პროექტს ვარ ჩაჭიდებული. ონლაინთამაშების სფეროში წელს არ მოვხვდი, რაც კი საქართველოში ეს სფერო არსებობს, ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა, მე არ ვთამაშობ, საქმის კუთხით ვამბობ. დიდ ტურნირს ვამზადებთ და ორგანიზაციულ ნაწილში ვარ ჩართული, ჩემი გრაფიკი არცთუ მარტივია…

იმას, რაც ადრე იყო, აღარ აკეთებ?noe

დროებით ტაიმაუტს დავარქმევდი. ძალიან ხშირად, როცა რაღაცას აკეთებ, დიდი დოზით, გჭირდება პერიოდი დასასვენებლად. მე დიდ სტიმულს მაძლევდა და მაძლევს ის, რომ უმეტესწილად ჩემი პროექტები წარმატებული ყოფილა. შესაძლოა, ვიღაცას მოსწონდა, ვიღაცას – ნაკლებად, მაგრამ აჟიოტაჟს მუდამ იწვევდა. მნიშვნელოვანია ის გზა, რაც გავიარე და ახლანდელიც. შინაგანად ინოვაციების, რევოლუციური პროექტების მომხრე ვარ, რომლებიც გარკვეულ, მცირე გადატრიალებას მაინც ახდენენ სატელევიზიო სივრცეში. თუკი რაღაცას დავიწყებ, ალბათ, ისეთი ახალი იქნება, რომლის მაგვარიც ჯერ არ გაკეთებულა ჩვენს ქვეყანაში. მაქვს იდეებიც, მოლაპარაკებებსაც ვაწარმოებ, თუმცა ძვირად ღირებული პროექტია. ვერ გეტყვი, რას ეხება, თუმცა შემიძლია გითხრა, რომ გასართობი გადაცემის იდეაა. პოლიტიკური ტიპის პროექტებს მე არასდროს გავაკეთებ, არც მიკეთებია და ზოგადად, ნაკლებად არის ჩემი ინტერესის სფერო.

„ტიბისი ტვ სტუდიაში“ აღარ ხარ…

2013 წლიდან აღარ ვარ იქ, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ის ჩემთვის სახლივითაა, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. კვირა ისე არ გავა, რომ არ შევიარო და არ მოვინახულო მეგობრები, რომლებიც იქ მუშაობენ. ისინი ჩემთვის დიდ ღირებულებას წარმოადგენენ. ინფორმაციული კუთხით მოვლენების ცენტრში მაინც ვარ, რადგან ბოლომდე ვერ გაეთიშები. საბოლოოდ, არ გამოვრიცხავ, რომ ოდესმე ონლაინთამაშების თემამაც ამოწუროს თავი და სხვა რაღაცაზე გადავინაცვლო…

დღეს სადაც იმყოფები, გაკმაყოფილებს? ასე დაგეგმე შენი ცხოვრება?

ჩემი ცხოვრება ძალიან ამბიციურია საიმისოდ, რომ ეს ყველაფერი მაკმაყოფილებდეს. ამბიციური ვარ დოზირებულად, ამის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ. შინაგანად უნდა გქონდეს მუხტი, რომ შენ თავს უთხრა: შემიძლია ესეც და ამაზე მეტიც! ზღვარს არ უნდა სცილდებოდეს, რა თქმა უნდა. პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. მნიშვნელოვანია, ისე გავიარო ჩემი ცხოვრება, რომ ჩემს შვილებს არ რცხვენოდეთ და პირიქით, ამაყობდნენ. მინდა, მათ შევუქმნა საფუძველი, რაზეც საკუთარ გეგმებსაც ააგებენ. მსურს, ვიყო წარმატებული ყველა საქმეში, რასაც წამოვიწყებ.

როგორი მამა ხარ? ახერხებ მათ ნახვას?

ორი შვილი მყავს. ჩემი შვილები ყველაზე დიდი ღირებულებაა, რაც შემიქმნია. იმ მომენტიდან, როდესაც პირველი შვილი გამიჩნდა, რომელიც ახლა 12 წლისაა, მივხვდი, რამხელა გარდატეხაა, როცა მშობელი ხდები. ყველაფერს სხვანაირად საზღვრავ, მით უმეტეს, როცა იზრდებიან და მათ მოსაზრებებს ისმენ, ცნობიერ ასაკში გამოთქმულს. ყოველთვის გაქვს შეგრძნება, რომ როცა რაღაცას აკეთებ, მინიმუმ, ისინი არ უნდა დააზიანო და შენი ყოველი ნაბიჯი უნდა იყოს მათ სასარგებლოდ.

12718176_10208802905817829_7889449670404346484_nრა არის შენი პოპულარობის კარგი და ცუდი მხარე? შენ ამ კითხვაზე ყველაზე კარგად მიპასუხებ.

ნებისმიერ რთულ სიტუაციაში გამოსავალს ვპოულობ, ოპტიმისტი ვარ, ამიტომაც დადებით მხარეს უფრო მეტად ვხედავ. ყოველთვის სასიამოვნოა, და არაერთხელ მქონია ასეთი სიტუაცია, უცხო ადამიანები მოსულან და თბილი სიტყვებით მოუმართავთ. რაც უფრო უცხოა ადამიანი და მოდის პოზიტივი, უფრო დიდი მუხტია. განსაკუთრებით მიხაროდა, როცა „ცეკვებზე“ ბავშვები მოდიოდნენ.

რაც შეეხება პოპულარობის უარყოფითს… ჭორები არ მანაღვლებს, თუმცა მქონია მომენტი, რთული პერიოდი, როცა ჭორებსაც უმოქმედია, მხოლოდ იმის ფონზე. უარყოფითი ისაა, რომ სამწუხაროდ, ასეთი გენეტიკა გვაქვს, როცა ჩანხარ, ბევრი მტერი გყავს. რაც უფრო ჩანხარ, მით მეტი გებრძვის და ჩასაფრებულია ნებისმიერ ფეხის წამოკვრაზე. სხვა მხრივ რომ შეხედო, იმდენად „ჟილკიანი“ ვარ, კი არ მწყინს, უფრო მეტ მუხტს მაძლევს.


სულ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ხელი შემიშალონ და ეს მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში არ ხდება. მაგალითად, მიაქვთ არასწორი ინფორმაცია სხვა ადამიანამდე, ეს მდაბიო ხერხია თავის გამოსაჩენად, როცა წარმატებას სხვანაირად ვერ აღწევს. მთელი გზა, რაც გავიარე, ასეთი იყო, ნახევარი ჩემი რესურსი, დრო და ენერგია, ამ ჩახლართული ამბების გასახსნელად დამჭირდა.

კატასავით ცხრა სიცოცხლე გაქვს. ბევრჯერ დაიწყე ყველაფერი თავიდან, პირადშიც და საქმეშიც…

(იცინის) რამდენი სიცოცხლე მაქვს დახარჯული, არ ვიცი, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, ეს არ არის ჩემი ჰობი. სულაც არ არის კომფორტული, რომ თუნდაც პირადში ყველაფერი თავიდან გქონდეს დასაწყები. ეს არ არის სპორტი ჩემთვის და სასიამოვნო არ გახლავთ. გინდა, არ გინდა, გარკვეულ სტრესს უკავშირდება. მე ძალიან ემოციური ვარ და ყოველთვის, ნებისმიერი მოვლენა, ემოციებით გადამაქვს, განვიცდი თუნდაც იმ შეცდომებს, რომლებიც შესაძლოა, დავუშვი. მაგრამ ცხოვრება გრძელდება. გინდა, გააგრძელო და გააუმჯობესო. საბოლოოდ, მიხვიდე იმ ფაზამდე, როდესაც თავიდან დასაწყები არაფერი გაგიხდება. მივიჩნევ, რომ ეს ძალიან დიდი ღირებულებაა.

როგორ გითხრა, რომ უშეცდომო ვარ? ისევე, როგორც ყველა ადამიანი. ვცდილობ, შეცდომები საბოლოო გაკვეთილი იყოს, საიმისოდ, რომ მეტი აღარ დავუშვა. არც ისე პატარა ვარ, 36 წლის…

„ქალების გულთამპყრობელს“ რატომ გეძახიან, როგორ ფიქრობ? მსმენია, ნოეში რა არის ასეთი, გოგონებს რომ ხიბლავსო…

11037057_10207705248297077_9032027039924682739_n

მეც გამიგია ასეთი რეპლიკები ჩემი მისამართით (იცინის). მგონია, რომ ეს მოსაზრება ძალიან უტრირებულია. ორჯერ ვიყავი დაქორწინებული, ორჯერ დამენგრა ოჯახი. ცოტა არ არის თბილისისთვის, რომელიც სხვისი პირადი ცხოვრების განხილვითაა დაკავებული. ამას უკვე შეგუებული ვარ, კითხვას რომ დავუბრუნდეთ, შესაძლოა, გვერდიდან ჩანდეს ასე, მაგრამ ვის არ ჰქონია რამდენიმე ურთიერთობა ცხოვრებაში? უბრალოდ, ჩემდა სამწუხაროდ, შოუბიზნესიდან და ტელევიზიიდან გამომდინარე, მეტი საჯაროობა ჰქონდა ჩემს ცხოვრებას და შემარქვეს არასწორი სახელი… მეტი რა გიპასუხო, არ ვიცი…

კიდევ რა არის გადამეტებული, შენზე რასაც ლაპარაკობენ და არ არის მართალი?

არ ვარ სნობი. როცა ადამიანები უკეთესად მიცნობენ, მეუბნებიან, სხვანაირი ჩანდიო. არ ვარ პატივმოყვარე. ვიცი, რომ ჩემზე ხშირად რჩებათ ეს შთაბეჭდილება. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ (იცინის).

სამსახურს გარეთ რა ხდება შენს ცხოვრებაში?

ანუ, ვინმე მყავს თუ არა? არა…

სამსახურს შიგნით?

(იცინის). სამსახურებრივი რომანები ჩემი არ არის. ერთხელ დავარღვიე ეს პრინციპი, როდესაც ჩემს მეუღლეს, ეკა სამხარაძეს შევხვდი „რუსთავი 2“-ში, მაგრამ დაქორწინების შემდეგ იქიდან წამოვედი. ვფიქრობ, ცოლი და ქმარი არ უნდა მუშაობდნენ ერთად.

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები