LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნურავის ექნება ილუზია, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის გადასაჭრელად უკან დავიხევთ”

80

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ნაბიჯის შესახებ გახდება ცნობილი. როგორც ფინანსთა მინისტრმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს ამოქმედებულ რეგულაციებს მომავალში კიდევ სხვა ნაბიჯები დაემატება.

მისივე თქმით, ჭარბვალიანობა საქართველოში წარმოადგენს პრობლემას, ის არის რისკი და მის გადასაჭრელად პრინციპული ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.

ჭარბვალიანობამ გამოიწვია არა მარტო ის, რომ მოსახლეობას უწევს თავისი შემოსავლის დიდი ნაწილის გადახდა კრედიტების მომსახურებაში და ისეთი ტრიპის კრედიტების აღება, რომელიც ეკონომიკურად მიზანშეუწონელი იყო, არამედ ეს იწვევს საქართველოში მეწარმეობის სურვილის და მეწარმეობის პოტენციალის გარკვეულწილად შემცირებას. ყველა რეფორმა ემსახურება ერთ მიზანს – სიღარიბის დამარცხებას. ეს რეფორმები ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია. ჭარბვალიანობის პრობლემა ამცირებს მეწარმეობის პოტენციალს. რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი დღეს არის ე.წ. შავს სიაში და აქედან გამომდინარე მათ არ აქვთ წვდომა ეკონომიკური საქმიანობის წარმართვაზე. ნურავის ექნება ილუზია, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის გადასაჭრელად უკან დავიხევთ. პირიქით, ამას გავაკეთებთ ძალიან სწრაფად და პრინციპულად“, – განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, დღეიდან კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს. ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი.

როგორც ფინანსთა მინისტრმა დღეს ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კომერციული ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება. ფინანსთა მინისტრის თქმით, ჭარბვალიანობის საწინააღმდეგო თამაშის ახალი წესები ყველა ფინანსურ სექტორზე გავრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები