LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გააკეთა ნარმანიამ? – სამწლიანი მუშაობის შეჯამება

44

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

ნარმანია უფრო ვრცელ ანგარიშს განხორციელებული პროექტების შესახებ 10 ნოემბერს წარადგენს.

დღევანდელ სხდომაზე კი, მერმა 3 წლისა და 3 თვის განმავლობაში შესრულებულ პროექტებს შორის, რამდენიმე გამოყო.

გზები

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები ჩაუტარდა 7 მლნ მ2-ზე მეტ ფართს, აქედან კაპიტალურად შეკეთდა 3 მლნ მ2-მდე გზის საფარი, სულ კაპიტალურად რეაბილიტირდა 755 ქუჩა.

დავით ნარმანიას განცხადებით, ამ დროის განმავლობაში აშენდა ორი სრულიად ახალი, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი და სამება-მახათას დამაკავშირებელი გზები.

საანგარიშო პერიოდში საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია განხორციელდა 91 ობიექტზე. თბილისის მერის თქმით, მათ შორის აღსანიშნავია პუშკინის ესტაკადის მშენებლობა, დიღმულასა და ბარათაშვილის ხიდების რეაბილიტაცია, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარის რეკონსტრუქცია, ავჭალის ხიდის მშენებლობა. ასევე მასშტაბური საკანალიზაციო ქსელების მოწყობა კაიროს დასახლებასა და შინდისი-ტაბახმელას გზაზე.

დავით ნარმანიას განცხადებით, ათწლეულების შემდეგ პირველად, გამოცდა ჩაუტარდა ქალაქის მასშტაბით არსებულ 16 ხიდს.

 

სკვერები და ხე-მცენარეები

2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით მოეწყო 196 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 463-ს.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით, 2014 წლიდან 2017 წლის ბოლომდე დაირგო 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე. 16 მისამართზე მოეწყო სრულიად ახალი სარწყავი ქსელი, რეაბილიტაცია განხორციელდა 63 ლოკაციაზე.

 

კულტურული და სპორტული ღონისძიებები

თბილისის მერის თქმით, კულტურის ნაწილში, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და მხარდაჭერით განხორციელდა 899 მასშტაბური ღონისძიება, გარდა ამისა, მუზეუმების ეფექტური საქმიანობის და მართვის თანამედროვე სისტემაზე გადასვლის მიზნით, განხორციელდა თბილისის 9 მუზეუმის შერწყმა-გაერთიანება.

რაც შეეხება სპორტს, თბილისის მერის თქმით, საანგარიშო პერიოდში, ქალაქის მასშტაბით, რაიონული გამგეობების მიერ მოეწყო 36 ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 441-ს. დედაქალაქის ყველა რაიონში მოეწყო ფიტნეს ზონები. აშენდა რაგბის სავარჯიშო კომპლექსი და ოლიმპიადის ფარგლებში აშენდა არაერთი ახალი სპორტული ობიექტი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებულებს, მათ შორის დინამო არენას.

 

 

პროექტი „ახალი ტიფლისი“

ახალი ტფილისის“ ფარგლებში პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა და აქედან 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, განხორციელდა სხვა მსხვილი არეალების რეაბილიტაციაც, როგორიცაა ღვინის აღმართი, ზემო კალა. სამი ისტორიული სადარბაზო პირვანდელი სახით აღდგა და პროექტის ფარგლებში მოეწყო 4 სარეკრეაციო ზონა, რეაბილიტირდა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლებიც.

 

ჯანდაცვა და განათლება

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 10 ახალი პროგრამა განახორციელა.

რაც შეეხება განათლებას, თბილისის მერიის მიერ სწავლა დაუფინანსდა 6 500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს.

“სტიპენდიით წავახალისეთ მაღალი აკადემიური მოსწრების 369 მაგისტრანტი. პროფესიული უნარების გაუმჯობესებისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის კი გადამზადდა 700 ადამიანი. გაიხსნა ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი და ქალაქს შევმატეთ კიდევ ერთი ახალი მედიათეკა ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

ტრანსპორტი

2014 წლის აგვისტოდან დღემდე თბილისის მერიამ EBRD-ის და E5P-ის ხელშეწყობით ევროსტანდარტების შესაბამისი 143 ახალი ავტობუსი შეიძინა. დავით ნარმანიას განცხადებით, მონტაჟდება ავტობუსის ახალი მოსაცდელები.

თბილისის მეტროში აქტიურად მიმდინარეობს ვაგონების მოდერნიზაცია, საანგარიშო პერიოდში სულ მოდერნიზდა 12 ვაგონი და გარემონტდა 32. გაფორმებულია ხელშეკრულება დამატებით 12 ვაგონის შეკეთებაზე. გარდა ამისა, კაპიტალურად გარემონტდა 2 მეტროსადგური და დაწყებულია რეაბილიტაცია 3 სადგურში“.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით გაიხსნა და ამოქმედდა ახალი მეტროსადგური – „სახელმწიფო უნივერსიტეტი“.

გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, აღდგა კუს ტბის საბაგირო გზა; ასევე, შერჩეულია 10 ადგილი მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობისათვის, რაც თბილისის მერის თქმით, ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები