LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტი, რომელიც კახეთს გვალვის პრობლემას მოუხსნის – ილტოს წყალსაცავი

790

ილტოს ხეობაში კომუნისტების დროინდელი წყალსაცავის აღდგენა იგეგმება. ეს არის პროექტი, რომელიც თავის თავში კიდევ 2 მნიშვნელოვან შესაძლებლობას მოიცავს.

წყალსაცავი დაახლოებით, კახეთის 45 ათასი ჰექტარი მიწის გასარწყავიანებას შეძლებს. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობა იმისთვის, რომ კახეთის რეგიონს გვალვის პრობლემა თითქმის სრულად მოეხსნას.

წყალსაცავთან ერთად ადგილზე მცირე ჰესის მოწყობაცაა შესაძლებელი, ამასთან, ის წამში 200 ლიტრი წყლის ბუნებრივი ფილტრატია.

როგორც „ფორტუნას“ ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ჯუგაშვილმა განუცხადა, ეს სამივე პროექტი ერთობლივად ინვესტორს და/ან სახელმწიფო დაფინანსებას ელოდება.

„კომუნისტების დროს ამ ულამაზეს ხეობაში შენდებოდა წყალსაცავი, რომელსაც დატვირთვა ჰქონდა ძირითადად, კახეთის 45 ათასი ჰექტარის გასარწყავიანებაზე. ამ ხეობაში წყლის ყველაზე მცირე დებეტის დროსაც კი (აგვისტოსა და დეკემბერში) წყალსაცავზე მოწყობილი ჰესი 13,6 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ამასთან წყალსაცავი წამში 200 ლიტრი წყლის ბუნებრივი ფილტრატია. ეს სამი პროექტი იყო ერთად თავმოყრილი მდინარე ილტოს ხეობაში“, – განაცხადა გელა ჯუგაშვილმა „ფორტუნასთან“.

მისივე თქმით, საქართველოს მელიორაციამ ხეობა შეისწავლა და ძველი გვირაბებისა გაწმენდა უზრუნველყო.

რაც შეეხება ინვესტორებს, როგორც გელა ჯუგაშვილმა „ფორტუნას“ განუცხადა, ინტერესი დიდია, თუმცა კონკრეტული შედეგი ჯერჯერობით არ დამდგარა.

„ახლა უკვე დიდი ინტერესია, რადგან გლობალური დათბობის ფონზე საკმაოდ მომგებიანი პროექტია. კახეთმა ძალიან მძიმე გვალვები გადაიტანა და ერთადერთი ალტერნატივა ამ წყალსაცავის გაკეთებაა. ინვესტორები დაინტერესებულები არიან– როგორც ქართველები ასევე, უცხოელები. სახელმწიფო 50%–იან თანადაფინანსებას მოახდენს. ინვესტორები მოდიან და პროექტს ეცნობიან, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო პასუხი არ აქვთ“, – განაცხადა ჯუგაშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში გურჯაანისა და სიღნაღის გავლით, დედოფლისწყარომდე,  ალაზნის მარჯვენა მხარე გასარწყავიანდება.

ჯუგაშვილის ვარაუდით, მას შემდეგ, რაც კონკრეტული ინვესტორი ამ პროექტის განხორციელებას დაიწყებს, წყალსაცავის სრულად მოწყობა უახლესი ტექნიკის მეშვეობით, 3–4 წელიწადში იქნება შესაძლებელი.

შესაბამისად, ეს უახლოესი მომავლის პროექტია, რომელიც კახეთს მნიშვნელოვან პრობლემას გადაუჭრის.

როგორც საქართველოს მელიორაციის დირექტორმა ლევან დვალმა „ფორტუნას“ განუცხადა, მათ შეძლეს ძველი პროექტის მოძიება და წყალსაცავის ტერიტორიის შესწავლა.

„30 წელზე მეტია გასული, შესაბამისად წყალსაცავი ახლიდან იქნება დასაპროექტებელი. ჩვენ მოვამზადეთ, თანამედროვე პრაქტიკისა და სტანდარტების შესაბამისი საპროექტო დავალება (საპროექტო დავალებაში მოცემულია, თუ რა დოკუმენტაცია იქნება საჭირო, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ილტოს წყალსაცავის პროექტის ხელახალი მომზადება), რომელიც შესაძლო დაფინანსების შემთხვევაში გამოგვადგება. წყალსაცავის სავარაუდო ღირებულება 100 მლნ ლარზე მეტი იქნება. თუკი იქნება მსურველი, შესაძლოა, ეს პროექტი მთავრობსა და ინვესტორის მიერ ერთობლივად განხორციელდეს“, – განაცხადა ლევან დვალმა „ფორტუნასთან“.

ლევან დვალის განცხადებით, ჯერჯერობით, შეუძლებელია იმის თქმა, თუ როდისთვის მოხდება ამ პროექტის განხორიციელება, რადგან დაფინანსების წყარო არ არსებობს.

ილტო ალაზნის მარჯვენა შენაკადია. კახეთის ქედის სამხრეთ აღმოსავლეთის კალთაზე (ზღვის დრონიდან 2120მ.) არსებული მდინარის სიგრძე 43 კილომეტრია, აუზის ფართობი 337 კვადრატული კილომეტრი, ილტოდან გაყვანილია მარნის არხი, რომელიც 1190 ჰექტარ ფართობს რწყავს.

წყალსაცავი ჯერ კიდევ 1984 წელს დაპროექტდა. ილტოს ხეობის ასეთი შესაძლებლობის შესახებ 1989 წლის გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ იწერებოდა:

„პროექტის მიხედვით წყალსაცავის ასაშენებლად გამოყოფილია 308 ჰექტარი, რომელშიც შედის როგორც თვითონ წყალსაცავი, ისე ჰიდროკვანძი, მომსახურე ობიექტები და დამხმარე ნაგებობები. წყალსაცავის  მოცულობა 85 მილიონი კუბური მეტრია– მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 54, 97 მილიონი მანეთი“, – ვკითხულობთ გაზეთში, სადაც გამოქვეყნებულია სხვადასხვა ექსპერტის წერილები იმის შესახებ, თუ რატომ არის ილტოს წყალსაცავი საჭირო და მიაყენებს თუ არა გარემოს იგი დიდ ეკოლოგიურ ზიანს.

როგორც 1989 წლის სტატიიდან ირკვევა, რაიონის მოსახლეობას იმ დროისთვის ეს მასშტაბური პროექტი აშინებდა და კომპეტენტური ორგანოების დასკვნებს ითხოვდა იმის თაობაზე, რომ წყალსაცავის მშენებლობა ბუნებრივ და ეკოლოგიურ სისტემურ ცვლილებებს არ გამოიწვევდა.

 

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები