LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი დროებით უმუშევრობის შემწეობის შემოღებაზე ფიქრობს

84

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც  უნდა შეიქმნას სოლიდარობის ფონდი, საიდანაც მოქალაქეები სამსახურის დაკარგვიდან 6 თვის განმავლობაში უმუშევრობის შემწეობას მიიღებენ.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა „ფორტუნას“ უთხრა საპენსიო რეფორმა დახვეწას საჭიროებს და მისი ინიციატივაც სწორედ ამას ემსახურება.

„ჩვენ თუ გვინდა რომ ეს საპენსიო რეფორმა არ გავრცელდეს ძალიან ცოტა ადამიანზე და დღესდღეობით ჩვენი მოსახლეობის 40 პროცენტი უბრალოდ ვერ ჩაერთვება ამ საპენსიო სისტემაში. უნდა გავაჩინოთ მოტივაცია რომ ადამიანებმა გადადგან ნაბიჯი საკუთარი საქმიანობის ფორმალიზებისკენ რომ ჩაერთონ პენსიის რეფორმაში. რადგან დაბალია ამ ადამიანებს შემოსავალი და შესაბამისად, მათი შენატანი რომ დავითვალოთ, საბოლოოდ, პენსიის მიღების ასაკი რომ დაუდგებათ, იქნება ძალიან დაბალი. უნდა გავაჩინოთ სხვა მოტივაციები, როგორიც არის სოლიდარობის ელემენტი ჩვენ შემოთავაზებულ ინიციატივაში. ადამიანი რომელიც ჩაერთვება აქ, თუ მაგალითად ის დაკარგავს სამუშაოს, 6 თვის განმავლობაში თანხის შეტანას „სოლიდარობის ფონდი“ გააგრძელებს. მიუხედავად იმისა რომ ის ადამიანი 6 თვე უმუშევარია,“ – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

ამავე ინიციატივის მიხედვით, ბექა ნაცვლიშვილი გეგმავს, რომ კონკრეტულ დარგებში მინიმალური ხელფასის განსაზღვრების ცნებაც გაჩნდეს.

ამ ინიციატივის განხორციელებას რა ოდენობის თანხა დასჭირდება, ამაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ჯერ დეტალები არ იცის. მომდევნო კვირაში ის კონცეფციის პრეზენტაციასაც გეგმავს, რის შემდეგაც შესაძლოა, ინიციატივა საგაზაფხულო სესიაზე განსახილველადაც დაარეგისტრიროს.