LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული გუდის ყველი კალიფორნიასა და ნიუ-იორკში იყიდება

465

ქართული გუდის ყველი ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიდა. პროდუქცია, რომელიც თუშეთში კოოპერატივ „ალაზნისთავის“ მიერ მზადდება, კალიფორნიასა და ნიუ-იორკში უკვე იყიდება. როგორც ”ფორტუნას” კოოპერატივის დამფუძნებელმა გიორგი აბულიძემ განუცხადა, ცხვრის გუდის ყველზე აშშ-ში მოთხოვნა ძირითადად ქართველი, რუსი და ებრაელი ემიგრანტების მხირად არის.

”ყველის პირველი პარტია აშშ-ში 2016 წლის შემოდგომაზე გავაგზავნეთ და იქ დიდი მოწონება დაიმსახურა. მოლაპარაკებები მიმდინარეობას სხვა ქვეყნებთანაც, ჩვენი პროდუქციის გატანა უახლოეს პერიოდში რუსეთსა და ისრაელში იგეგმება ”, – აღნიშნა აბულიძემ.

მისივე ინფორმაციით, კოოპერატივი ”ალაზნისთავი” ყველის საწარმოს თუშეთში, გომეწრის ხეობაში ფლობს. კოოპერატივამდე 15 კილომეტრის მანძილზე მანქანით გადაადგილება შეუძლებელია. შესაბამისად, პროდუქციის ტრანსპორტირება ცხენების საშუალებით ხდება. ”რაც შეეხება წარმოებას, ვფლობთ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოს და ყველს სურსათის უვნებლობის ყველა სტანდარტის დაცვით ვამზადებთ. ამ ეტაპზე გვაქვს ყველის ოთხი სახეობა, ესენია: სვილობი, ლარტუშო, დოვნა და ჩოგი”, – განმარტა კოოპერატივის დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, ”ალაზნისთავი” ყველს როგორც ცხვრის, ისე ძროხის რძისგან აწარმოებს. საწარმოს წლიური წარმადობა ჯერჯერობით 11 ტონაა, თუმცა წარმადობის გაზრდა იგეგმება.

როგორც გიორგი აბულიძე ამბობს, ადგილობრივ ბაზარზე ამ ეტაპზე ”ალაზნისთავის” გუდის ყველი სუპერმარკეტების ქსელ “ევროპროდუქტში” იყიდება. სამომავლოდ კი სხვა ქსელების ათვისებაც განიხილება. ამასთან, კოოპერატივის დამფუძნებელი ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებასაც გეგმავს, მათ შორის ევროპის ქვეყნების.

ცნობისთვის, თუშეთში გუდის ყველის მწარმოებელი კოოპერატივი ”ალაზნისთავი” 2015 წელს ჩამოყალიბდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები