LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტი, რომელიც ენერგეტიკული კრიზისების თავიდან ასაცილებლად უნდა განხორციელდეს

103

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში „სამხრეთ გაზის დერეფნის“ განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე „შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზის შეუფერხებელ ამოქმედებასა და ევროკავშირისათვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების ალტერნატიული მარშრუტის განვითარების მიმდინარეობაზე მსჯელობენ.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია „სამხრეთ გაზის დერეფნის“ დროული და თანმიმდევრული განვითარება იმ ენერგეტიკული კრიზისების თავიდან ასაცილებლად, რომლის საფრთხეებიც ყველასათვის ნათელია.

„მინდა აღვნიშნო, რომ ენერგეტიკული რესურსების უწყვეტი მიწოდება-წყაროების, მარშრუტებისა და მიმწოდებლების დივერსიფიკაციის გზით, კვლავ აქტუალურია ჩვენს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, რომელიც ხშირად ერთ მიმწოდებელზე დამოკიდებულებას, პოლიტიკური ფასის დაწესებას და კონკურენტული ბაზრის განვითარების ხელშეშლას უკავშირდება. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობა – მწარმოებელი და მომხმარებელი ქვეყნების საზრუნავი მათი ინტერესების გათვალისწინებით ეფექტური მექანიზმების შემუშავება, წარმოადგენს სწორედ არსებული გამოწვევების საპასუხოდ მიმართულ ქმედებას.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია „სამხრეთ გაზის დერეფნის“ დროული და თანმიმდევრული განვითარება იმ ენერგეტიკული კრიზისების თავიდან ასაცილებლად, რომლის საფრთხეებიც დღეს ყველასათვის ნათელია. მიხარია, რომ ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. აღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, დაინტერესებული ვართ რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სტაბილური მდგომარეობის უზრუნველყოფით და მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ, შევისწავლოთ და განვიხილოთ ყველა პრობლემა, მათი გადაჭრის გზები და ამ მხრივ წვლილი შევიტანოთ იმ საერთო მიდგომის ჩამოყალიბებაში, რომელიც „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის შეუფერხებლად განვითარების აუცილებელი წინაპირობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზის ფარგლებში, „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის განხორციელება გულისხმობს ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით. პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო მილსადენის სიგრძე 3 460 კმ-ია.
„სამხრეთ კავკასიური მილსადენი“ წარმოადგენს აღნიშნული ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილს აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით – თურქეთამდე. სამხრეთ კავკასიური მილსადენის სიგრძე 690 კმ-ია. საქართველოში „სამხრეთ კავკასიური მილსადენის“ გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები