LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა ქართველები A დივიზიონში გადავიდნენ

59

საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მე-3 ადგილისთვის მატჩში დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დრამატულ ბრძოლაში, ქულის სხვაობით 64:63 მოუგო და ბრინჯაოს მედალთან ერთად მოიგო გაცილებით ძვირფასი ტიტული – ელიტარული, A დივიზიონის საგზური!

საქართველოს ნაკრებმა დასანანი მატჩი წააგო ნახევარფინალში ჰოლანდიასთან და A დივიზიონში გადასვლის ბოლო შანსი დარჩა – მესამე ადგილისთვის მატჩში დიდი ბრიტანეთის დამარცხება. ბრიტანელები ჩვენს ქვეჯგუფში იყვნენ და ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ დიდი სხაობით გვძლიეს. ბუბა ბერიშვილის, თემურ კანკიასა და ტიჰომირ ბუიანის გაწვრთნილ გუნდს ხელსაყრელი შანსი გაუჩნდა კუნძულელებთან რევანში აეღო და ბრინჯაოს მედალთან ერთად უმთავრესი ტიტული, A დივიზიონის საგზური მოეპოვებინა.

აღნიშნულ ამოცანას ქართველებმა კარგად გაართვეს თავი. გამარჯვება ძალიან ლამაზი და დრამატიზმით აღსავსე გამოვიდა, რადგანაც ქართველებმა თითქმის უიმედო მატჩი ორჯერ შემოატრიალეს და საბოლოოდ ზედ საფინალო სირენის წინ ჩაგდებული ბურთით იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა გამარჯვება დიდი სიხარულით აღნიშნეს.

სიხარული სუფევდა თბილისშიც, სპორტის სასახლეში. 16-წლამდელების გამარჯვება ჩვენი ეროვნული გუნდის ვარჯიშის დასასრულს დაემთხვა და ნაკრების წევრებიც ნოუთბუქთან დიდი ემოციებით ქომაგობდნენ, გამარჯვების ბურთის ჩაგდების შემდეგ კი ყველამ ერთად გაიხარა.

ქართველ 16-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში 11 წელია, არ უთამაშიათ. 2006 წელს B-დან A დივიზიონში ჩვენი ნაკრები მწვრთნელ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის ძალისხმევით გადავიდა. 16-წლამდელები მალევე დაუბრუნდნენ ევროპის საშუალო დივიზიონს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ ელიტაში აღზევებას ვერ ახერხებდნენ.

საქართველოს ასაკობრივ ნაკრებთა შორის ეს პატივი წილად ხვდათ დავით უსტიაშვილის გაწვრთნილ 20-წლამდელებს, რომლებმაც B დივიზიონი 2006 და 2011 წელს მოიგეს.

ბუბა ბერიშვილი: 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
– უპირველესად, ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ამ 2 თვის განმავლობაში გუნდის მომზადებაში იყო ჩართული – მწვრთნელი, ექიმი თუ მენეჯერი, რა თქმა უნდა მოთამაშეები და გუნდთან დაკავშირებული ყველა ადამიანი – ყველას მადლობა. ვფიქრობ, ჩვენს ნაკრებს ფინალში უნდა ეთამაშა, მაგრამ მიზეთა გამო ასე არ გამოვიდა…
დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ, რის გამოც ცოტა აღელვებული გახლავართ და ემოციების მოთოკვა მიჭირს. ჩვენს მთავარ მიზანს, რომ გავსულიყავით საუკეთესო სამეულში და მოგვეპოვებინა ელიტარული დივიზიონის საგზური, მივაღწიეთ“.

ევროპის ჩემპიონატის ელიტარული – A დივიზიონის საგზურის მომგები საქართელოს 16-წლამდელთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის აეროპორტში გმირული გამარჯვების მომპოვებელ ბიჭებს უამრავი გულშემატკივარი დახვდა, რომელთა შორისაც ოჯახის წევრებსა და ჟურნალისტებთან ერთად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები და გულშემატკივრები გახლდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები