LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იქნება საგარანტიო ფონდის მუშაობისას მნიშვნელოვანი – მინისტრის განმარტება

90

საგარანტიო ფონდის მუშაობისას პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდებში დასაქმების გაზრდა, მათ შორის, ქალბატონებში მეწარმეობის განვითარება, – ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საგარანტიო ფონდები ევროპისთვის აპრობირებული ინსტრუმენტია და მნიშვნელოვანია ის საქართველოშიც განვითარდეს.

“დღეს ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან განვიხილეთ საგარანტიო ფონდების ძირითადი პრინციპები. საგარანტიო ფონდების ინსტრუმენტი ზოგადად დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში არის კარგად დანერგილი ინსტრუმენტები. ეს არის კარგად აპრობირებული ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებელია მიმართული იყოს ძალიან კარგად თარგეთირებული ჯგუფების მიმართ, სადაც სახელმწიფოს აქვს სურვილი დაეხმაროს განვითარებაში. მათ შორის, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდებში დასაქმების გაზრდა, ქალბატონებში მეწარმეობის განვითარება. სწორედ ამ ძირითად პრინციპებზე ვისაუბრეთ დღეს, რამდენად შეგვიძლია ყველამ ერთად გავიზიაროთ ის საუკეთესო გამოცდილება, რომელიც ევროპაშია დაგროვებული. ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელი ესწრებოდა ჩვენს შეხვედრას და მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბანკს აქვს ევროკავშირის მხრიდან დაკვეთით გაკეთებული ძალიან კარგი დოკუმენტი, რომელიც სრულად აღწერს, რამდენად დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ასეთ ფონდებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სექტორების განვითარების მიმართულებით. მე დღეს გავაჟღერე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ ჩვენ მათ ველოდებით და გვინდა, რომ ისინი იყვნენ აღნიშნულ ფონდში აქციონერები და მნიშვნელოვანი ნაწილი. აქაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტია. პირველი – გვინდა ძალიან გამჭვირვალე ვიყოთ, მეორე – მათ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და გვინდა ეს გამოცდილება გავიზიაროთ. მესამე – მათ აქვთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა, რომელიც აბსოლუტურად თანხვედრაშია იმ ინიციატივასთან, რომელსაც ჩვენ ახლა ვაჟღერებთ. მნიშვნელოვანია, ნაბიჯები გადაიდგას იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. გადაიდგას ისე, რომ მოხდეს ეკონომიკის სწორი სტიმულირება და შესაბამისად, საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღოთ სარგებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური ზრდისთვის,”- განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები