LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა გახდა

49

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ქვეყანა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს საერთაშორისო შეხვედრების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციასთან (ICCA) თანამშრომლობით იმართება.

პრემიერის თქმით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა გახდა და მისი კიდევ უფრო განვითარება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, რომ ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები და ტელევიზიები სულ უფრო ხშირად აშუქებენ საქართველოს, როგორც მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო ადგილს. ვინც პირველად ხართ საქართველოში, შეგიძლიათ, ეს თქვენი თავლით ნახოთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ტურიზმი გახლავთ ერთერთი საუკეთესო გზა, რომლითაც შესაძლებელია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი სილამაზისა და რაც მთავარია, ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიციის წარმოჩენა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რასაც მოსახლეობის ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს.

„შესაბამისად, ეს სექტორი, ზრდის კვალდაკვალ, მომავალში კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობის მომტანი იქნება. ტურიზმის სექტორი გამორჩეულია იმით, რომ მასში აქტიურად ჩართვა შეუძლია საქართველოს ყველა რეგიონს, ქალაქსა თუ სოფელს და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიკაციას და ქვეყანაში ახალი მიმართულებების განვითარებას. ამავე დროს, გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს სექტორის განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ერთერთი მთავარი მიმართულება საქართველოსთვის საქმიანი ტურიზმის განვითარებაა. „საქმიანი ტურიზმის სექტორი ორიენტირებულია ქვეყანაში მნიშვნელოვანი რაოდენობის ტურისტების მოზიდვაზე, ამასთან, ხელს უწყობს სხვადასხვა დარგის განვითარებას და ადგილობრივ დონეზე საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანას, ცოდნის გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს სტრატეგიას წარმოადგენს, საქართველო რეგიონული თვალსაზრისით იქცეს ეკონომიკის, საერთაშორისო ბიზნესისა და რაც მთავარია, ტურისტულ ცენტრად. აქედან გამომდინარე, საქმიანი ტურიზმის განვითარება ჩვენთვის სტრატეგიული ამოცანაა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები