LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძის ადვოკატი საჯარო ცილისწამებისთვის კობა დავითაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

100

პაატა ბურჭულაძის ადვოკატი საჯარო ცილისწამებისთვის კობა დავითაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ადვოკატის ინფორმციით, 17 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ კობა დავითაშვილმა პაატა ბურჭულაძეს საჯაროდ დასდო ბრალი ფონდ „იავნანაში“ საქველმოქედო მიზნებით შესული თანხების მოპარვაში.

„მე ვამბობ, რომ ბავშვების ფულს იპარავდა ეს კაცი. მოვიდეს ბატონი პაატა, დაჯდეს აქ და ვესაუბრები, როგორ იპარავდა ბავშვების ფულს, როგორ სწირავდნენ მის ფონდს ხალხი, რომ ბავშვებისათვის წასულიყო ეს ფული და როგორ იდებდა ბატონი პაატა ჯიბეში ამ ფულს. მოვიტან მტკიცებულებებს,“ – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადებები ნაწილია იმ ბინძური პიარკამპანიისა, რომელიც წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ და მიმართულია მისი, როგორც საყოველთაოდ ცნობილი არტისტისა და  საჯარო პირის დისკრედიტაციისკენ.

“პაატა ბურჭულაძე სასამართლოს მიმართავს თავისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად და მოითხოვს, სასამართლომ დაავალოს კობა დავითაშვილს მის მიერ საჯაროდ გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა და დააკისროს მას მორალური ზიანის ანაზღაურება 25 000 ლარის ოდენობით, რასაც მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბანი საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“ გადარიცხავს,” – აცხადებს მარიამ ჩიქოვანი.

პაატა ბურჭულაძის ადვოკატი სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 15:00 საათზე შეიტანს.