LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლ რომერი, შესაძლოა, საქართველოს რეფორმების შემუშავებაში ჩაერთოს

137

მსოფლიო ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრისას, საქართველოს მთავრობის რეფორმებით დაინტერესდა და მათი შემუშავების პროცესში ჩართვის ინიციატივა გამოთქვა.

საქართველოს პირელი ვიცე–პრემიერისა და მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტის პოლ რომერის შეხვედრა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მსოფლიო ბანკის პროექტების მიმდინარეობა, პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ასევე, საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტს გააცნო მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა და მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომლის მთავარ მიზანსაც საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა წარმოადგენს. მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლებისა და მმართველობის რეფორმაზე, აგრეთვე გადახდისუნარიანობის კანონმდებლობის შემუშავებაზე, საპენსიო სქემისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.

აღნიშნული საკითხების უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ახალი, სამწლიანი პროგრამის დამტკიცების მნიშვნელობაზე.

მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი პოლ რომერი ავტორიტეტული რეიტინგის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ ჯგუფის ხელმძღვანელია. ამდენად, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ რეიტინგზე „ბიზნესის კეთების სიმარტივე“.

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ რეფორმების განხორციელების მიმართულებით მიიღო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და მსოფლიო ბანკი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

პოლ რომერი მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ეკონომისტია, რომელიც თავის დროზე მოღვაწეობდა ნიუ-იორკისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში. რომერი არის ენდოგენური ზრდის თეორიის ფუძემდებელი.

პოპულალურები