LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა ოლ ბლექსი თბილისშია: გუნდებმა ჩამოსვლა დაიწყეს

46

2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა საქართველოში ჩამოსვლა დაიწყეს.

სტუმართაგან ჩვენს ქვეყანას პირველად ავსტრალიის ნაკრები ეწვია – 37-კაციანი დელეგეცია 23 მაისს ჩამოვიდა.

25 მაისს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შოტლანდიელი მორაგბეები გამოჩნდნენ, ხოლო ნაშუადღევს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, 5-გზის ჩემპიონი „ჯუნიორ ოლ ბლექსი“.

გუნდების მიღების მხრივ ყველაზე დატვირთული 26 მაისია. გამთენიისას უელსის ნაკრები გვეწვევა, რომლის დელეგაციაც ყველაზე დიდია და 44 კაცისგან შედგება; შუადღისას ყველაზე მცირერიცხოვანი, 34-კაციანი დელეგაციით ჩამოდის სამოას ნაკრები; ნაშუადღევს თბილისში იქნება იტალია და ჯგუფში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე სამხრეთ აფრიკა (2012 წლის ჩემპიონი); ხოლო საღამოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის 3-გზის გამარჯვებული და მოქმედი ჩემპიონი ინგლისი ჩამოდის. საღამოს პირდაპირ ქუთაისში ჩაფრინდება ირლანდიის ნაკრები.

უმცროსი ბორჯღალოსნების კიდევ ორი მეტოქე თბილისში ყველაზე გვიან ჩამოდის: 27 მაისს ღამით საფრანგეთის, ხოლო 28-ში გამთენიისას არგენტინის ნაკრები.

 

1000-ზე მეტი სტუმარი

მსოფლიო თასის შემდეგ, 20-წლამდელთა ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ტურნირია ‘მსოფლიო რაგბის’ მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებს შორის და მის მიმართ ოვალური სამყარო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.

შესაბამისად, საქართველოს მრავლად ეწვევიან მაღალი დონის სტუმრები და მათ შორის „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტი ბილ ბომონტი. სტუმართა შორის არიან „მსოფლიო რაგბის“ ვიცე-პრეზიდენტები, სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები – სულ ოფიციალური სტუმრების რაოდენობა 1100-ს აჭარბებს.

ტრადიციულად, 20-წლამდელთა ჩემპიონატს ესწრებიან ტოპ-კლუბების სკაუტები, მწვრთნელები და გუნდებისთვის მომავალ ვარსკვლავებს არჩევენ. რადგან იაპონიის მსოფლიო თასამდე 2 წელიწადზე მეტია დარჩენილი, თბილისის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მობურთალი მორაგბეების ნაწილი, 2019 წლის მსოფლიო თასზე იაპონიაში ითამაშებს.

ტურნირი ერთგვარი ტურისტული პლაცდარმიცაა. ზემოთნახსენები 1100-ზე მეტი ოფიციალური სტუმრის გარდა, საქართველოში თითოეული გუნდის ასობით გულშემატკივარი ჩამოვა და მნიშვნელოვანია, ჩვენმა ქვეყანამ ტურნირს უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები