LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება, როდესაც თვითმფრინავს საწვავი უთავდება: რეალური ისტორიები

1019

ამ დღეებში სოცქსელებში ქართველმა მოგზაურმა დაწერა, რომ ქუთაისიდან გერმანიაში მიმავალი თვითმფრინავი ბუდაპეშტში დაჯდა. სამწუხაროდ, ეს პოსტი წაშლილია, მეტი თვალსაჩინოებისთვის აქვე რომ მოგვეყვანა. მიმოწერაში მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა, უფრო კონკრეტულად საწვავის ნაკლებობა დაასახელეს, რის გამოც მოუხდა კიდეც თვითმფრინავს იძულებით სხვაგან დაჯდომა. ამ შემთხვევის გამოკვლევა (თუ მართლაც მოხდა ასეთი რამ) არ არის ჩვენი დღევანდელი სტატიის მთავარი თემა, ამ პოსტმა უბრალოდ საერთაშორისო მაგალითების გადახედვისკენ გვიბიძგა.
მსოფლიოში უამრავი შემთხვევა დაფიქსირებულა, როდესაც თვითმფრინავს საწვავი გამოელია, თუმცა პილოტების ყოჩაღობით ყველა ინციდენტი მსხვერპლით არ დასრულებულა. აქ რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა გავიხსენოთ.

 

A330-ის ინციდენტი ატლანტის ოკეანის თავზე – ავიაშემთხვევა 2001 წლის 24 აგვისტოს მოხდა. ავიაკომპანია Air Transat-ის ავიალაინერი Airbus A330-243 ტორონტო-ლისაბონის გეგმურ მარშრუტს ასრულებდა. აფრენიდან 5 საათის და 34 წუთის შემდეგ ატლანტის ოკეანზე მოულოდნელად საწვავი გამოელია და ორივე ძრავი გაჩერდა. ეკიპაჟმა მოახერხა თვითმფრინავი აზორის კუნძულებზე (პორტუგალიის ავტონომიური რეგიონი) ლაჟეშის სამხედრო ბაზაზე დაესვა. ბორტზე მყოფი 306 ადამიანიდან (293 მგზავრი და ეკიპაჟის 13 წევრი) არავინ დაღუპულა, 18 მათგანმა დაზიანება მიიღო.

 

1996 წლის 23 ნოემბერს Boeing 767-მა კომორის კუნძულების (სახელმწიფო ინდოეთის ოკეანეში) სიახლოვეს კატასტროფა განიცადა. Ethiopian Airlines-ის ავიალაინერი Boeing 767-260ER ასრულებდა მარშრუტს – მუმბაი-ადის აბება-ნაირობი-ბრაზავილი-ლაგოსი-აბიჯანი. აფრენიდან 20 წუთის შემდეგ ლაინერი სამმა ახალგაზრდა ეთიოპიელმა ტერორისტმა ჩაიგდო ხელში. ისინი ავსტრალიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ეძებდნენ და სწორედ ამ მიმართულებით გაფრენა მოითხოვეს. თუმცა ლაინერმა იძულებითი საავარიო დაჯდომა განახორციელა ინდოეთის ოკეანეში, კუნძულ გრანდ-კომორიდან 457 მეტრში, რადგან საწვავი გაუთავდა.
დაჯდომის შედეგად ლაინერი დაიშალა და ჩაიძირა. 175 ადამიანიდან 125 დაიღუპა (163 მგზავრი, ეკიპაჟის 12 წევრი და 3 ტერორისტი). დანარჩენი 46 ადამიანი გადარჩა, თუმცა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.

 

კომპანია „ისრაეირის“ თვითმფრინავი – რეისი 101 – ისრაელიდან ნიუ-იორკში მიფრინავდა და გაუთვალისწინებელი დაჯდომა მოუხდა პატარა აეროდრომზე კანადის ჩრდილოეთით.
როდესაც ევროპა ჩამოიტოვეს და თვითმფრინავი ატლანტის თავზე იმყოფებოდა, პილოტმა მგზავრებს აცნობა, რომ საწვავი ნიუ-იორკამდე არ ეყოფოდათ.
თვითმფრინავი ნიუ-ფაუნდლენდის კუნძულზე, გენდერის აეროპორტში დაჯდა და საწვავით დაიტვირთა. რეისმა ნიუ-იორკში სამი საათით დააგვიანა.
მგზავრები აღშფოთებულები იყვნენ, ხომ შეიძლებოდა, რომ თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდნილიყო.

 

პლანერ გიმლი (ინგ. Gimli Glider) – ავიაკომპანია Air Canada-ის ერთ-ერთი ავიალაინერის Boeing 767-233-ის არაოფიციალური სახელწოდება, რომელიც 1983 წლის 23 ივლისის შემთხვევის შედეგად მიიღო. თვითმფრინავი მონრეალი-ოტავა-ედმონტონის რეისს ასრულებდა. ფრენისას მას საწვავი გამოელია და ორივე ძრავი გაჩერდა. ლაინერი გიმლის გაუქმებულ სამხედრო აეროდრომზე დაჯდა. ბორტზე მყოფი ყველა, 69 მგზავრი გადარჩა, 10 მათგანი დაშავდა.
რეისი 143-ის პრობლემები ჯერ კიდევ მონრეალში, ხმელეთზე დაიწყო. საწვავით გაწყობა სპეციალური კომპიუტერის მართვით ხდება fuel quantity information system processor (fqis). „Fqis“ მართავს საწვავის ტუმბოებს და გამზომს. სამწუხაროდ, Fqis არასწორად მუშაობდა.
ხანმოკლე გადაფრენის შემდეგ რეისი 143 ოტავაში დაჯდა. რათა აბსოლუტურად დარწმუნებული ყოფილიყო მეთაურმა ბობ პირსონმა საწვავის ავზების შემოწმება მოითხოვა. მას აცნობეს, რომ ორ ავზში 11430 ლიტრი საწვავი იყო. ეკიპაჟმა სიმკვრივე არასწორად გამოთვალა და გამოიანგარიშეს, რომ ბორტზე 20400 კგ იყო, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ 9144 კგ ქონდათ, თითქმის ნახევარი, ვიდრე ედმონტონამდე სჭირდებოდათ.

 

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა დიდი ხნის არ არის. 2016 წლის 29 ნოემბერს დაიღუპა ბრაზილიური გუნდი „შაპეკოენსე“.
BAE Avro-ს თვითმფრინავს საწვავი გაუთავდა. მედიაში მოხვდა პილოტისა და ავიადისპეტჩერის საუბრის ჩანაწერი. დისპეტჩერი იძლევა დაჯდომის უფლებას. ჩანაწერის დასრულებამდე პილოტი აცნობებს, რომ თვითმფრინავი 2.7 კმ სიმაღლეზე მიფრინავს.
თვითმფრინავი კოლუმბიის ჩრდილოეთით, ქალაქ მედელინის სიახლოვეს, მთიან ადგილას ჩამოვარდა.
კოლუმბიური მედიასაშულებები სწორედ საწვავის დაბალ ნიშნულზე წერდნენ.
„ფრანს პრესის“ წყარომ კი განაცხადა, რომ საწვავის უკმარისობაზე ისიც მიუთითებდა, რომ თვითმფრინავში აფეთქება არ მომხდარა.
ტრაგედიის შედეგად 6 ადამიანი გადარჩა. მათ შორის სამი ფეხბურთელი. სული კი 71 მგზავრი დაიღუპა.

 

 

ეს წარმოუდგენელია
მიუხედავად ზემოჩამოთვლილი შემთხვევებისა, ქართველი სპეციალისტები ბორტზე საწვავის ნაკლებობას და მარაგის ამოწურვას არასერიოზულად აღიქვამენ და ამბობენ, რომ ასეთი რამ შეუძლებელია.
საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი იური სუხიტაშვილი:


“წარმოუდგენელია, რომ თვითმფრინავი სათანადოდ არ იყოს საწვავით აღჭურვილი. ეს არის მრავალჯერადი კონტროლის ქვეშ. თვითმფრინავის საწვავს ანგარიშობენ ზუსტად, პლუს ამასთან ერთად, თვითმფრინავში არის საერონავიგაციო სათადარიგო რაოდენობა, რომელიც ჰყოფნის თვითმფრინავს სათადარიგო აეროდრომზე წავიდეს თუ საწვავი ეწურება. თვითმფრინავში საწვავი ბოლომდე არასოდეს არ იცლება. ამიტომ ეს არის წარმოუდგენელი რამ. თუკი რაიმე ასეთი შემთხვევა ხდება, ეს არის უშუალოდ დაუდევრობა იმ პერსონალის, რომელიც ამ საქმიანობას ახროციელებს. დღევანდელ დღეს ეს მრავალჯერადი კონტროლის საქმიანობაა და არ არის ერთი კაცის გადასაწყვეტი. ამას აკონტროლებენ მიწაზე და შემდგომში ხორციელდება თვითმფრინავის აღჭურვა სათანადო საწვავით. ასეთი რამ ავიაციაში წარმოუდგენელია, რომ თვითმფრინავს საწვავი ჰაერში დაუმთავრდეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები