LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში 2 ქართული ფილმია წარდგენილი

89

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალმა მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ფესტივალის მთავარ კონკურსში 2 ქართული ფილმია წარდგენილი.

პეკინის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს Tiantan Award მოპოვების შესაძლებლობა ანა ურუშაძის ფილმს “საშიში დედა” და მარიამ ხაჭვანის ფილმს “დედე” ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალის სექციაში “პანორამა” ნაჩვენები იქნება ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი “სავარძელი”.

ფილმების ჩვენების პარალელურად, ეროვნული კინოცენტრი და სააგენტო “აწარმოე საქართველოში” კინოფესტივალზე საქართველოს სტენდს წარადგენენ. ქვეყნის კინოგადაღებების კუთხით პოპულარიზაციისა და ქართული კინოს ჩინეთის ბაზარზე გატანის მიზნით გაიმართება არაერთი ინდუსტრიული შეხვედრა.

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველმა კინემატოგრაფისტებმა შარშან 10 მთავარი ჯილდოდან 4 მოიპოვეს. კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი გიორგი ბარაბაძის “ლუკა” გახდა. ამავე ფილმში ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ლია კაპანაძე დააჯილდოვეს.

ფილმს “სხვისი სახლი” ასევე 2 პრიზი ხვდა წილად – საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. რუსუდან გლურჯიძეს ჯილდო ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟან რენომ გადასცა, რომელიც 2017 წელს პეკინის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი იყო.

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2011 წელს დაარსდა და რამდენიმე წელიწადში უკვე იქცა მსოფლიოს გამოჩენილი და წარმატებული კინემატოგრაფისტების თავშეყრის ადგილად.

ფესტივალი წელს 15-22 აპრილს გაიმართება.

პოპულალურები