LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის თავმჯდომარეს ცვლიან – რატომ გაანაწყენა ირაკლი კობახიძემ ივანიშვილი

საკონსტიტუციო ცვლილებების  მიღების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე, დიდი ალბათობით, შეიცვლება. ეს თავად კობახიძემ უკვე დააანონსა და ამის პირობად  მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება დაასახელა. თუმცა,  „ფორტუნას“ ინფორმაციით,  მისი შეცვლა პარტიის შიგნით არსებულ უკმაყოფილებას უკავშირდება.

მაჟორიტარული სისტემა   

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ის მთავარი საკითხია, რაზეც  ხელისუფლებასა და  ოპოზიციას შორის მუდმივად  დაპირისპირებაა, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციაში ყოფნისას ისევე ეწინააღმდეგებოდა მაშინდელ ხელისუფლებას და ითხოვდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, როგორც ამას ახლა ყოფილი ხელისუფლება უკვე ოპოზიციაში ყოფნისას ითხოვს.  ოპოზიციას კი ყოველთვის მხარს უჭერს არასამთავრობო სექტორი. მათი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ მაჟორიტარული სისტემა ყველა მოქმედ ხელისუფლებას აძლევს ძალაუფლების მიტაცების საშუალებას.  ანუ,  ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის  გამოყენებით ყოველთვის ახერხებს მაჟორიტარების გაყვანა, რომლებიც ანგარიშვალდებულნი  ხდებიან ამ ხელისუფლების მიმართ და რეალურად საზოგადოების ინტერესებს ვეღარ იცავენ.  რაც მთავარია,  150-კაციან  პარლამენტში  ირჩევა 73 მაჟორიტარი, რაც მთელი პარლამენტის თითქმის ნახევარია და  მათი მეშვეობით  მმართველი პარტია, რომელსაც, ცხადია, არა აქვს საზოგადოების სრული მხარდაჭერა და კარგ შემთხვევაში,  საზოგადოების მესამედის მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი  პარლამენტში იღებს ისეთ უმრავლესობას,  რაც ერთპიროვნული გადაწყვეტილებისთვის  საკმარისია და  საწინააღმდეგო აზრის  სრული იგნორირება ხდება.   ეს კი უკვე დემოკრატიის და განსაკუთრებით, ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ფაქტობრივად ხდება ხელისუფლების მიტაცება.

ცხადია, ეს ახალი პრობლემა არ არის და ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს სისტემა შეინარჩუნოს, რადგან ეს მათი ხელისუფლებაში ყოფნის  ერთგვარი გარანტიაა. ამჯერად, არაფერს ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაჟორიტარები, როგორც წესი, მდიდარი, ბიზნესიდან  მოსული ადამიანები არიან, რომლებიც  პარლამენტში ყოფნისას ძირითადად საკუთარი ბიზნესების ლობირებით არიან დაკავებულები, რაც ასევე დემოკრატიის მთავარი პრინციპების დარღვევაა.

ამიტომაც, ყველა ხელისუფლების დროს ცდილობს ოპოზიცია ამ პრინციპის შეცვლას და ეს აქამდე ვერ მოახერხა. ეს პრინციპი არ შეცვლილა დღემდე,  მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ახლა საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებისას  მაჟორიტარული სისტემის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი იყო, რადგან ამ თვეების განმავლობაში, რაც პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა,  მმართველმა პარტიამ პოზიცია რამდენჯერმე შეცვალა. საბოლოოდ ჩაიწერა პროექტში, რომ სისტემა შეიცვლება  პროპორციული სისტემით.

ამ  ჩანაწერის გაკეთება , თითქოს, დადებითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ  პრობლემა ის არის, რომ  პროპორციულ სისტემასთან ერთად ჩაიწერა მთელი რიგი ისეთი  საკითხები, რაც რეალურად ისევ ძალაუფლების მიტაცებას  უწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტული ჩანაწერების გაჩენას, როგორიც არის  გაუნაწილებელი მანდატების  პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მიცემას და ა.შ., ოპოზიციაც და არასამთავრობო სექტორიც ეწინააღმდეგებოდა სწორედ იმ არგუმენტით, რომ ძალაუფლების მიტაცებას უწყობს ხელს,,“ვენეციის კომისიას მაინც“ უცვლელად გადაეგზავნა. ცხადია, მოლოდინი არსებობდა, რომ ამაზე „ვენეციის კომისიას“ შენიშვნა ექნებოდა. ზოგადად „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაცია შესასრულებლად სავალდებულო არ არის და მას მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი აქვს და მიუთითებს,  საკონსტიტუციო ცვლილებები ეწინააღმდეგება თუ არა  დემოკრატიის პრინციპებს და ითვლება, რომ მათი შენიშვნები საკმაოდ ცუდის მანიშნებელია, თუკი გათვალისწინება არ მოხდება.

ხელისუფლებამ კი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გაგზავნისას არაერთხელ განაცხადა, რომ  „ვენეციის კომისიის“ შენიშვნებს გაითვალისწინებენ.  იმის გამო, რომ თავიდანვე იყო მოლოდინი,  „ვენეციის კომისიას“  პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ჩადებულ პირობებზე უარყოფითი შეფასებები ექნებოდა, გაჩნდა კითხვა, თუ  ეს პირობა რატომღა ჩაიწერა.

საქმე კი ის არის, რომ ეს ხელისუფლების ერთგვარი ხრიკი აღმოჩნდა,  რადგან  იმ არგუმენტით, რომ  ამ ახალ პრინციპზე „ვენეციის კომისიას“ შენიშვნები აქვს, ისინი საერთოდ უარს  იტყვიან  და მაჟორიტარულ სისტემას დატოვებენ. მით უმეტეს, რომ მაჟორიტარული  სისტემის დატოვების შესახებ უკვე კეთდება განცხადებები „ქართული ოცნების“ მხრიდან.

კობახიძის პირობა  

ამის პარალელურად პარლამენტის  თავმჯდომარემ, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ხელმძღვანელობს, თანამდებობიდან გადადგომა დააანონსა.

„თუკი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩავარდება,  გადავდგები,“  – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ  რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას  პროპორციული სისტემის შესაძლო ჩავარდნასთან დაკავშირებით.

მართალია, მან ამ კომენტარის გაკეთება ხუმრობის კონტექსტში სცადა, მაგრამ „ფორტუნას’ ინფორმაციით, მისი შეცვლა უკვე გადაწყვეტილია რამდენიმე ფაქტორის გამო და ის ახლა ცდილობს, საკუთარი პოზიცია  პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, თანამდებობიდან წასვლის  საბაბად გამოიყენოს.   მისი შეცვლის მთავარი მიზეზი კი, როგორც პარტიაში არაოფიციალური საუბრებისას ამბობენ,  მისი დამოკიდებულებაა, როგორც პარტიის წევრების მიმართ, ასევე  იმ უკმაყოფილების გამო, რაც ფილარმონიაში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას მისმა  საქციელმა გამოიწვია. პარტიაში  არაოფიციალურად ამბობენ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მის მიმართ ღიად  გამოხატა უკმაყოფილება და უთქვამს, რომ ამ თანამდებობაზე მან არ გაამართლა და ახალი  კადრია საჭირო.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს ფილარმონიაში, კონსტიტუციური ცვლილებების განხილვის საყოველთაო-სახალხო კომისიის შეხვედრაზე “აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებმა კობახიძეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს, ისინი საყვირებით მივიდნენ და სკანდირებდნენ “ოთხი მეშახტე!” კობახიძემ  კი მათ “კომუნისტები” უწოდა.

„რამდენიმე ახალგაზრდა კომუნისტი 2500 ადამიანს იმის საშუალებას არ აძლევს, რომ საქართველოს კონსტიტუცია განიხილონ. თქვენ არასწორი ნიშა აირჩიეთ. ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში კომუნისტების ადგილი არ არის. აქ ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი არ არის. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მოგიწოდებთ, იმ გზას დაადგეთ, რომელიც ილია ჭავჭავაძის  – განათლების გზაა. თქვენ კომუნიზმის გზა აირჩიეთ და ეს არასწორი არჩევანია. მოგიწოდებთ, ცოდნისა და სწავლის გზით იაროთ. საქართველოში ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი არასოდეს არ იქნება. ეს არის ფსევდოსოლიდარიზმი, რაც კომუნისტებისთვის დამახასიათებელია“, – მიმართა ახალგაზრდებს კობახიძემ.

რა ფორმით შეცვლიან პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის და როგორც ამბობენ, ეს საკითხი საშემოდგომო სესიის  დაწყებისას გაირკვევა.

 

რუსა მაჩაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები